როგორ გახდა „ტენე“ პირველი ქართული USB კაბელი
2019 წელს გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად ქართულმა კომპანიამ „ჯინვენტორი“ გადაწყვიტა, მომხმარებლისთვის ეკომეგობრული კაბელი „ტენე“ შეეთავაზებინა.
„ტენე“ მწვანე კონცეფციის USB კაბელია, რომლის დასამზადებლად მეორადი პლასტმასის ბოთლების სახურავებს იყენებენ, შესაბამისად, მათი მიზანი გარემოს დაცვა და ენერგიის დაზოგვაა.
თავდაპირველად „ტენესთვის“ პროდუქციის წარმოება ჩინეთში ხდებოდა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა მასალების ეფექტურობის შესწავლის შემდეგ გადაწყვიტეს, ეს პროცესი საქართველოში გადმოეტანათ, რაშიც Enterprisegeorgia-ს სესხის თანადაფინანსების პროგრამა დაეხმარა.
„თავდაპირველად USB კაბელებს ჩინეთში ვბრენდავდით და ამერიკაში „ამაზონზე“ ვყიდდით, მომდევნო ეტაპზე გადავწყვიტეთ, ისინი საქართველოში ჩამოგვეტანა და ონლაინ გაგვეყიდა“ - ამბობს სანდრო ლილუაშვილი, „ტენეს“ დამფუძნებელი.
ასე გახდა „ტენე“ პირველი ქართული USB კაბელი და ამავდროულად, პირველი მწვანე USB კაბელი მსოფლიოში, რომელიც მეორადი პლასტმასას გამოყენებით იქმნება.
რამდენიმე წლის განმავლობაში „ტენეს“ კაბელები თბილისში მზადდებოდა.
2022 წლიდან კომპანიამ გადაწყვიტა, აგვისტოს ომის დაზარალებულთა მხარდასაჭერად ქარხანა წეროვანში გადაეტანა. წეროვანის ქარხანაში 30 ადამიანი დასაქმდა და წარმადობაც გაიზარდა. „ტენეს“ გუნდი მუდმივად ვითარდება და მომხმარებელს ახალ პროდუექტებს სთავაზობს.
უკრაინის მხარდასაჭერად კომპანიამ ელექტრო ველოსიპედი შექმნა, რომელიც სატერფულების დატრიალებითა და ბიჯური ძრავის მეშვეობით ელექტრო ენერგიას გამოიმუშავებს.
პლასტმასათი დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილის შესატანად, „ჯინვენტორმა“ კამპანია დაიწყო – მომხმარებელი, რომელიც შეაგროვებს პლასტმასას ბოთლებს და მათთან ჩააბარებს, საჩუქრად, „ტენეს“ ეკომეგობრულ USB კაბელს მიიღებს.
„ტენე ამჟამად რამდენიმე ახალ პროექტზე მუშაობს, რომელთა მიზანია , მყარი ნარჩენების შეგროვება-გადამუშავება. ერთ-ერთი პირველი იქნება ბოთლების უკუ-ვენდინგ აპარატი, რომელიც მოსახლეობისგან ჩაიბარებს ბოთლებს და სანაცვლოდ დაურიცხავს ქულებს“ - ამბობს სანდრო ლილუაშვილი, „ტენეს“ დამფუძნებელი.
სხვა სიახლეები
სიახლე „პლანტველისგან“ - ბიოსერტიფიცირებული, გამომშრალი მარწყვის ფანტელი
30.03.2026.16:00
მარწყვის წარმოებაში ბიო სერტიფიკატის მფლობელმა კომპანიამ „პლანტველმა“ მომხმარებელს სასარგებლო წასახემსებელი - მარწყვის ფანტელი შესთავაზა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა, მანანა ანჯაფარიძემ განუცხადა.
„ჩვენს მეურნეობასთან არის გერმანული საშრობი, თანამედროვე მაღალი ხარისხის დანადგარებითა და კარგი ინფრასტრუქტურით. გადავწყვიტეთ, მარწყვი გამოგვეშრო, სატესტოდ პირველად შარშან ვცადეთ. ტესტირების პროცესი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა: გავიარეთ ყველა კომპონენტი, გამოვავლინეთ ყველა რისკ-ფაქტორი და დავადგინეთ, სად რა იყო საჭირო. ამის შემდეგ შევქმენით სრულფასოვანი პროდუქტი, მოვახდინეთ მისი ბრენდირება და გამოვუშვით ბაზარზე. ეს არის ჩვენი ბიო სერტიფიცირებული, გერმანულ საშრობში გამომშრალი მარწყვი, ყოველგვარი დანამტის გარეშე, ფანტელის ფორმით. იგი არის სასიამოვნო და სასარგებლო წასახემსებელი, ასევე იდეალურად გამოიყენება ფაფებში, იოგურტებში და კონდიტერიაში.
სამომავლოდ, გეგმაში გვაქვს ფანტელის მასშტაბური წარმოება “, - აცხადებს მანანა ანჯაფარიძე.
კომპანიამ ოფიციალურად დაარეგისტრირა სანერგე, რაც წლის ბოლოდან ნერგის რეალიზაციის შესაძლებლობას იძლევა.
„ჩვენ ოფიციალურად დავარეგისტრირეთ სანერგე. წლების განმავლობაში თავად ვზრდიდით ბიო ნერგს მარწყვის მისაღებად, იტალიელი კონსულტანტის დახმარებით. ზოგადად, მსოფლიო მასშტაბით პრობლემაა ბიო ნერგის მიღება, ამიტომ ჩვენი ნერგი ჩვენს გამოცდილებაზე დაფუძნებით მზადდებოდა. წლების განმავლობაში დაგროვილმა პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ჩვენი ნერგი ძალიან მაღალი ხარისხისაა და ფერმერებისთვის საჭირო ყველა კომპონენტს აკმაყოფილებს, რაც მეურნეობის გაშენებისთვის მნიშვნელოვანია.
სანერგეს რეგისტრაცია მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სამომავლოდ ნერგის რეალიზაციაც მოვახდინოთ. წლევანდელ ნერგს, რომელსაც გამოვიყვანთ, უკვე იქნება სერტიფიცირებული სანერგედან. ჰექტარზე საჭიროა 50 000 ნერგი, ჩვენ კი 2 ჰექტარი გვაქვს. ნერგის გამოცვლა ხდება წელიწადში ერთხელ ან ორ წელიწადში ერთხელ, და ამ პროცესს აქამდე მხოლოდ ჩვენთვის ვახდენდით. წლის ბოლოდან კი ჩვენი ხარისხიანი და სერტიფიცირებული ნერგი სხვა მეურნეობებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება “, აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, “პლანტველის“ მეურნეობა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მისაქციელში მდებარეობს.