მაღალი გადასახადები, არაკონკურენტულ გარემოში ამყოფებს ქართულ ლოკალურ IT მარკეტს - Redberry-ს მმართველი პარტნიორი
ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელსაც ICTA ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის საერთაშორისო ასოციაცია ახელისუფლებო წრეებთან გააჟღერებს, უცხოური და ქართული IT კომპანიების ერთნაირ საგადასახადო რეჟიმში მოქცევაა.
ამ კითხით, საკუთარ პოზიციას აფიქსირებს Redberry-ს მმართველი პარტნიორი ლევან კეცხოველი.
„მაღალი გადასახადები, არაკონკურენტულ გარემოში ამყოფებს ქართულ ლოკალურ IT მარკეტს. სულ მცირე შედეგი, რაც ამ რეფორმას ექნება ისაა, რომ ქართულ კომპანიებში დასაქმებულთათვის ხელფასი გაიზრდება, რადგან საშემოსავლო გადასახადი იქნება 5%. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ასევე სექტორი არ იქნება შეზღუდვა, საერთაშორისო კომპანიაა თუ ადგილობრივი, დარგი წახალისებული იქნება“, - ამბობს ლევან კეცხოველი.
ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის საერთაშორისო ასოციაცია 2020 წელს დაარსდა, როდესაც საქართველოში IT სექტორი ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდა. საერთაშორისო კომპანიის სტატუსმა და მიმზიდველმა ბიზნეს გარემომ, საქართველო მომხიბვლელი გახადა საერთაშორისო კომპანიებისთვის, შედეგად 2023 წლის მდგომარეობით 100-მდე საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანია ოპერირებს საქართველოში, მათ შორის ასოციაციის წევრებიც.
დღევანდელი მონაცემებით ასოციაციის წევრები ასაქმებენ 7000-მდე ადამიანს საქართველოში, მათ განახორციელეს 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია და საკუთარი ძალებით გადაამზადეს 3000-მდე ახალგაზრდა ტექნოლოგიების მიმართულებით.
სხვა სიახლეები
ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგებში ქართული ბიზნეს გარემო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა - GITA-ს თავმჯდომარე
11.06.2026.13:30
საქართველო ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, დემოკრატიიდან, თავისუფლებებიდან გამომდინარე უცხოურ ტალანტებს იზიდავს, - ამის შესახებ შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GITA - ს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ სან-ფრანცისკოში, ინოვაციების ჰაბის BRID.GE ოფიციალურ გახსნაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგებში ქართული ბიზნეს გარემო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.
„მოგეხსენებათ, რომ სან-ფრანცისკო და, ზოგადად, სილიკონის ველი ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მთავარ ეპიცენტრს წარმოადგენს. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, იქ გენერალური საკონსულოთი ვართ წარმოდგენილი და, ძალიან კარგია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაინახა ამ საკონსულოს იმგვარი ტრანსფორმაციის მნიშვნელობა, რომელიც ჩვენს ეკონომიკას სწორედ ინოვაციების ხაზით დაეხმარება. გამომდინარე იქიდან, რომ სან-ფრანცისკოში აბსოლუტურად ყველა ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე საუბრობს და ინვესტიციებიც ამ მიმართულებით მიდის, ასეთ პროექტებს ბევრად მეტი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ეკონომიკაზე.
მე მქონდა პირადი შესაძლებლობა, დამსწრე საზოგადოების წინაშე ქვეყნის ინოვაციების ეკოსისტემის პრეზენტაცია გამეკეთებინა, რამაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ასეთმა პატარა ქვეყანამ ასეთ მოკლე დროში ასეთი მნიშვნელოვანი შედეგი უზრუნველყო. რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ წარმოგვედგინა ის უპირატესობები, რომლებიც საქართველოს მსოფლიო ინოვაციურ ეკოსისტემაში აქვს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის ქვეყნის საკანონმდებლო ჩარჩო და რეგულაციები. მოგეხსენებათ, რომ ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგებში ქართული ბიზნესგარემო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა და ეს მნიშვნელოვანია. მეორე ფაქტორია ტალანტი - საქართველოში ხელმისაწვდომი და, ასე ვთქვათ, ხარისხიანი კადრების არსებობა უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყანა, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, დემოკრატიიდან და, ზოგადად, თავისუფლებებიდან გამომდინარე, უცხოურ ტალანტებსაც იზიდავს.
მოგეხსენებათ, 30 000-მდე უცხოელი IT სპეციალისტი ჩვენს ქვეყანაშია და ეს მნიშვნელოვანი სიგნალია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველო ტექნოლოგიური მიმართულებით ნიჭიერ ადამიანებს იზიდავს და არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ზრდის ახალ თაობასა და სტარტაპ ეკოსისტემას. ის შედეგები, რომლებიც სტარტაპ ეკოსისტემამ ბოლო რამდენიმე წელიწადში აჩვენა - როდესაც სახელმწიფოს მიერ ჩადებულ ყოველ ლარზე კერძო სექტორმა 17-ჯერ მეტი ინვესტიცია განახორციელა და მაღალტექნოლოგიურ ბიზნესში 4 000-ზე მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნა - კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო სწორედ ის ადგილია, საითკენაც ინვესტორებმა უნდა იყურონ. ჩემს გამოსვლაში უცხოელ ინვესტორებს სწორედ ეს ვუთხარი: ახლა არის დრო, შეხედოთ საქართველოს, რადგან საუკეთესო სტარტაპები სწორედ ახლა იქმნება თბილისში. თუ ისინი დააგვიანებენ, დაკარგავენ შესაძლებლობას, ინვესტიცია განახორციელონ მომავლის ახალ, ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროექტებში. ამ სფეროშიც დიდია კონკურენცია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენს ეკოსისტემას კიდევ უფრო მეტი შედეგი ექნება“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.