Making Science Georgia-მ აქსელერაციის პროგრამის მე-10 ნაკადზე მიღება დაიწყო
Making Science Georgia-მ პროგრამული უზრუნველყოფით დაინტერესებული პირებისთვის მეათე ნაკადის მიღება დაიწყო კარიერული აქსელერაციის პროგრამაზე. პროგრამა, რომელიც წლების განმავლობაში ასეულობით დამწყები დეველოპერისთვის კარიერული ტრამპლინი გახდა, ამჯერად აქცენტს აკეთებს თანამედროვე ტექნოლოგიურ ტრენდებზე, AI-ს მიმართულებით.
აქსელერაციის პროგრამა არ არის სტანდარტული სასწავლო კურსი. ეს არის ინტენსიური, პრაქტიკული გამოცდილების მიღების უნიკალური საშუალება, სადაც მონაწილეებს რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა ეძლევათ, რაც საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობისთვისაა საჭირო.
დღეს, გლობალურ ბაზარზე ტექნოლოგიურ კადრებზე დარგის სპეციალისტების მიმართ მოთხოვნა კვლავ უპრეცედენტოდ მაღალია. ბუნებრივია, ეს ტენდენცია ბოლო წლებში საქართველოშიც მკვეთრად აისახა. მიუხედავად იმისა, რომ IT პროფესიების მიმართ ინტერესი იზრდება, ადგილობრივი ბაზარი კვლავ განიცდის კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტს, რადგან ბევრი დამწყებისთვის თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა ბარიერად რჩება.
Making Science Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა კი ხელს უწყობს ახალგაზრდებს, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. უკვე 5 წელზე მეტია, კომპანია აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის მშენებლობაში. პროგრამის მთავარი მიზანი კადრების პროფესიული ზრდა და მათი შრომის ბაზარზე ინტეგრაციაა. ამ მიზნის მიღწევას კონკრეტული სტატისტიკაც ადასტურებს: გასული 5 წლის განმავლობაში პროგრამა 600-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა, საიდანაც 480-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა რეალური სამსახურის შეთავაზება მიიღო.
რა სიახლეა მომდევნო აქსელერაციის პროგრამაში?
მეათე ნაკადი Making Science Georgia-სთვის პროგრამის განვითარების ახალ ეტაპს აღნიშნავს. 2026 წლისთვის აქსელერაცია სულ უფრო მეტად ერგება ბაზრის თანამედროვე რეალობას - განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ ინტეგრაციას განვითარების პროცესში. ამ ნაკადის მონაწილეები შიდა პროექტებზე მუშაობენ გამოცდილი მენტორების მხარდაჭერით. პროგრამის ეს საეტაპო ციკლი განსაკუთრებულია იმით, რომ ის სრულად არის ადაპტირებული AI-ზე ფოკუსირებულ დეველოპმენტთან, რაც კურსდამთავრებულებს აძლევს უნიკალურ კონკურენტულ უპირატესობას: იყვნენ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ ტექნოლოგიური ლიდერები, რომლებიც მზად არიან მრავალათასიან საერთაშორისო გუნდში ინტეგრაციისთვის.
მეათე ნაკადის ფარგლებში, აპლიკანტებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მათთვის სასურველ მიმართულებებზე, რომლებიც დღეს შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია:
თითოეულ მიმართულებას გამოცდილი მენტორები უძღვებიან, რომლებიც მონაწილეებს ეხმარებიან რთული ტექნიკური ამოცანების გადაჭრასა და პროფესიულ ზრდაში.
პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე აქვს საბაზისო ცოდნა ტექნოლოგიებში და სურს, ეს ცოდნა პრაქტიკულ, ინდუსტრიულ გამოცდილებად აქციოს. Making Science Georgia-ს მთავარი ღირებულება სწორედ დასაქმების პერსპექტივაა. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები იღებენ სერთიფიკატს, ხოლო საუკეთესო მონაწილეებს ეძლევათ შანსი გახდნენ კომპანიის გუნდის წევრები და ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში, რაც გულისხმობს მუშაობას მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან.
გარდა ტექნიკური უნარებისა, აქსელერაცია დიდ ყურადღებას უთმობს ე.წ. Soft Skills-ის განვითარებას, გუნდურ მუშაობასა და პროექტების მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიებს. სასწავლო პროცესის ნაწილია აგრეთვე მოქ ინტერვიუები - კანდიდატები გადიან ორ სიმულირებულ გასაუბრებას, რაც მათ რეალური სამსახურის მოძიებისთვის აუმჯობესებს მზაობას.
მეათე ნაკადზე მიღება 21 მარტიდან უკვე დაიწყო და აპლიკაციების მიღება 17 აპრილამდე გაგრძელდება. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ შერჩევის რამდენიმე ეტაპი. პირველ რიგში, აუცილებელია განაცხადის შევსება კომპანიის ოფიციალურ პლატფორმაზე. ამას მოჰყვება ტექნიკური ტესტირება და გასაუბრება მენტორებთან, რათა განისაზღვროს კანდიდატის მზაობა და მოტივაცია.
რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
სხვა სიახლეები
ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგებში ქართული ბიზნეს გარემო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა - GITA-ს თავმჯდომარე
11.06.2026.13:30
საქართველო ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, დემოკრატიიდან, თავისუფლებებიდან გამომდინარე უცხოურ ტალანტებს იზიდავს, - ამის შესახებ შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GITA - ს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ სან-ფრანცისკოში, ინოვაციების ჰაბის BRID.GE ოფიციალურ გახსნაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგებში ქართული ბიზნეს გარემო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.
„მოგეხსენებათ, რომ სან-ფრანცისკო და, ზოგადად, სილიკონის ველი ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მთავარ ეპიცენტრს წარმოადგენს. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, იქ გენერალური საკონსულოთი ვართ წარმოდგენილი და, ძალიან კარგია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაინახა ამ საკონსულოს იმგვარი ტრანსფორმაციის მნიშვნელობა, რომელიც ჩვენს ეკონომიკას სწორედ ინოვაციების ხაზით დაეხმარება. გამომდინარე იქიდან, რომ სან-ფრანცისკოში აბსოლუტურად ყველა ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე საუბრობს და ინვესტიციებიც ამ მიმართულებით მიდის, ასეთ პროექტებს ბევრად მეტი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ეკონომიკაზე.
მე მქონდა პირადი შესაძლებლობა, დამსწრე საზოგადოების წინაშე ქვეყნის ინოვაციების ეკოსისტემის პრეზენტაცია გამეკეთებინა, რამაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ასეთმა პატარა ქვეყანამ ასეთ მოკლე დროში ასეთი მნიშვნელოვანი შედეგი უზრუნველყო. რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ წარმოგვედგინა ის უპირატესობები, რომლებიც საქართველოს მსოფლიო ინოვაციურ ეკოსისტემაში აქვს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის ქვეყნის საკანონმდებლო ჩარჩო და რეგულაციები. მოგეხსენებათ, რომ ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგებში ქართული ბიზნესგარემო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა და ეს მნიშვნელოვანია. მეორე ფაქტორია ტალანტი - საქართველოში ხელმისაწვდომი და, ასე ვთქვათ, ხარისხიანი კადრების არსებობა უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყანა, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, დემოკრატიიდან და, ზოგადად, თავისუფლებებიდან გამომდინარე, უცხოურ ტალანტებსაც იზიდავს.
მოგეხსენებათ, 30 000-მდე უცხოელი IT სპეციალისტი ჩვენს ქვეყანაშია და ეს მნიშვნელოვანი სიგნალია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველო ტექნოლოგიური მიმართულებით ნიჭიერ ადამიანებს იზიდავს და არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ზრდის ახალ თაობასა და სტარტაპ ეკოსისტემას. ის შედეგები, რომლებიც სტარტაპ ეკოსისტემამ ბოლო რამდენიმე წელიწადში აჩვენა - როდესაც სახელმწიფოს მიერ ჩადებულ ყოველ ლარზე კერძო სექტორმა 17-ჯერ მეტი ინვესტიცია განახორციელა და მაღალტექნოლოგიურ ბიზნესში 4 000-ზე მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნა - კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო სწორედ ის ადგილია, საითკენაც ინვესტორებმა უნდა იყურონ. ჩემს გამოსვლაში უცხოელ ინვესტორებს სწორედ ეს ვუთხარი: ახლა არის დრო, შეხედოთ საქართველოს, რადგან საუკეთესო სტარტაპები სწორედ ახლა იქმნება თბილისში. თუ ისინი დააგვიანებენ, დაკარგავენ შესაძლებლობას, ინვესტიცია განახორციელონ მომავლის ახალ, ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროექტებში. ამ სფეროშიც დიდია კონკურენცია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენს ეკოსისტემას კიდევ უფრო მეტი შედეგი ექნება“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.