საქართველო, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, ინოვაციური მიმართულებით პარტნიორობას აძლიერებს
საქართველოს, უნგრეთის, ხორვატიისა და პოლონეთის ინოვაციების სააგენტოების ხელმძღვანელი პირები ინოვაციური მიმართულებით პარტნიორობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში CONNEXIONS – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამიტში, სადაც მიწვეული იყო სპიკერად სამთავრობო პანელში თემაზე მთავრობის სტრატეგიები ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განსავითარებლად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
პანელის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს ინოვაციური ეკოსისტემის მხარდამჭერი დაფინანსების მექანიზმები და სტრატეგიული მიმართულებების ჰარმონიზაცია, რაც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური სექტორის სწრაფ განვითარებას რეგიონში. პანელი წარმოადგენდა მრავალსექტორულ დიალოგს, სადაც განხილული იყო პოლიტიკის, კაპიტალის, ინფრასტრუქტურისა და ტალანტების განვითარების საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების სამინისტროს ინოვაციების საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უნგრეთის ინოვაციების სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორთან ლასლო ბოდისთან, უნგრეთის ინოვაციების სააგენტოს ოპერაციების დირექტორთან რობერტ სომოჯისთან და უნგრეთის ეროვნული კვლევების, განვითარებისა და ინოვაციების ოფისის თავმჯდომარის მოადგილესთან ლასლო ლენგიელთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნების ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების გამოწვევები და შესაძლებლობები, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები ინოვაციების სფეროში.
სხვა სიახლეები
ICTA-დან The Tech Association-მდე - ახალი ინსტიტუციური ეტაპი საქართველოს ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში
23.05.2026.16:02
საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემა ახალ ინსტიტუციურ ფაზაში შედის.
ICTA-ს განვითარების გაგრძელებად შეიქმნა ახალი პლატფორმა - The Tech Association, რომელიც პირველად აერთიანებს ICT-ს, FinTech-ს, ციფრულ ბანკინგს, VASP სექტორსა და ტექ-განათლებას ერთ ეკოსისტემაში.
ბოლო წლებში საქართველოს ტექნოლოგიური ინდუსტრია მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ ადრე სექტორი უფრო ფრაგმენტულად ვითარდებოდა, ICTA-მ მას ინსტიტუციური ჩარჩო და უფრო ძლიერი წარმომადგენლობა შესძინა. თუმცა ეკოსისტემის ზრდასთან ერთად გაჩნდა საჭიროება უფრო ინტეგრირებული მიდგომის.
ტრადიციული ICT-ის პარალელურად სწრაფად განვითარდა FinTech, ციფრული ბანკინგი, ვირტუალური აქტივების სექტორი და ტექნოლოგიური განათლება. მიუხედავად საერთო განვითარების ლოგიკისა, ამ მიმართულებებს შორის თანამშრომლობა ხშირად ფრაგმენტული და არა სისტემური იყო.
The Tech Association სწორედ ამ საჭიროებას პასუხობს. მისი მიზანია ტექნოლოგიური და ფინანსური სექტორების ერთიან პლატფორმაზე გაერთიანება, უკეთესი კოორდინაცია და განვითარების საერთო მიმართულების ჩამოყალიბება.
"ქართული ტექ-ეკოსისტემა მზადაა შემდეგი ნაბიჯისთვის. The Tech Association სწორედ ამ ნაბიჯის ინსტიტუციური გამოხატულებაა," - თორნიკე სულაბერიძე, საბჭოს თავმჯდომარე
ასოციაციის საქმიანობა მოიცავს სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, საერთაშორისო ეკოსისტემებთან ინტეგრაციას, რეგულაციურ პროცესებში ერთობლივ ჩართულობას და ტალანტების განვითარების მხარდაჭერას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს, როგორც რეგიონული ტექნოლოგიური ჰაბის, პოზიციონირების გაძლიერებას.
აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება ტექ-განათლება.
"ტექ-განათლება წარმოადგენს ტექნოლოგიური ეკოსისტემის საფუძველს. მისი ეფექტიანობა პირდაპირ არის დამოკიდებული ბაზრის რეალურ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. The Tech Association-ის კონტექსტში მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო გარემოს განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს კვალიფიციური, პრაქტიკაზე ორიენტირებული ტალანტის მომზადებას და მის ინტეგრაციას ინდუსტრიაში,"- ტექნოლოგიების ასოციაციის დამფუძნებელი, გიორგი მარიამიძე
ბოლო წლებში საქართველო რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ ჰაბად ყალიბდება. The Tech Association ამ პროცესის გაგრძელებაა. ერთიანი პლატფორმა, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიურ, ფინანსურ და საგანმანათლებლო ეკოსისტემას აერთიანებს.