ვახტანგ აბაშიძე პარლამენტში მომხმარებელთა დაცვის შესახებ მოხსენებით წარდგა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ, „მომხმარებლების უფლებების დაცვის შესახებ“ ევროპასთან ინტეგრაციის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ComCom-ის პროექტების შესახებ მოხსენება წარადგინა: „კომუნიკაციების კომისიის ყველა პროექტი მომხმარებლების ინტერესებზეა ორიენტირებული, შესაბამისად, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია მომხმარებლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, როგორც სატელეკომუნიკაციო სერვისების განვითარების, ისე მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის კუთხით.“ - განაცხადა მან.
მოხსენების ფარგლებში, ვახტანგ აბაშიძემ მომხმარებელთა საჩივრების 2024 წლის სტატისტიკა მიმოიხილა. კერძოდ, მისი თქმით, გასულ წელს ComCom-თან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში, ბოლო წლებთან შედარებით, ყველზე მეტი - 2959 განცხადება და საჩივარი შევიდა, საიდანაც უმრავლესობა ინტერნეტ სივრცეში დაუშვებელი პროდუქტის განთავსებას, ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის დაზიანებას, ასევე, მომსახურების შეზღუდვა/შეწყვეტის პირობებს, და უხარისხო ინტერნეტთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა. ამასთან, ComCom-ის წევრმა ხაზი გაუსვა, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა გასულ წელს 125 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს მათი უფლებების დაცვის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. მისივე თქმით, მაღალია მომართვიანობა ComCom-ის სოციალურ პლატფორმებზეც, სადაც გასულ წელს 600 შეტყობინება შემოვიდა, უმეტესად სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ხარისხსა და მედიაწიგნიერების პროექტების შესახებ, რომლებზეც კომისია ოპერატიულ რეჟიმში რეაგირებდა.
სიტყვით გამოსვლისას ComCom-ის წევრმა ისაუბრა პროექტ Sheamotsme.ge-ზეც, რომელიც მისი განცხადებით სწორედ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით არის შექმნილი და მათ აძლევს შესაძლებლობას გაზომონ ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი. მისი თქმით, პლატფორმის ჩაშვების დღიდან, ვებ-გვერდს სულ 806 200 მომხმარებელი ჰყავდა.
ვახტანგ აბაშიძემ დამსწრე საზოგადოების ყურადღება ასევე გაამახვილა ქვეყნის ინტერნეტიზაციის მიზნით მიმდინარე პროექტ „Log-in Georgia”-ზეც და აღნიშნა, რომ პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით 2020 წლიდან ხორციელდება. მისივე თქმით, კომპანია „ოუფენ ნეტმა“ ComCom-ის მხარდაჭერით უკვე 1300 კილომეტრიანი ოპტიკური მაგისტრალი ააშენა, რაც 150,000 მოსახლეს ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, ComCom-ის წევრმა აღნიშნა, რომ გასულ წელს დამატებით აეგო 500 კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც 30 000-ზე მეტი მოსახლის ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობას გულისხმობს, ხოლო პროექტის მთლიანი მოცულობა 5000 კილომეტრის მშენებლობას და 500,000 მოსახლეს ითვალისწინებს.
ვახტანგ აბაშიძემ ასევე ისაუბრა ComCom-ის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამაზე“ და აღნიშნა, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების სწავლების მიზნით, გასულ წელს ცაგერის, ლენტეხის, ზუგდიდის, აბაშისა და ხობის 65 სამიზნე სოფელში 200-ზე მეტი სემინარი ჩატარდა და 2700 ბენეფიციარი სრულიად უფასოდ გადამზადდა.
კომიტეტის ფარგლებში ვახტანგ აბაშიძემ ასევე მედიაწიგნიერების პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ 2019-2024 წლებში, ComCom-მა მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების, ასევე კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარების მიზნით, 16,200 მოსწავლე, 6,000 მასწავლებელი და 1,800 სტუდენტი გადაამზადა. ამასთან, აღნიშნა, რომ სულ ჩატარდა 980 სემინარი და საინფორმაციო შეხვედრა, ხოლო საერთო ჯამში, მედიაწიგნიერების პროექტებისა და პროგრამების მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობამ 30,200 შეადგინა.
გარდა ამისა, ComCom-ის წევრმა ისაუბრა კომპლექსურ კვლევაზე, რომელიც ComCom-ის მიერ განხორციელებული საქართველოს ტელეკომ სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევაა. მისი განცხადებით, პროექტის ფარგლებში შეფასდა როგორც მობილურ ისე ფიქსირებულ ბაზრებზე არსებული გარემო და დადგინდა, რომ ბაზარი არაკონკურენტულია და საჭიროებს წინასწარ რეგულაციას. ვახტანგ აბაშიძის განმარტებით, აღნიშნულ ბაზრებზე დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი, რომელსაც კომისიამ კვლევაზე დაყრდნობით სპეციფიკური ვალდებულებები განუსაზღვრა, რის შედეგადაც მსურველ კომპანიებს მიეცათ ბაზარზე შესვლის შესაძლებლობა, რაც გაზრდის კონკურენციას და მომხმარებლებისთვის მრავალფეროვან არჩევანსა და ხელსაყრელ პირობებს შექმნის.
ვახტანგ აბაშიძემ ასევე ComCom-ის მიერ 5G-ის დასანერგად გამოცხადებული აუქციონები მიმოიხილა, რომლის ფარგლებშიც, თავდაპირველად „სელფი მობაილმა“ ხოლო შემდგომ „მაგთიკომმა“ გაიმარჯვეს და ორივე ოპერატორმა მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის ინტერნეტ მომსახურების დანერგვა შეძლეს.
სიტყვით გამოსვლის ბოლოს, კომისიის წევრმა აღნიშნა, რომ ComCom-მა ევროპული აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების დირექტივასთან დაახლოების მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აუდიოვიზუალური პროდუქციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული რეგულაციები დაამტკიცა, რომელიც მედიამომსახურების მიმწოდებლებს ავალდებულებს პროგრესირებადად ხელმისაწვდომი გახადონ თავიანთი პროდუქცია შშმ პირთათვის, რაც სუბტიტრების, ჟესტური ენისა და აუდიო დესკრიფციის დანერგვას გულისხმობს. ამასთან, ვახტანგ აბაშიძის თქმით, შემუშავდა ონლაინ პორტალის ფუნქციონირების წესი, რომლის მეშვეობითაც შშმ პირები საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში საჩივრის წარდგენას სპეციალურად მათთვის ადაპტირებული პორტალის მეშვეობით შეძლებენ.
სხდომაზე განხილული იყო მომხმარებლის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მიმართვიანობის ტენდენცია, სტატისტიკა, აღსრულების პრობლემები, მნიშვნელოვანი მიღწევები და მდგომარეობის გაუმჯობესების სამომავლო ხედვა.
სხვა სიახლეები
Making Science Georgia-მ აქსელერაციის პროგრამის მე-10 ნაკადზე მიღება დაიწყო
30.03.2026.10:00
Making Science Georgia-მ პროგრამული უზრუნველყოფით დაინტერესებული პირებისთვის მეათე ნაკადის მიღება დაიწყო კარიერული აქსელერაციის პროგრამაზე. პროგრამა, რომელიც წლების განმავლობაში ასეულობით დამწყები დეველოპერისთვის კარიერული ტრამპლინი გახდა, ამჯერად აქცენტს აკეთებს თანამედროვე ტექნოლოგიურ ტრენდებზე, AI-ს მიმართულებით.
აქსელერაციის პროგრამა არ არის სტანდარტული სასწავლო კურსი. ეს არის ინტენსიური, პრაქტიკული გამოცდილების მიღების უნიკალური საშუალება, სადაც მონაწილეებს რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა ეძლევათ, რაც საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობისთვისაა საჭირო.
დღეს, გლობალურ ბაზარზე ტექნოლოგიურ კადრებზე დარგის სპეციალისტების მიმართ მოთხოვნა კვლავ უპრეცედენტოდ მაღალია. ბუნებრივია, ეს ტენდენცია ბოლო წლებში საქართველოშიც მკვეთრად აისახა. მიუხედავად იმისა, რომ IT პროფესიების მიმართ ინტერესი იზრდება, ადგილობრივი ბაზარი კვლავ განიცდის კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტს, რადგან ბევრი დამწყებისთვის თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა ბარიერად რჩება.
Making Science Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა კი ხელს უწყობს ახალგაზრდებს, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. უკვე 5 წელზე მეტია, კომპანია აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის მშენებლობაში. პროგრამის მთავარი მიზანი კადრების პროფესიული ზრდა და მათი შრომის ბაზარზე ინტეგრაციაა. ამ მიზნის მიღწევას კონკრეტული სტატისტიკაც ადასტურებს: გასული 5 წლის განმავლობაში პროგრამა 600-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა, საიდანაც 480-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა რეალური სამსახურის შეთავაზება მიიღო.
რა სიახლეა მომდევნო აქსელერაციის პროგრამაში?
მეათე ნაკადი Making Science Georgia-სთვის პროგრამის განვითარების ახალ ეტაპს აღნიშნავს. 2026 წლისთვის აქსელერაცია სულ უფრო მეტად ერგება ბაზრის თანამედროვე რეალობას - განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ ინტეგრაციას განვითარების პროცესში. ამ ნაკადის მონაწილეები შიდა პროექტებზე მუშაობენ გამოცდილი მენტორების მხარდაჭერით. პროგრამის ეს საეტაპო ციკლი განსაკუთრებულია იმით, რომ ის სრულად არის ადაპტირებული AI-ზე ფოკუსირებულ დეველოპმენტთან, რაც კურსდამთავრებულებს აძლევს უნიკალურ კონკურენტულ უპირატესობას: იყვნენ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ ტექნოლოგიური ლიდერები, რომლებიც მზად არიან მრავალათასიან საერთაშორისო გუნდში ინტეგრაციისთვის.
მეათე ნაკადის ფარგლებში, აპლიკანტებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მათთვის სასურველ მიმართულებებზე, რომლებიც დღეს შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია:
თითოეულ მიმართულებას გამოცდილი მენტორები უძღვებიან, რომლებიც მონაწილეებს ეხმარებიან რთული ტექნიკური ამოცანების გადაჭრასა და პროფესიულ ზრდაში.
პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე აქვს საბაზისო ცოდნა ტექნოლოგიებში და სურს, ეს ცოდნა პრაქტიკულ, ინდუსტრიულ გამოცდილებად აქციოს. Making Science Georgia-ს მთავარი ღირებულება სწორედ დასაქმების პერსპექტივაა. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები იღებენ სერთიფიკატს, ხოლო საუკეთესო მონაწილეებს ეძლევათ შანსი გახდნენ კომპანიის გუნდის წევრები და ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში, რაც გულისხმობს მუშაობას მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან.
გარდა ტექნიკური უნარებისა, აქსელერაცია დიდ ყურადღებას უთმობს ე.წ. Soft Skills-ის განვითარებას, გუნდურ მუშაობასა და პროექტების მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიებს. სასწავლო პროცესის ნაწილია აგრეთვე მოქ ინტერვიუები - კანდიდატები გადიან ორ სიმულირებულ გასაუბრებას, რაც მათ რეალური სამსახურის მოძიებისთვის აუმჯობესებს მზაობას.
მეათე ნაკადზე მიღება 21 მარტიდან უკვე დაიწყო და აპლიკაციების მიღება 17 აპრილამდე გაგრძელდება. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ შერჩევის რამდენიმე ეტაპი. პირველ რიგში, აუცილებელია განაცხადის შევსება კომპანიის ოფიციალურ პლატფორმაზე. ამას მოჰყვება ტექნიკური ტესტირება და გასაუბრება მენტორებთან, რათა განისაზღვროს კანდიდატის მზაობა და მოტივაცია.
რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: