2025 წელი ტურიზმის სექტორისთვის ძალიან საინტერესო იყო იმ კუთხით, რომ რამდენიმე ახალი ავიაკომპანია დაემატა საქართველოს საავიაციო ბაზარს - Voyager-ის დირექტორი
2025 წელი ტურიზმის სექტორისთვის ძალიან საინტერესო იყო იმ კუთხით, რომ რამდენიმე ახალი ავიაკომპანია დაემატა საქართველოს საავიაციო ბაზარს, – ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან 2025 წლის ტურიზმის სტატისტიკის შეფასებისას კომპანია Voyager-ის დირექტორმა სოფო აზარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ავიაკომპანიების მატება და პირდაპირი რეისების არსებობა ხელს უწყობს უფრო მეტ მოგზაურობას კონკრეტული ქვეყნებიდან.
„პლუს გაიხსნა ბევრი ბუტიკური ტიპის სასტუმრო და, შესაბამისად, წლიდან წლამდე ტურიზმის სექტორი ძალიან ვითარდება და ეს ყველაფერი ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის, კერძო სექტორისთვის“, – განმარტავს აზარაშვილი.
Voyager-ის დირექტორი აღნიშნავს, რომ 2025 წელი წარმატებული იყო Voyager-ისთვისაც, რომელიც საქართველოში ხუთი უცხოური ავიაკომპანიის წარმომადგენელია (GSA).
„ჩვენი კომპანიისთვის 2025 წელი ძალიან წარმატებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის განმავლობაში პრაქტიკულად ორი თვე შეჩერებული იყო ბევრი რეისი შუა აღმოსავლეთის ომის გამო და ხალხი მოგზაურობისგან თავს იკავებდა. ამის მიუხედავად, 2025 წელი Voyager-მა ძალიან წარმატებით დახურა და 2024 წელთან შედარებით 15%-იანი ზრდა გვაქვს. აქვე საინტერესოა ისიც, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ძალიან აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს აწარმოებს სხვადასხვა ახალ ბაზრებზე, მაგალითად ჩინეთში, რათა მოხდეს ჩვენი ქვეყნისთვის ბაზრების დივერსიფიკაცია.
2026 წელს ვფიქრობ, რომ იმდენად ბევრი გამოფენა არის დაგეგმილი სხვადასხვა ბაზრებზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან, კერძო სექტორის მონაწილეობით, რომ 2026 წელსაც ველოდები ბევრად უფრო კარგ ციფრებს და მეტ ზრდას.
2026 წელს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება, რომ ვინაიდან ძირითადად გალფის ქვეყნებსა და ინდოეთზე ვართ ორიენტირებულები, ჩვენი სამიზნე ბაზრები კიდევ უფრო დავადივერსიფიციროთ და უკვე წელს დავკონცენტრირდებით ჩინეთსა და ისრაელზე“, – აცხადებს Voyager-ის დირექტორი სოფო აზარაშვილი.
სხვა სიახლეები
მსოფლიო დონის გასტრონომიული ექსპერტები და გავლენიანი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
13.08.2026.16:24
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და „გასტროტურის“ მოწვევით, საქართველოს მსოფლიოში აღიარებული გასტრონომიული ექსპერტები, Michelin Guide-ის, Forbes-ის, The World's 50 Best-ის ჟურნალისტები, კულინარიული მკვლევრები, დოკუმენტალისტები, ინფლუენსერები და შეფ-მზარეულები ეწვივნენ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურის ფარგლებში სტუმრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვივნენ, გაეცნენ ადგილობრივ პროდუქტებს, ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციებს, რეგიონულ კულინარიასა და თანამედროვე ქართულ გასტრონომიულ ტენდენციებს. სპეციალურად სტუმრებისთვის გაიმართა ქართული კერძების მასტერკლასები და ღვინის დეგუსტაცია.
ტურის მიზანია საქართველოს, როგორც გლობალური გასტრონომიული დანიშნულების ადგილის წარმოჩენა, ქართული კულინარიული მემკვიდრეობის, თანამედროვე სამზარეულოს, ქართული მეღვინეობისა და ადგილობრივი პროდუქტების პოპულარიზაცია მსოფლიოს წამყვან მედიაპლატფორმებზე.