2025 წელი ტურიზმის სექტორისთვის წარმატებული იყო - ცოტნე მიროტაძე
კომპანია „კაზინ DMC“-ის წარმომადგენელი, ცოტნე მიროტაძე, მიიჩნევს, რომ გასული წელი საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვანი ზრდისა და პოზიტიური დინამიკის წლად შეიძლება შეფასდეს. მისი განცხადებით, გაზრდილი ტურისტული ნაკადები, ბაზრების ეტაპობრივი დივერსიფიკაცია და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა დადებითად აისახა სექტორის განვითარების ტემპზე.
ცოტნე მიროტაძეს თქმით, კონკრეტული სეგმენტისთვის, ზამთრის სეზონი განსაკუთრებით მიმზიდველია. „ზამთრის სეზონი, რა თქმა უნდა, კარგია სოლო მოგზაურობისთვის, ასევე მათთვის, ვინც ოჯახთან ერთად მოგზაურობას გეგმავს.“
რაც შეეხება MICE ტურიზმს, მიროტაძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით მოთხოვნა, წლის დასაწყისში, ზამთრის კურორტებთან შედარებით, დაბალია, 2026 წლისადმი საერთო მოლოდინები პოზიტიურია. მისი თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში საქმიანი შეხვედრებსა და კონფერენციებზე მოთხოვნა, ტრადიციულად დაბალია, საერთო სურათი მაინც იმედისმომცემია. ჩვენ უკვე ვხედავთ ინტერესის ზრდას მომავალი კვარტლების მიმართ, რაც გვაძლევს საფუძველს, რომ 2026 წელი პოზიტიურად შევაფასოთ“.
მიროტაძე სექტორის პოზიტიურ დინამიკას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ მარკეტინგული კამპანიებსა და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას უკავშირებს.
„მოლოდინი გვაქვს, რომ ეს წელიც წარმატებული იქნება, რადგან, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთობლივი მუშაობით, ბევრი მარკეტინგული კამპანია განვახორციელეთ, ვგეგმავთ ბევრ გამოფენაში მონაწილეობას. რაც შედეგს აუცილებლად გამოიღებს“ - აღნიშნავს იგი.
ტურიზმის სექტორის პოზიტიური დინამიკა ასახულია ოფიციალურ მონაცემებშიც: საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია. რეკორდულია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც, რომელიც 6.0%-ით გაიზარდა და 4,690.2 მლნ აშშ. დოლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
Emotions are Georgia – China Roadshow – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის როუდშოუები და სარეკლამო კამპანია ჩინეთში
24.10.2026.13:44
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებში პეკინში, შანხაიში, გუანჯოუსა და ჩენგდუში როუდშოუები „Emotions are Georgia – China Roadshow 2026“ მიმდინარეობს.
ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის საქართველოს შესახებ ვრცელი პრეზენტაციები ტარდება. ჩინელი ჟურნალისტები, ინფლუენსერები და ბლოგერები ეცნობიან საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.
პარალელურად პეკინის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერები განთავსდა.
ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში ადგილობრივები და ქალაქის სტუმრები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, კურორტებსა და უნიკალურ ბუნებას ეცნობიან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური კამპანიის მთავარ მიზანს ჩინეთის სტრატეგიულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდა, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და ჩინეთიდან ტურისტული ნაკადის მოზიდვაა.