2025 წელს ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა ყველა წამყვანი ევროპული ქვეყნიდან, რაც საქართველოს მზარდ პოპულარობას უსვამს ხაზს - TBC Capital
2025 წლის ტურიზმის სექტორის განახლებას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც 2025 წლის პირველ ცხრა თვეში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 5.6%-ით გაიზარდა და 5.36 მილიონს მიაღწია. ვიზიტორთა რაოდენობით პირველ ადგილებს იკავებენ საქართველოს მეზობელი ქვეყნები და ისრაელი. მთლიანობაში ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო მეოთხე ადგილს იკავებს, და უსწრებს აზერბაიჯანსა და ისრაელს. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია რომ 2025 წლის პირველ 9 თვეში საქართველომ უცხოური მოგზაურობიდან 3,638 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, რაც 5.1%-იანი წლიური ზრდაა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ ცხრა თვეში რუსეთიდან მიღებული შემოსავალი 17%-ით შემცირდა, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოსგან კი 13%-ით გაიზარდა. თურქეთიდან შემოსავალი 5%-ით შემცირდა, ხოლო მეოთხე ადგილზე მყოფი ისრაელიდან შემოსავალი 33%-ით გაიზარდა და 430 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ოდნავ ნაკლებია თურქეთიდან მიღებულ შემოსავალზე.
,,2025 წელს ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა ყველა წამყვანი ევროპული ქვეყნიდან, რაც საქართველოს მზარდ პოპულარობას უსვამს ხაზს", - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
2025 წლის პირველ ცხრა თვეში მაღალ ბიუჯეტიან სასტუმროებში დატვირთულობის საშუალო დონე 62%-ს შეადგენდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით მეტია. სასტუმროს ნომრის საშუალო ღირებულება 134 აშშ დოლარი იყო, რაც მცირე წლიურ კლებას აჩვენებს.
თიბისი ბანკის არხების საშუალებით განხორციელებული უნაღდო ტრანზაქციები აჩვენებს, რომ 2025 წლის მესამე კვარტალში არარეზიდენტები სასტუმროებში დაახლოებით სამჯერ, ხოლო რესტორნებში ოთხჯერ მეტს ხარჯავდნენ, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობა.
სხვა სიახლეები
ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წლის აგვისტოში წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და $695 მილიონი შეადგინა - Galt & Taggart
05.10.2026.08:10
Galt & Taggart-ი თვის განახლებულ ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს. ანგარიშში მიმოხილულია მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები.
,,საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდა 2026 წლის აგვისტოში წლიურად 6.3%-მდე შენელდა, ივლისში დაფიქსირებული 8.0%-დან. მიუხედავად ამისა, 2026 წლის 8 თვის საშუალო ზრდა კვლავ მაღალი, 7.6%-ია. აგვისტოში ეკონომიკურ ზრდას ძირითადად ხელი შეუწყო დამამუშავებელმა მრეწველობამ, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა (ICT), ფინანსურმა მომსახურებებმა, უძრავი ქონების სექტორმა, ვაჭრობამ და ტრანსპორტმა, მაშინ როდესაც მშენებლობის სექტორში კლება დაფიქსირდა. ჩვენ ვინარჩუნებთ საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზს და 2026 წელს 7.5%-იან ზრდას ველით.
მომდევნო თვეებში გაცვლითი კურსის სტაბილურობას ველოდებით. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს კურსი საშუალოდ 2.65 GEL/USD იქნება.
2026 წლის 9 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ზედიზედ მესამე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-ზე უცვლელად დატოვა. სებ-ის შეფასებით, ინფლაცია კვლავ ძირითადად მიწოდების მხრიდან მომდინარე ფაქტორებით არის განპირობებული, რაც ენერგომატარებლებისა და საერთაშორისო სურსათის ფასების ზრდას ასახავს, მაშინ როდესაც საბაზისო ინფლაციური წნეხი კვლავ შეზღუდულია. სებ-მა მიუთითა, რომ თუ აღნიშნული შოკი ინფლაციურ მოლოდინებზე ზეწოლას მოახდენს, შესაძლოა განაკვეთის ზომიერი ზრდა გახდეს საჭირო, ხოლო შოკის გავლენის შემცირების შემდეგ მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზება დაიწყება. გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებისა და საპროცენტო განაკვეთის დიფერენციალის შესაბამის დონეზე შენარჩუნების აუცილებლობის გათვალისწინებით, 2026 წლის განმავლობაში 25 საბაზისო პუნქტით განაკვეთის ზრდის შესაძლებლობას არ გამოვრიცხავთ.
ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წლის აგვისტოში წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და 695 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2026 წლის პირველ 8 თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 1.6%-იანი ზრდაა. 2026 წელს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს 4.9 მლრდ აშშ დოლარის დონეზე ვპროგნოზირებთ.
საქართველოს მიმდინარე ანგარიშის (CA) დეფიციტი 2026 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად შემცირდა და მშპ-ის 2.5% შეადგინა. გაუმჯობესებაში წვლილი შეიტანა მიმდინარე ანგარიშის ყველა ძირითადმა კომპონენტმა.
ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 1.9%-ს შეადგენს", - აღნიშნულია ანგარიშში.