2026 წლის პირველ კვარტალში დიდი ბრენდული სასტუმროების მაჩვენებლებიც გაუმჯობესდა - საშუალო დატვირთულობა 51%-ს შეადგენდა | TBC Capital
TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას აქვეყნებს. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1.17 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, რაც წლიურად 0.2%-იანი კლებაა. ტურისტული ვიზიტები 4%-ით გაიზარდა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტები 19%-ით შემცირდა, რაც ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან, სომხეთიდან (-11.2%) და აზერბაიჯანიდან (-8.1%), ნაკადების შესუსტებით არის განპირობებული.
აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ვიზიტორთა ნაკადების შესუსტების მიუხედავად, ტურისტულ შემოსავლებზე მთავარი ზეწოლა რუსეთმა და ისრაელმა გამოიწვია (შესაბამისად, -12% და -13% წ/წ). ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა აისახა ისრაელთან დაკავშირებულ მაჩვენებლებში, შემოსავლებთან ერთად, ვიზიტებიც შემცირდა 17.5%-ით წლიურად.
ეს კლება დააბალანსა ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს (+36%), თურქეთის (+12%) და უკრაინის (+34%) შემოსავლების ზრდამ, რამაც მთლიანი ტურისტული შემოსავალი 830 მლნ. აშშ დოლარამდე გაზარდა (+0.5% წლიურად). მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო ვიზიტების რაოდენობით მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს, ის შემოსავლის უმსხვილეს წყაროდ რჩება (141 მლნ. აშშ დოლარი), რაც მეზობელ ბაზრებთან შედარებით ვიზიტორზე გაცილებით მაღალ საშუალო დანახარჯზე მიუთითებს.
2026 წლის პირველ კვარტალში დიდი ბრენდული სასტუმროების მაჩვენებლებიც გაუმჯობესდა. საშუალო დატვირთულობა 51%-ს შეადგენდა, რაც წლიურად 6 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო სასტუმროს ნომრის საშუალო ღირებულება (ADR) 129 აშშ დოლარამდე გაიზარდა (+10% წ/წ). ADR კვარტლის სამივე თვეში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდზე მაღალი იყო.
სხვა სიახლეები
კომბინირებული შეთავაზებები ბევრად მეტ ეფექტს იძლევა, ტურისტული პროდუქტები უნდა იყოს მრავალფეროვანი - ნატა კვაჭანტირაძე
28.05.2026.10:40
საქართველოსთვის კულტურული ტურიზმი ყოველთვის იყო და რჩება უმთავრეს პრიორიტეტად, რომელიც სათავგადასავლო ტურიზმთან ერთად, სტატისტიკურ მონაცემებში მუდმივად პირველ ადგილს იკავებს, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატა კვაჭანტირაძე, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
ნატა კვაჭანტირაძის განცხადებით, პანდემიის შემდეგ ტურისტების მოთხოვნები შეიცვალა და განსაკუთრებული აქცენტი გამოცდილებით ტურიზმზე კეთდება.
„სტატისტიკურ მონაცემებში პირველ ადგილს მუდმივად იკავებს როგორც კულტურული, ისე სათავგადასავლო ტურიზმი. თუმცა, პანდემიამ გარკვეულწილად შეცვალა ტურისტების მოთხოვნები. შესაბამისად, დღეს ძალიან დიდი აქცენტი კეთდება ახალ მიმართულებაზე - არის გამოცდილებითი ტურიზმი. იგი გულისხმობს მოგზაურების პირდაპირ შემხებლობას ქვეყნის მოქალაქეებთან და სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებთან. თავისთავად, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან.
გვაქვს ძალიან კარგი მაგალითები ღვინისა და ეკოტურიზმის მიმართულებით, თუმცა ამ პროდუქტებს კიდევ უფრო მეტი გამრავალფეროვნება სჭირდება. ხშირად აღვნიშნავთ, რომ კომბინირებული შეთავაზებები ბევრად მეტ ეფექტს იძლევა. თუნდაც მაშინ, როცა კულტურულ ტურიზმზე ვსაუბრობთ, აუცილებელია სხვადასხვა მიმართულების კომბინაცია. ტურისტული პროდუქტები უნდა იყოს მრავალფეროვანი, რათა ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ. ჩვენი მრავალფეროვნება, როგორც ბიომრავალფეროვნების, ისე კულტურისა და ისტორიის ჭრილში, შეთავაზებების ნაწილში ბევრად უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს სტუმრებისთვის“, - აღნიშნა საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ.