2028 წელს ექსპლუატაციაში შევა როგორც მესტიის, ასევე თელავის ახალი აეროპორტი - ირაკლი კობახიძე
2025-2026 წლებში საავიაციო ბაზარს 10-ზე მეტი ახალი ავიაკომპანია და ავიამიმართულება შეემატა. გასული წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული ავიაციის სექტორისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამივე საერთაშორისო აეროპორტი ჯამურად 8,5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც არის 14-პროცენტიანი ზრდა წინა წელთან შედარებით.
„რეისების რაოდენობა გაიზარდა კონკრეტულად 16 პროცენტით. ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი და მინდა აღვნიშნო, რომ ვადაზე ადრე შევა ექსპლუატაციაში ქუთაისის აეროპორტის ახალი 3,5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სხვა სააეროდრომო ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც ქუთაისის აეროპორტის რესურსები მნიშვნელოვნად გაძლიერდება. ქუთაისი მოემსახურება ასევე დიდი ზომის საჰაერო ხომალდებს, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ასევე ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდა კომპანია „ტავთან". გვქონდა წარმატებული მოლაპარაკებები, მადლობა ეკონომიკის სამინისტროს ამისათვის, ამ მოლაპარაკების შედეგად ჩვენ მოვიზიდეთ დამატებით 150 მილიონი ლარის ინვესტიცია და ამ ინვესტიციის შედეგად, გაორმაგდება მგზავრთა გამტარუნარიანობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გაიზრდება 10 მილიონ მგზავრამდე. ასევე წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად გაუმჯობესდა შემოსავლების მიღების პირობები სახელმწიფოსთვის და სახელმწიფოს ყოველწლიური შემოსავალი წინა ხელშეკრულებასთან შედარებით, გაიზრდება 3,5-ჯერ, რაც ნიშნავს 5 წლის განმავლობაში ათეულობით მილიონ ლარს დამატებით სახელმწიფოს სასარგებლოდ. მადლობა ამისთვის შესაბამის პირებს, ვინც იყო ჩართული მოლაპარაკებებში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, თელავის და მესტიის აეროპორტების მშენებლობა აქტიურად არის განხორციელების ფაზაში.
„2028 წელს ექსპლუატაციაში შევა როგორც მესტიის, ასევე თელავის ახალი აეროპორტი, რომელიც არსებითად შიდა საავიაციო მიმოსვლისთვის იქნება გამოყენებული. ორივე პროექტის განხორციელების შემდეგ 50-50 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს როგორც მესტიის, ისე თელავის აეროპორტი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
Bike&Wine-ს პროექტის ფარგლებში, იტალიელმა ჟურნალისტებმა საქართველოს ღვინის რეგიონებში ველომოგზაურობა მოაწყვეს
13.11.2026.10:18
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიური მედიის წარმომადგენლებისთვის პრესტური „Bike & Wine Georgia“ გაიმართა
პრესტური იტალიელ მოგზაურებში საქართველოს, როგორც უძველესი ღვინის კულტურისა და გამორჩეული ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა.
„Bike&Wine“-ს პრესტური მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იტალიის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს, როგორც მიმზიდველი მიმართულებისა და ღვინის უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის ცნობადობის ზრდას.
სპეციალიზებული მედიის წარმომადგენლები იტალიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შეირჩნენ.
პრესტურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოიარეს დედაქალაქის ისტორიული უბნები, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში ესტუმრნენ ღვინის მარნებს, მონაწილეობა მიიღეს რთველში, ღვინის დეგუსტაციებსა და ქართული სამზარეულოს მასტერკლასებში.
ოთხი დღის განმავლობაში, საქართველოში ტურის მიმდინარეობისას მომზადებული ფოტო-ვიდეო მასალა და სტატიები წამყვან იტალიურ მედიაპლატფორმებზე გამოქვეყნდება.