22-23 დეკემბერს, ბაკურიანი მოგულის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს
საერთაშორრისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) 22-23 დეკემბერს, ბაკურიანში, მსოფლიო თასის ეტაპი მოგულის დისციპლინაში გაიმართება. საერთაშორისო ღონისძიებაში, მსოფლიოს წამყვანი 16 ქვეყნის (აშშ, კანადა, ავსტრია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრალია, შვედეთი, ჩინეთი, ყაზახეთი იაპონია, კორეა, ესპანეთი, იტალია, გერმანია, ფინეთი, ნიდერლანდები,) 90 სპორტსმენი იასპარეზებს.
წლევანდელ შეჯიბრს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან დაესწრება და საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობას მიიღებს, შეჯიბრის დირექტორი ანდრეა რინალდი და ტექნიკური დელეგატი ალექს სპანი.
მოგულის დისციპლინა კოხტის მთაზე ჩატარდება, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან შეფასებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე გრძელი ტრასა აღნიშნული დისციპლინისთვის.
„ქართულმა მხარემ საორგანიზაციო კუთხით მასშტაბური სამუშაო ჩაატარა. დიდი ინვესტიციებია განხორციელებული. ზამთრის სპორტის პოპულარიზაციას ხელი ძალიან შეუწყო მსოფლიო ჩემპიონატის ბაკურიანში ჩატარებამ. ეს ინვესტიციები არის სპორტის, ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებისთვის. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ზრდას. რაც შეეხება ბაკურიანს ეს შესანიშნავი ადგილია, ყველასთვის დიდი სიამოვნებაა აქ ყოფნა" - აღნიშნა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორმა ანდრეა რინალდიმ.
მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის, (MTA) ირაკლი ბურჭულაძის განცხადებით, საქართველომ უმაღლეს დონეზე უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს (ბაკურიანი 2023), ფრისტაილში სნოუბორდსა და ფრისკიში, შესაბამისად საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე ზამთრის ტურიზმის მიმართულებით. მისივე შეფასებით, წარმატებულად ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა FIS-ის ყურადღება საქართველოსადმი, სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო, კონკრეტულად კი გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში მოხვედრილიყო.
2024 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები გაგრძელდება გუდაურში სნოუბორდ კროსის (3-4 თებერვალი), ხოლო ბაკურიანში სქი ქროსის დისციპლინაში (10-11 თებერვალი) გაიმართება.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა" (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება, შეჯიბრების პარტნიორები არიან კომპანიები „სილქნეტი" და„ ბორჯომი."
სხვა სიახლეები
Business Insider Georgia-ს ექსკლუზიური ინტერვიუ Norwegian-თან
01.07.2026.08:46
Business Insider Georgia-ს ექსკლუზიური ინტერვიუ ავიაკომპანია Norwegian-თან. ავიამიმართულებების განვითარების დირექტორი ადინ კავარა დეტალურად საუბრობს მოლოდინებზე, სამომავლო პერსპექტივებსა და იმ ფაქტორებზე, რამაც კომპანიას საქართველოს ბაზარზე შემოსვლის გადაწყვეტილება მიაღებინა.
რატომ გადაწყვიტა Norwegian-მა სწორედ ახლა საქართველოს ბაზარზე შემოსვლა და რა შესაძლებლობებს ხედავთ საქართველოს ავიაციის და ტურიზმის სექტორებში?
საქართველოს ცნობადობა ბოლო წლებში თანდათან იზრდება, განსაკუთრებით მისი მეღვინეობის რეგიონების, შთამბეჭდავი ბუნებისა და სამთო-სათხილამურო კურორტების გამო. Norwegian-ს სჯერა, რომ სკანდინავიის ქვეყნებიდან პირდაპირი და ხელმისაწვდომი ავიარეისების შეთავაზებით ტურისტების სრულიად ახალი სეგმენტი დაინტერესდება საქართველოს მონახულებით.
არის თუ არა კოპენჰაგენის რეისი Norwegian-ისთვის საქართველოში ოპერირების მხოლოდ პირველი ეტაპი, თუ უკვე განიხილავთ ახალი პირდაპირი მიმართულებების დამატებასა და ქსელის გაფართოებას?
კოპენჰაგენი ჩვენთვის ბუნებრივი პირველი არჩევანი იყო, რადგან კვლევებმა აჩვენა, რომ სკანდინავიის ქვეყნებს შორის სწორედ დანიასა და საქართველოს შორის არის მგზავრთა ყველაზე დიდი ნაკადი. ახალი მიმართულებების განხილვა ჯერ ნაადრევია, თუმცა თუ კოპენჰაგენის რეისი წარმატებული იქნება, ბუნებრივია, მომავალში განვიხილავთ სხვა სკანდინავიური ქალაქებიდანაც პირდაპირი რეისების დამატებას.
როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს Norwegian-ის შემოსვლა საქართველოს საავიაციო ბაზარზე კონკურენციის, მგზავრების არჩევანისა და ავიაბილეთების ფასების თვალსაზრისით?
როგორც ყოველთვის, როდესაც ახალი პირდაპირი მიმართულება ემატება ველოდებით, რომ ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან მგზავრების უმრავლესობა უპირატესობას პირდაპირ რეისებს ანიჭებს. ამასთან, ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა გააძლიერებს კონკურენციას და მგზავრებს მეტ არჩევანს შესთავაზებს, რაც დადებითად აისახება ავიაბილეთების ფასებზეც. უფრო ხელმისაწვდომი ტარიფები კიდევ უფრო გაზრდის მგზავრთა რაოდენობას და მთლიანად საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს.
როგორია Norwegian-ის გრძელვადიანი ხედვა საქართველოს მიმართ? ელით თუ არა მომდევნო წლებში ფრენების სიხშირის გაზრდას, ახალი მიმართულებების დამატებასა და ბაზარზე საქმიანობის გაფართოებას?
ჩვენი მიზანია საქართველო ჩვენი მარშრუტების ქსელში პოპულარულ მიმართულებად ვაქციოთ და სკანდინავიის ქვეყნებსა და საქართველოს შორის კავშირი კიდევ უფრო გავაძლიეროთ. კოპენჰაგენსა და თბილისს შორის ახალი რეისის დაწყება, იმედია, Norwegian-ის საქართველოში ოპერირების მხოლოდ დასაწყისია. მომავალში გვინდა გავზარდოთ როგორც ფრენების სიხშირე, ისე დავამატოთ ახალი მიმართულებებიც.
როგორ მიმდინარეობდა პროცესი, რომელმაც Norwegian-ის საქართველოში შემოსვლამდე მიგიყვანათ. როგორ შეაფასებდით თანამშრომლობას საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან (UAG), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საავიაციო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან? რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს თანამშრომლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის?
Norwegian-ის საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების დაწყების პროცესში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან (UAG) და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა, რადგან ეს Norwegian-ისთვის საქართველოში პირველი რეისია, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა უკეთ შეგვეფასებინა ბაზრის პოტენციალი. ყველა ჩართული მხარის მხარდაჭერამ და ძალისხმევამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ეს მიმართულება რეალობად ქცეულიყო.
როგორია თქვენი მოლოდინი ამ მიმართულებაზე მგზავრთა მოთხოვნისა და კომერციული შედეგების მიმართ უახლოეს წლებში? რომელ სეგმენტზე აკეთებთ ძირითად აქცენტს - გამსვლელ ტურისტებზე, საქართველოში შემომსვლელ უცხოელ ვიზიტორებზე, ბიზნესმგზავრებზე თუ ქართულ დიასპორაზე? თქვენი შეფასებით, რომელ სეგმენტში იქნება მოთხოვნა ყველაზე მაღალი?
ამ მიმართულების მიმართ ჩვენი მოლოდინები საკმაოდ მაღალია, რადგან გვჯერა, რომ საქართველო მომდევნო წლებში კიდევ უფრო პოპულარული ტურისტული ქვეყანა გახდება. ვიმედოვნებთ, რომ მოთხოვნა საკმარისად მაღალი იქნება იმისთვის, რომ რეისი მთელი წლის განმავლობაში შევასრულოთ და სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვა ტიპის ტურისტებს მოვემსახუროთ. ჩვენი პროგნოზით, მგზავრთა ძირითად ნაწილს შეადგენენ სკანდინავიელი მოგზაურები, რომლებიც ახალ გამოცდილებას ეძებენ, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ბიზნესმგზავრები.