6 თვეში ჩინეთიდან საქართველოში 55 ათასამდე ვიზიტი შედგა - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
2026 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ჩინეთიდან 54,554 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 16.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მეორე კვარტალში კი ზრდამ 3.2% შეადგინა.
გლობალური გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად ახდენს ბაზრების დივერსიფიკაციას და ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს.
საქართველო წელს შანხაიში, აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ITB China 2026-ზე, პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა.
ქვეყნის ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, ჩინეთის მასშტაბით კომპლექსური მარკეტინგული კამპანიები და ციფრული აქტივობები ტარდება. უმსხვილეს ქალაქებში მიმდინარეობს B2B შეხვედრები და როუდშოუები, სადაც ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, პირდაპირი კონტაქტები დაამყარონ ჩინელ კოლეგებთან.
პარალელურად, საქართველოს ჩინელი ტუროპერატორები სტუმრობენ, რომლებიც ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ინფრასტრუქტურას ეცნობიან. ასევე, ტარდება ტრენინგები ქართველი ტუროპერატორებისთვის ჩინური ბაზრის სპეციფიკის ასათვისებლად.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიური კამპანია დაიწყო ჩინეთის ციფრულ ბაზარზე, ისეთ მრავალმილიონიან პლატფორმებზე, როგორებიცაა: WeChat, Douyin, RedNote და Weibo. თანამშრომლობა მიმდინარეობს ჩინეთის უმსხვილეს ონლაინ ტურისტულ პლატფორმასთანTrip.com, რაც პირდაპირ რეჟიმში შეუწყობს ხელს ჯავშნების სტიმულირებას. პარალელურად, ჩინეთის უმსხვილესი ქალაქების ხალხმრავალ მოედნებსა და ქუჩებში საქართველოს საიმიჯო ბანერები და ვიზუალური მასალები განთავსდა.
სარეკლამო კამპანიებთან ერთად, საქართველოში ტარდება გაცნობითი (ინფო) ტურები. ქვეყანას სტუმრობენ ჩინელი ინფლუენსერები და ბლოგერები, რომლებიც სოციალურ ქსელებში საკუთარ აუდიტორიას საქართველოს უნიკალურ კულტურასა და ტურისტულ პროდუქტებს აცნობენ.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მიმართულებით ფრენებს დაემატა ახალი რეისი: შანხაი-თბილისი-შანხაი, რომელსაც China Eastern Airlines კვირაში 3 სიხშირით ასრულებს. შედეგად, ჩინეთიდან საქართველოში ფრენები უკვე სამი მიმართულებით ხორციელდება, რომლებსაც ავიაკომპანიები Air China და China Eastern Airlines ასრულებენ.
სხვა სიახლეები
ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და ახალი პირდაპირი ფრენები - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აზიასა და ევროპაში მარკეტინგულ კამპანიებს აფართოებს
08.09.2026.14:28
ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციისა და სამიზნე ქვეყნების არეალის გაფართოების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს განაგრძობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთიდან ჩინეთიდან და შუა აზიიდან ტურისტული ნაკადების ზრდა პირდაპირ უკავშირდება პირდაპირი ავიამიმოსვლის გაფართოებას და ამ ბაზრებზე განხორციელებულ მარკეტინგულ აქტივობებს. როგორც მაია ომიაძე განმარტავს, ბაზრების დივერსიფიკაციასა და პირდაპირ ფრენებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შორ მანძილზე არსებული ბაზრებიდან ტურისტების მოსაზიდად.
„როდესაც გასულ წელს დაგვემატა British Airways და easyJet ლონდონის მიმართულებით, კვირაში 6 სიხშირით, მალე, შემდეგ კვარტალში, როგორც კი სტატისტიკა მივიღეთ დიდი ბრიტანეთი ტოპ 10 ქვეყანაში იყო შესული და პირდაპირმა ფრენამ ეს შედეგი მოგვიტანა. ზუსტად იგივე ითქმის ჩინეთზეც. როდესაც შანხაის მიმართულებით დაგვემატა ახალი რეისი, ჩვენ ავიაკომპანიასთან ერთად თვალყურს ვადევნებთ დატვირთულობას და აღმოჩნდა რომ რეისზე მგზავრთა 98 პროცენტი აზიელი მოგზაურია. შანხაი მხოლოდ ჩინელი მოგზაურებისგან არ შედგება, რადგან ეს არის ჰაბი. როდესაც იაპონიიდან ან სამხრეთ კორეიდან მოგზაურს საქართველოში უნდა წამოსვლა მისთვის ყველაზე ახლოს შანხაის აეროპორტია“,- აღნიშნავს მაია ომიაძე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაციის ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან და ტურისტულ ინდუსტრიასთან პარტნიორობით საერთაშორისო ბაზრებზე Roadshow-ებსა და B2B შეხვედრებს განაგრძობს. მაია ომიაძის განცადებით, სექტემბრის ბოლოს, იაპონიაში მასშტაბური პრეზენტაცია და გამოფენა იგეგმება, სადაც ადმინისტრაციასთან ერთად 20-მდე ქართული ტურისტული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
როგორც მაია ომიაძე აღნიშნავს, უკვე დაწყებულია აქტიური სამზადისი ზამთრის ტურისტული სეზონისთვის და შესაბამისი საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიები სხვადასხვა ტურისტულ ბაზარზე მიმდინარეობს.