აჭარა დანიისა და უნგრეთის ტურისტულ გამოფენებზე იყო წარმოდგენილი
აჭარის ტურისტული პროდუქტების პოზიციონირება ევროპულ ბაზრებზე გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ამჯერად დანიისა და უნგრეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე წარადგინა. აჭარა და ზოგადად, საქართველო დანიელი და უნგრელი ვიზიტორებისთვის ახალ ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს, რის გამოც გამოფენებზე ქვეყნის ტურისტულმა მიმართულებებმა ვიზიტორების დაინტერესება გამოიწვია. გამოფენების მიმდინარეობისას შეხვედრები გაიმართა სარეკლამო კომპანიების, ასოციაციების, ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებთან. მიმდინარე წელს, აღნიშნული ქვეყნებიდან აჭარაში პრეს და ინფოტურების ორგანიზება იგეგმება.
წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად 30-მდე საერთაშორისო ღოინისძიებასა და გამოფენაზე გეგმავს რეგიონის პოპულარიზაციას. საქართველოს მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები აქტიურად იქნება წარმოდგენილი როგორც ევროპულ, ისე აზიურ ტურისტულ ბაზრებზე. მათ შორისაა ბერლინის, ლონდონის, დუბაის, პარიზისა და ბარსელონას ტურისტული გამოფენები.
სხვა სიახლეები
ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წლის აგვისტოში წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და $695 მილიონი შეადგინა - Galt & Taggart
05.10.2026.08:10
Galt & Taggart-ი თვის განახლებულ ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს. ანგარიშში მიმოხილულია მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები.
,,საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდა 2026 წლის აგვისტოში წლიურად 6.3%-მდე შენელდა, ივლისში დაფიქსირებული 8.0%-დან. მიუხედავად ამისა, 2026 წლის 8 თვის საშუალო ზრდა კვლავ მაღალი, 7.6%-ია. აგვისტოში ეკონომიკურ ზრდას ძირითადად ხელი შეუწყო დამამუშავებელმა მრეწველობამ, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა (ICT), ფინანსურმა მომსახურებებმა, უძრავი ქონების სექტორმა, ვაჭრობამ და ტრანსპორტმა, მაშინ როდესაც მშენებლობის სექტორში კლება დაფიქსირდა. ჩვენ ვინარჩუნებთ საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზს და 2026 წელს 7.5%-იან ზრდას ველით.
მომდევნო თვეებში გაცვლითი კურსის სტაბილურობას ველოდებით. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს კურსი საშუალოდ 2.65 GEL/USD იქნება.
2026 წლის 9 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ზედიზედ მესამე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-ზე უცვლელად დატოვა. სებ-ის შეფასებით, ინფლაცია კვლავ ძირითადად მიწოდების მხრიდან მომდინარე ფაქტორებით არის განპირობებული, რაც ენერგომატარებლებისა და საერთაშორისო სურსათის ფასების ზრდას ასახავს, მაშინ როდესაც საბაზისო ინფლაციური წნეხი კვლავ შეზღუდულია. სებ-მა მიუთითა, რომ თუ აღნიშნული შოკი ინფლაციურ მოლოდინებზე ზეწოლას მოახდენს, შესაძლოა განაკვეთის ზომიერი ზრდა გახდეს საჭირო, ხოლო შოკის გავლენის შემცირების შემდეგ მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზება დაიწყება. გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებისა და საპროცენტო განაკვეთის დიფერენციალის შესაბამის დონეზე შენარჩუნების აუცილებლობის გათვალისწინებით, 2026 წლის განმავლობაში 25 საბაზისო პუნქტით განაკვეთის ზრდის შესაძლებლობას არ გამოვრიცხავთ.
ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წლის აგვისტოში წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და 695 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2026 წლის პირველ 8 თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 1.6%-იანი ზრდაა. 2026 წელს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს 4.9 მლრდ აშშ დოლარის დონეზე ვპროგნოზირებთ.
საქართველოს მიმდინარე ანგარიშის (CA) დეფიციტი 2026 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად შემცირდა და მშპ-ის 2.5% შეადგინა. გაუმჯობესებაში წვლილი შეიტანა მიმდინარე ანგარიშის ყველა ძირითადმა კომპონენტმა.
ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 1.9%-ს შეადგენს", - აღნიშნულია ანგარიშში.