აჭარაში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლურად 71%-ით, ხოლო რესტორნებში უნაღდო დანახარჯები 6%-ით გაიზარდა - TBC Capital
TBC Capital განახლებულ პუბლიკაციას ,,ტურიზმის პულსი - ივლისი 2026" აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის ივლისში შენარჩუნდა არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯების პოზიტიური ზრდის ტემპი. რეგიონების მიხედვით დინამიკა კვლავ არაერთგვაროვანია.
,,2026 წლის ივლისში შენარჩუნდა არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯების პოზიტიური ზრდის ტემპი. ტრანზაქციების რაოდენობის ზრდამ მცირედით გადააჭარბა დანახარჯების ზრდას, რაც მიუთითებს რომ აქტივობა კვლავ ძლიერი იყო, ხოლო ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი უმნიშვნელოდ შემცირდა. ტრანზაქციის საშუალო მოცულობით ორივე კატეგორიაში აჭარა ლიდერობდა, მას თბილისი და კახეთი მოსდევდნენ. თბილისში დადებითი დინამიკა ორივე კატეგორიაში შენარჩუნდა. სასტუმროებსა და რესტორნებში გაიზარდა როგორც მთლიანი დანახარჯები, ისე ტრანზაქციის საშუალო მოცულობა, ხოლო განსაკუთრებით ძლიერი ზრდა რესტორნების დანახარჯებში დაფიქსირდა. აჭარაში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა სასტუმროებში, სადაც გაიზარდა როგორც მთლიანი დანახარჯები, ისე ტრანზაქციის საშუალო მოცულობა . რესტორნებში დანახარჯები მხოლოდ მცირედით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქცია შემცირდა, რაც ტრანზაქციების რაოდენობის მატებაზე მიუთითებს. კახეთში ორივე ხარჯვით კატეგორიაში შემცირდა როგორც მთლიანი უნაღდო დანახარჯები, ისე ტრანზაქციის საშუალო მოცულობა . კლება განსაკუთრებით მკვეთრი სასტუმროებში იყო. მოსალოდნელია, რომ აგვისტოს პიკური სეზონი ხელს შეუწყობს აჭარის სასტუმროებში მაღალი აქტივობის შენარჩუნებასა და თბილისში ზრდის გაგრძელებას, რაც კახეთის მიმდინარე უარყოფით დინამიკას დააბალანსებს", - აღნიშნულია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
აჭარა ბარსელონას საქმიანი ტურიზმის გამოფენაზე იყო წარმოდგენილი
20.11.2026.12:46
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს პოპულარიზაციას ბარსელონას ტურისტულ გამოფენაზე უწევს. საქმიანი ტურიზმის ერთ-ერთ მსხვილ გამოფენაზე „IBTM World Barcelona 2026“ დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, მიმდინარეობდა საქმიანი შეხვედრები მედიის, ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან და ინფლუენსერებთან. ვიზიტორები სამი დღის განმავლობაში ბათუმის და ზოგადად, საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობებსა და ტურისტულ პროდუქტებს ეცნობოდნენ. გამოფენის ფარგლებში მოეწყო სპეციალური პრეზენტაციები და B2B ფორმატის შეხვედრები. საქართველოს სტენდთან გამართულ აქტივობებს ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული ბექა ზარანდიაც ესწრებოდა.
„IBTM World Barcelona“ მსოფლიოში საქმიანი (MICE) ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი გლობალური პლატფორმაა. წლევანდელ გამოფენაში 2 500-ზე მეტი კომპანია, ტურისტული მიმართულება და 12 000-ზე მეტი სპეციალისტი იღებდა მონაწილეობას. მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი 20-ზე მეტ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. მათ შორისაა იაპონიის, დუბაის, ბერლინის, მადრიდის, ნიუ-იორკის, ჩინეთის, ფრანქფურტის, ინდოეთის, ყაზახეთის, უნგრეთისა და ისრაელის გამოფენები. გარდა გამოფენებზე აჭარის პოპულარიზაციისა, რეგიონის შესახებ არაერთი მასალა გამოქვეყნდა საერთაშორისო გამოცემებსა და უცხოელი ინფლუენსერების გვერდებზე.