აჭარაში დაცული ტერიტორიების მიმართულებით გიდების გადამზადება მიმდინარეობს
აჭარაში დაცული ტერიტორიების მიმართულებით გიდების გადამზადება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ტრენინგის მონაწილე გიდებმა მტირალას ეროვნულ პარკში, ცივწყაროს ტურისტული ბილიკი დალაშქრეს. ცივწყაროს 16-კილომეტრიან მარშრუტზე გიდებს საშუალება ჰქონდათ კოლხურ ტყეში ემოგზაურათ და ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებას გაცნობოდნენ. სატრენინგო პროგრამის ფარგლებში, მოლაშქრე გიდებს ტრენინგები ასევე ჩაუტარდათ საქართველოს დაცული ტერიტორიების, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის, გიდის/რეინჯერის როლის, უსაფრთხოების, პირველადი დახმარების, ტურის დაგეგმვის, დროის მართვის, გარემოსდაცვითი ეთიკისა და ვიზიტორთა მართვის შესახებ. გარდა თეორიული სწავლებისა, გიდები პრაქტიკული, საველე გასვლების ფარგლებში სტუმრობდნენ ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, მაჭახელას, მტირალასა და კინტრიშის ეროვნულ პარკებს, ბათუმისა და ალპურ ბოტანიკურ ბაღებს, სადაც ადგილზე გაეცნენ იქ არსებულ ბუნებრივ რესურსებს, ტურისტულ პროდუქტების, ბილიკებს, სერვისებსა და ინფრასტრუქტურას.
მტირალას ეროვნულ პარკში ვიზიტის შემდეგ მოლაშქრე გიდები ტბიყელის ტბას დალაშქრავენ და კინტრიშის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებას გაეცნობიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორთვიანი თეორიულ-პრაქტიკული სატრენინგო პროგრამის მიზანი აჭარის დაცული ტერიტორიებისთვის მოლაშქრე გიდების მომზადება და მათი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა. მოლაშქრე გიდების გადამზადება მაისის ბოლოს დაიწყო და ივლისის ბოლოს დასრულდება.
სხვა სიახლეები
ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და ახალი პირდაპირი ფრენები - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აზიასა და ევროპაში მარკეტინგულ კამპანიებს აფართოებს
08.09.2026.14:28
ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციისა და სამიზნე ქვეყნების არეალის გაფართოების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს განაგრძობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთიდან ჩინეთიდან და შუა აზიიდან ტურისტული ნაკადების ზრდა პირდაპირ უკავშირდება პირდაპირი ავიამიმოსვლის გაფართოებას და ამ ბაზრებზე განხორციელებულ მარკეტინგულ აქტივობებს. როგორც მაია ომიაძე განმარტავს, ბაზრების დივერსიფიკაციასა და პირდაპირ ფრენებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შორ მანძილზე არსებული ბაზრებიდან ტურისტების მოსაზიდად.
„როდესაც გასულ წელს დაგვემატა British Airways და easyJet ლონდონის მიმართულებით, კვირაში 6 სიხშირით, მალე, შემდეგ კვარტალში, როგორც კი სტატისტიკა მივიღეთ დიდი ბრიტანეთი ტოპ 10 ქვეყანაში იყო შესული და პირდაპირმა ფრენამ ეს შედეგი მოგვიტანა. ზუსტად იგივე ითქმის ჩინეთზეც. როდესაც შანხაის მიმართულებით დაგვემატა ახალი რეისი, ჩვენ ავიაკომპანიასთან ერთად თვალყურს ვადევნებთ დატვირთულობას და აღმოჩნდა რომ რეისზე მგზავრთა 98 პროცენტი აზიელი მოგზაურია. შანხაი მხოლოდ ჩინელი მოგზაურებისგან არ შედგება, რადგან ეს არის ჰაბი. როდესაც იაპონიიდან ან სამხრეთ კორეიდან მოგზაურს საქართველოში უნდა წამოსვლა მისთვის ყველაზე ახლოს შანხაის აეროპორტია“,- აღნიშნავს მაია ომიაძე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაციის ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან და ტურისტულ ინდუსტრიასთან პარტნიორობით საერთაშორისო ბაზრებზე Roadshow-ებსა და B2B შეხვედრებს განაგრძობს. მაია ომიაძის განცადებით, სექტემბრის ბოლოს, იაპონიაში მასშტაბური პრეზენტაცია და გამოფენა იგეგმება, სადაც ადმინისტრაციასთან ერთად 20-მდე ქართული ტურისტული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
როგორც მაია ომიაძე აღნიშნავს, უკვე დაწყებულია აქტიური სამზადისი ზამთრის ტურისტული სეზონისთვის და შესაბამისი საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიები სხვადასხვა ტურისტულ ბაზარზე მიმდინარეობს.