აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 9 ივნისს გაიხსნება
აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 9 ივნისს გაიხსნება. ამის შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა.
მისი განმარტებით, აჭარაში ბოლო თვეების განმავლობაში 10%-ით არის გაზრდილი უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა.
„აქტიურად ვემზადებით ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის. 9 ივნის მოხდება ოფიციალურად ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნა. მინდა მოვუწოდო ტურიზმის დეპარტამენტს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, კოორდინირებული მუშაობისკენ. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ბათუმმა და აჭარამ ღირსეულად ჩაატაროს ტურისტული სეზონი და ღირსეულად ვუმასპინძლოთ ყველა სტუმარს.
ბოლო თვეების განმავლობაში უკვე 10%-ით არის გაზრდილი უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა აჭარაში. ასევე, გვაქვს ზრდის დინამიკა ბათუმის აეროპორტში. უკვე, 12 მიმართულებით ხორციელდება ფრენები. შესაბამისად, მოლოდინები გვაქვს ძალიან პოზიტიური და უნდა შევძლოთ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს აღნიშნული სეზონით.
ახალი ინფრასტრუქტურით ხვდება ბათუმი, აჭარა ტურისტულ სეზონს. ბათუმის ბულვარში განახლდა მთელი რიგი პარკები, ასევე, ველობილიკი, სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. მაღალმთიან აჭარაში დინამიკურად მიმდინარეობს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა. შესაბამისად, დამსვენებლებს ექნებათ შესაძლებლობა ახალ ტურისტულ ადგილებს, ლოკაციებს ეწვიონ წელს“, - განაცხადა რიჟვაძემ.
სხვა სიახლეები
„საქართველოს, როგორც უსაფრთხო, მრავალფეროვან და ავთენტურ მიმართულებას, მართლაც უსაზღვრო პოტენციალი აქვს“ - Expedia Group Advertising-ის უფროსი რეგიონული მენეჯერი
28.11.2026.18:01
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია - „მეტი, ვიდრე მოგზაურობა: მიმართულებიდან გამოცდილებამდე“ გაიმართა. ღონისძიებაში მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სამოგზაურო პლატფორმის, Expedia Group Advertising-ის უფროსი რეგიონული მენეჯერი (EMEA), ლაურა მილოს სანჩესი მონაწილეობდა.
საერთაშორისო ექსპერტმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შეფასებისას აღნიშნა, რომ ქვეყანას ახალი საერთაშორისო ვიზიტორების მოსაზიდად კარგი პოზიცია აქვს.
"ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, რომ ყველამ ერთ სივრცეში მოიყარა თავი. ავიაკომპანიები, ინდუსტრიის პარტნიორები, სასტუმროები, ასევე სხვადასხვა დარგის ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან აქ, თბილისში შეიკრიბნენ. როგორ შეგვიძლია საქართველოს კიდევ უფრო განვითარება? როგორ მოვიზიდოთ საქართველოში მეტი საერთაშორისო მოგზაური და როგორ გავაცნოთ მათ ქვეყნის ის რეგიონები და ადგილები, რომლებიც აქამდე არ უნახავთ? ვფიქრობ, როგორც უსაფრთხო მიმართულება, ქვეყანა ამჟამად ძალიან კარგ პოზიციაზეა და მასპინძლობს ახალ საერთაშორისო ვიზიტორებს, ასე რომ, პოტენციალი მართლაც უსაზღვროა. საქართველოს ჩემთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს არის იმდენად მრავალფეროვანი და ავთენტური ქვეყანა, რომ აუცილებლად უნდა გააცნოს საკუთარი თავი მთელ მსოფლიოს. - აღნიშნა ლაურა მილოს სანჩესმა.