აჭარის ტურისტულ პროდუქტები პრაღის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინეს
აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები ჩეხეთში, პრაღის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, უწყების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ჩეხეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის მენეჯმენტთან, ონლაინ და ბეჭდური მედია გამოცემების, მარკეტინგული და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე აჭარის და ზოგადად, საქართველოს შესახებ ჩეხეთში ცნობადობის გასაზრდელად ერთობლივი პრეს-ინფოტურებისა და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვის საკითხები განიხილეს. გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.
წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოზიციონირებისა და ქვეყანაში ვიზიტორების მოზიდვის მიზნით, 15-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. მათ შორისაა ბერლინის, მადრიდის, ნიუ-იორკის, მილანის, ბუდაპეშტის, ჰელსინკის, ვილნიუსის, ტალინისა და რიგის ტურისტული გამოფენები. მიმდინარე წელს, სამიზნე ქვეყნებში აჭარის პოპულარიზაციის მიზნით ინფლუენსერებისა და ბლოგერების ჩართულობით აქტიური ონლაინ სარეკლამო კამპანიები იგეგმება.
სხვა სიახლეები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებას ქუთაისში უმასპინძლებს - მედეა ჯანიაშვილი
22.05.2026.14:22
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს - დამოუკიდებლობის დღეს, ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე აღნიშნავს. ასევე მოგეხსენებათ, რომ წელსვე ვზეიმობთ არანაკლებ მნიშვნელოვან თარიღს - საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. ქუთაისელებსა და ქალაქის სტუმრებს, რომლებიც 26 მაისს ქუთაისის მთავარ მოედანზე მოვლენ, შევთავაზებბთ სპეციალურ სივრცეს, სადაც ისინი გაეცნობიან როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიას, ასევე ქუთაისისა და მთლიანად რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, რაც გამოხატულია ჩვენი უძველესი ისტორიით, უნიკალური კულტურითა და ბუნებრივი რესურსებით,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის ეთერში.
როგორც მედეა ჯანიაშვილმა აღნიშნა, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა სივრცე საქართველოს გასტრონომიის წარმოსაჩენად, სადაც ადგილობრივ კულინარიასთან ერთად სტუმრები ქართული ღვინოს დააგემოვნებენ.
“26 მაისის ღონისძიებების უდიდესი ნაწილი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება საბავშვო და შემეცნებითი აქტივობები ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. ამდენად, ქუთაისსა და მიმდებარე დასახლებებიდან ყველა მშობელს მოვუწოდებ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ბავშვებთან ერთად მოვიდნენ,“ - აღნიშნა მედეა ჯანიაშვილმა.
პროგრამის მიხედვით, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე თემატური შემეცნებითი, სამეწარმეო და გასტრონომიული სივრცეები ამოქმედდება. მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა საბავშვო-გასართობი აქტივობები, სამეცნიერო ექსპერიმენტების შოუ, თეატრალური წარმოდგენები და მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა, საღამოს კი ქუთაისშიც ცოცხალი შესრულებით სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდება. ღონისძიებას გალა კონცერტი დაასრულებს.