აჭარის ტურისტულ პროდუქტებს უნგრეთში გაეცნენ
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები ბუდაპეშტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. ოთხი დღის განმავლობაში, გამოფენის ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ აჭარის სამთო-საზღვაო ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. ვიზიტორების განსაკუთრებული ყურადღება აჭარის საზღვაო ტურისტულმა მიმართულებებმა და ქვეყნებს შორის არსებულმა პირდაპირმა ფრენებმა მიიპყრო. Hungexpo 2026-ს ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილობრივი მედიის, ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა. წელს, ბუდაპეშტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 150-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს პოპულარიზაცია 10-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწია. მათ შორისაა მადრიდის, ნიუ-იორკის, უტრეხტის, მუმბაისა და თელავივის საერთაშორისო ტურისტული გამოფენები.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის - ECTN Awards 2026-ის ფინალისტია
10.09.2026.18:05
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Mziskari • მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის - ECTN Awards 2026-ის ფინალისტია. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
კონკურსზე 23 ევროპული ქვეყნიდან 72 განაცხადი იყო წარმოდგენილი. „მზისკარი“ ნომინაციაში „შემოქმედებითი ტურიზმი და თანამონაწილეობით შექმნილი კულტურული ტურისტული გამოცდილებები“ (Creative Tourism and Co-Created Cultural Tourism Experiences) ევროპის ოთხ საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა.
„მზისკარის“ მხარდასაჭერად გადადით ბმულზე, აირჩიეთ კატეგორია „Creative Tourism and Co-Created Cultural Tourism Experiences“ და მიეცით ხმა პროექტს: https://culturaltourism.awardstage.com/#!/public-choice-voting
ECTN Awards 2026-ის გამარჯვებულები 24 სექტემბერს, საბერძნეთის კუნძულ სკიათოსზე გამოვლინდებიან.