ამ მოვლენის გამო დედაქალაქში ერთი თავისუფალი ოთახის პოვნაც კი რთული იყო - გიორგი დოლიძე ქანიე უესტის კონცერტზე
„არსებული ტენდენციები ნამდვილად საამაყო და დამაიმედებელია, იქიდან გამომდინარე, რომ წლის პირველი ნახევარი, რომელიც სექტორმა განვლო, საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა - გაზრდილია ტურისტული ნაკადების რაოდენობა და ამ პროცესს ფეხს უწყობს შემოსავლების ზრდაც, რაც დიდ მოტივაციას აძლევს სექტორის წარმომადგენლებს“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კომპანია HSC Group Hospitality-ის დირექტორმა, გიორგი დოლიძე განაცხადა. მისი თქმით საქართველოში სასტუმროების დატვირთულობამ გაზაფხულის ბოლოდან 80-90%-ს მიაღწია, ცალკეულ დღეებში კი 100%-საც,.
„ტურისტული კომპანიები და სასტუმროები ძალიან აქტიურად მუშაობენ, თუ არ ჩავთვლით იმ წერტილოვან ჩავარდნებს, რომლებიც, სამწუხაროდ, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ვიხილეთ.
„რყევები თებერვლის ბოლოდან მარტის ოცამდე შეინიშნებოდა, თუმცა, საბედნიეროდ, მალევე ყველაფერი დასტაბილურდა. დაახლოებით მარტის ბოლოდან პირდაპირ მაღალი, პიკური დატვირთვის ნიშნულზე გადავედით, რაც 80-დან 90 პროცენტამდე მერყეობს, ზოგ შემთხვევაში კი დღიური მაჩვენებელი 95-100 პროცენტიც კია. ეს ნამდვილად ძალიან გასახარია თითოეული თანამშრომლისა და ამ სექტორში მოღვაწე თითოეული ადამიანისთვის.
გასულ პარასკევს საერთაშორისო არტისტის, კენი ვესტის კონცერტი ჩატარდა, სადაც ვნახეთ, თუ რამდენი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია საქართველოს. სწორედ ამიტომ აღვნიშნავ ხოლმე, რომ ქვეყანას ყოველთვის გვჭირდება მსგავსი ტიპის აქტივობები და სიახლეები, რათა რაც შეიძლება მეტი აქტიური და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი მოვიზიდოთ. ჩვენ ვიხილეთ ვიზიტორები როგორც ევროპიდან, ისე უშუალოდ მეზობელი ქვეყნებიდან. ამ მოვლენის გამო დედაქალაქში ერთი თავისუფალი ოთახის პოვნაც კი რთული იყო
დატვირთულობა, რა თქმა უნდა, მაღალია. ფაქტობრივად, როგორც ცენტრალურ, ისე პერიფერიულ ლოკაციებზე სასტუმროების უმეტესი ნაწილი 100%-ით იყო დატვირთული, საშუალო მაჩვენებელი კი 80-90 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა. ფართო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, თუ რამდენად მიმზიდველი და საინტერესოა საქართველოში ვიზიტი.
დამატებული და გამარტივებული ფრენების წყალობით, ჩვენს ქვეყანას რეგიონში ცენტრალური პოზიცია უჭირავს. საქართველო უკვე იმდენად კარგადაა დაბრენდილი, რომ მოგზაურებს გადაწყვეტილების მიღებას უადვილებს. ეს კი ტურიზმის თითოეული რგოლისთვის იქნება ეს ტურისტული კომპანია, სასტუმრო, საოჯახო სასტუმრო (გესტჰაუსი) თუ სხვადასხვა აქტივობა დიდ პოტენციალს აჩვენებს.
ეს პროცესი გადადგმული დამაჯერებელი ნაბიჯია, რომელიც ადასტურებს, რომ ტურისტებს ქვეყანაში უსაფრთხოდ ჩამოსვლა, დასვენება და ოთხი სეზონის ქვეყნით სიამოვნების მიღება შეუძლიათ. ამავდროულად, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, საერთაშორისო დონის არტისტების კონცერტებს დაესწრონ“, - აცხადებს გიორგი დოლიძე.
HSC Group Hospitality-ის დირექტორის თქმით, კანიე ვესტის კონცერტისთვის საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების დაახლოებით 25-30% უცხოელი ტურისტი იყო, რაც არა მხოლოდ თბილისის, არამედ რეგიონების ტურისტულ დატვირთულობაზეც აისახა. მისი თქმით, სტუმრების ნაწილი კონცერტს რეგიონებში მოგზაურობასაც უთავსებდა, რამაც აჭარისა და კახეთის მიმართულებებზე მოთხოვნა გაზარდა.
სხვა სიახლეები
2026 წლის III კვარტალში სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელი გაიზარდა როგორც თბილისში, ისე ბათუმში | Galt & Taggart
22.10.2026.21:59
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ტურიზმის 2026 წლის III კვარტლის შეჯამება" აქვეყნებს.
ვიზიტების დინამიკა:
2026 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 3.3%-ით გაიზარდა და 2.6 მლნ შეადგინა. ვიზიტების რაოდენობა მოიცავს როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ რეკორდულ 2.1 მლნ-ს მიაღწია, რაც წლიურად 4.7%-იანი ზრდაა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტები 2.8%-ით შემცირდა და 0.5 მლნ შეადგინა.
ზრდა ძირითადად ევროკავშირიდან (+16.6% წ/წ), რუსეთიდან (+4.7% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+36.2% წ/წ) ვიზიტების მატებამ განაპირობა. აზერბაიჯანიდან ვიზიტების ზრდა მაისში ბაქო-თბილისის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ დაჩქარდა, ისრაელიდან ვიზიტები წლიურად 19.1%-ით გაიზარდა, რაც ირანის კონფლიქტთან დაკავშირებული ტურისტული შეფერხებების შემსუბუქებას და დაგროვილი სამოგზაურო მოთხოვნის რეალიზებას უკავშირდება. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთიდანაც (+30.2% წ/წ), რასაც ხელი შეუწყო საჰაერო კავშირების გაუმჯობესებამ, მათ შორის ივლისში შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისების ამოქმედებამ.
ამავდროულად, ვიზიტები შემცირდა თურქეთიდან (-7.4% წ/წ), სომხეთიდან (-4.0% წ/წ) და ინდოეთიდან (-25.9% წ/წ). თურქეთიდან კლება ძირითადად ერთდღიანი ვიზიტების შემცირებამ გამოიწვია, ხოლო ინდოეთიდან ვიზიტების კლება კვლავ IndiGo-ს მიერ ფრენების შეწყვეტით იყო განპირობებული. სუსტი დინამიკა შენარჩუნდა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდანაც, მათ შორის საუდის არაბეთიდან ვიზიტები წლიურად 32.8%-ით შემცირდა.
2026 წლის 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 0.1%-ით გაიზარდა და 5.3 მლნ შეადგინა. საერთო მაჩვენებლის სტაბილურობის მიუხედავად, ტურისტული ვიზიტები 2.3%-ით გაიზარდა და 4.4 მლნ შეადგინა, ერთდღიანი ვიზიტები კი 9.0%-ით შემცირდა და 0.9 მლნ შეადგინა.
შემოსავლები ტურიზმიდან:
2026 წლის III კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 11.9%-ით გაიზარდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
ზრდა ძირითადად რუსეთიდან (+32.3% წ/წ), ევროკავშირიდან (+30.2% წ/წ) და ისრაელიდან (+24.8% წ/წ), ასევე უკრაინიდან (+52.5% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+18.6% წ/წ) მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა. ამასთან, ვიზიტების კლების შესაბამისად, შემცირდა შემოსავლები საუდის არაბეთიდან (-31.9% წ/წ) და თურქეთიდან (-11.5% წ/წ).
ჯამურად, 2026 წლის 9 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.4%-ით გაიზარდა და 3.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.