ამბროლაურში 26 მაისს ავიაციის თემატიკის მრავალფეროვანი სივრცე მოეწყობა - ლევან მოსეშვილი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება წელს 26 მაისს ამბროლაურში, ცენტრალურ ბულვარში, ავიაციის თემატიკის მრავალფეროვან სივრცეს მოაწყობს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ლევან მოსეშვილის განცხადებით, ღონისძიება 11:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება და ვიზიტორებს მრავალფეროვან აქტივობებს შესთავაზებს.
„წელს ისტორიულად დაემთხვა, რომ საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წელი გავიდა და ჩვენც სწორედ ამ თემატიკის გარშემო ვიქნებით რაჭაში - საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში. ღონისძიება ამბროლაურის ბულვარში გაიმართება და, რა თქმა უნდა, ავიაციის თემატიკას დაეთმობა. გვექნება სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობა როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის, რეკრეაციული სივრცე, მასტერკლასები და სხვა აქტივობები,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
მისი თქმით, აეროპორტები ყოველთვის მხარში უდგას ქვეყნის პოპულარიზაციას, დარგის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას. ,,26 მაისს გვსურს თითოეულ ვიზიტორამდე მივიტანოთ გზავნილი, რომ ჩვენ ვართ ქრისტიანი, მართლმადიდებელი ერი“,- განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა.
ლევან მოსეშვილი თქმით, ამბროლაურში მოეწყობა ავიაციის თემატიკის შემეცნებითი სტენდი, საბავშვო და გასართობი სივრცეები, ასევე წარმოდგენილი იქნება თვითმფრინავის სიმულაციური გამოცდილება, რომელიც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.
სხვა სიახლეები
თამარ იოსელიანი ავიაკომპანია Turkish Airlines-ის დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, მურატ შექერს შეხვდა
23.05.2026.16:22
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში ავიაკომპანია Turkish Airlines-ის დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, მურატ შექერს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები, რეგიონში არსებული ტენდენციები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ საავიაციო ბაზრად ყალიბდება, რასაც ხელს უწყობს ავიაციის ლიბერალიზაციის პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და საერთაშორისო საავიაციო სტანდარტებთან შესაბამისობა. ხაზი გაესვა, რომ მთავრობის თანმიმდევრულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვნად გაზარდა მგზავრთნაკადი, მარშრუტების ხელმისაწვდომობა, ავიაკომპანიების წარმომადგენლობა და ტურისტული ნაკადები.
თამარ იოსელიანის განცხადებით, 2025 წელი საქართველოს საავიაციო სექტორისთვის რეკორდული იყო — ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტმა 8,5 მილიონამდე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით 14%-იანი ზრდაა. მისივე თქმით, შესრულებული რეისების რაოდენობა 16%-ით გაიზარდა, ხოლო 85 ავიაკომპანია ოპერირებდა 125 მიმართულებით, რაც საქართველოს რეგიონში მზარდ როლს კიდევ ერთხელ ადასტურებს. ასევე აღინიშნა, რომ დადებითი დინამიკა შენარჩუნდა 2026 წლის პირველ კვარტალშიც.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს სააეროპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. შეხვედრაზე განიხილეს თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი, ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმები და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. აღინიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თანამედროვე სტანდარტების ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა მომდევნო ორი წლის განმავლობაში 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება. პარალელურად, იგეგმება ახალი, 20 მილიონ მგზავრზე გათვლილი ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება.
მხარეებმა განიხილეს ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ავიაკომპანიის გეგმები და რეგიონში არსებული გამოწვევები. აღინიშნა, რომ საქართველო-თურქეთს შორის მზარდი მგზავრთნაკადის ეფექტიანი მართვა ორმხრივ პრიორიტეტს წარმოადგენს.
Turkish Airlines ჯგუფში შედის AJet-იც, რომელიც აქტიურად ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ორივე ავიაკომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოსა და თურქეთს შორის საჰაერო კავშირის გაძლიერებასა და ტურისტული და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში.