ამერიკის შეერთებული შტატების ტუროპერატორთა ჯგუფი საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნო
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, კულტურასა და სამზარეულოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა ჯგუფი გაეცნო. 9 ამერიკელ ტუროპერატორს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა.
თბილისის ტურისტული ადგილების მონახულების გარდა, ამერიკელი ტუროპერატორები კახეთში, კერძოდ, სიღნაღში, წინანდალში, ვარდისუბანში, ალვანში, ყვარელსა და ნაფარეულში იმყოფებოდნენ. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს რთველში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს და ქვევრის დამზადების მასტერკლასს დაესწრნენ.
კახეთში ტურის ფარგლებში ამერიკელი ტუროპერატორებითვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, სტუმრებმა ცხენებით ჯირითსა და ჯიპ-ტურში მიიღეს მონაწილეობა.
კახეთის შემდეგ უცხოელი ტუროპერატორები მცხეთასა და მუხრანს ეწვივნენ, სადაც მათთვის საინფორმაციო ტური, ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასი გაიმართა.
გაცნობითი ტურის მიზანი აშშ-ს ტურისტულ ბაზარზე საქართველოს, როგორც ოთხსეზონიანი მიმართულების პოზიციონირება და ცნობადობის ამაღლება, ტურისტული ნაკადების მოზიდვა, ქართული კულტურის, ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაცია იყო.
სხვა სიახლეები
საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების შემოსვლა III კვარტალში 3.6%-ით გაიზარდა | საქსტატი
30.10.2026.11:16
2026 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.1 მილიონი შემოსვლა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 40.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.6 მილიონი შეადგინა, რაც 3.3 პროცენტით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2026 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.2 მილიონს მიაღწია, რაც 3.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 2.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 4.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 82.1 პროცენტი მხოლოდ ტურისტები4 იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების5 წილმა 14.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.6 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
2026 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 596.8 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 26.7 პროცენტს შეადგენდა. მეორე ადგილზე იყო თურქეთი 14.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე — სომხეთი 11.0%-იანი წილით.
ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (695.8 ათასი), თურქეთისა (398.1 ათასი) და სომხეთის (316.2 ათასი) მოქალაქეების მიერ.
ვიზიტორების უმრავლესობა (44.5 პროცენტი) მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების მთლიანი რაოდენობის 48.8 პროცენტს შეადგენდა.
2026 წლის III კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (58.8 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 1 349.5 ათასი და 1 291.0 ათასი ვიზიტი.
2026 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.4 ღამე შეადგინა, რაც 2025 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.3 ღამე) 2.2 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 76.7 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.