Austrian Airlines-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იწყებს ოპერირებას
ავსტრიის ლიდერი ავიახაზები - Austrian Airlines-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იწყებს ოპერირებას.
ავსტრიული ავიაკომპანია ვენა-თბილისი-ვენის მიმართულებით 2024 წლის მაისიდან იფრენს.
პირდაპირი ავიარეისები საქართველოსა და ავსტრიის დედაქალაქებს შორის კვირაში სამი სიხშირით შესრულდება.
Austrian Airlines-ი 60-წლიანი გამოცდილების მქონე ავსტრიის უდიდესი ავიაკომპანიაა, რომლის ჰაბი ვენის აეროპორტია. „ლუფთჰანზა ჯგუფის“ წევრი ავსტრიის ავიახაზების გლობალური მარშრუტების ქსელი 120-ზე მეტ მიმართულებას მოიცავს.
“ტავ ჯორჯიას” შესახებ
“ტავ ჯორჯია” ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის შედეგად, „ტავ ჯორჯია“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიას წარმოადგენს. დღეისათვის „ტავ ჯორჯიაში“ დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.
სხვა სიახლეები
Business Insider Georgia-ს ექსკლუზიური ინტერვიუ Norwegian-თან
01.07.2026.08:46
Business Insider Georgia-ს ექსკლუზიური ინტერვიუ ავიაკომპანია Norwegian-თან. ავიამიმართულებების განვითარების დირექტორი ადინ კავარა დეტალურად საუბრობს მოლოდინებზე, სამომავლო პერსპექტივებსა და იმ ფაქტორებზე, რამაც კომპანიას საქართველოს ბაზარზე შემოსვლის გადაწყვეტილება მიაღებინა.
რატომ გადაწყვიტა Norwegian-მა სწორედ ახლა საქართველოს ბაზარზე შემოსვლა და რა შესაძლებლობებს ხედავთ საქართველოს ავიაციის და ტურიზმის სექტორებში?
საქართველოს ცნობადობა ბოლო წლებში თანდათან იზრდება, განსაკუთრებით მისი მეღვინეობის რეგიონების, შთამბეჭდავი ბუნებისა და სამთო-სათხილამურო კურორტების გამო. Norwegian-ს სჯერა, რომ სკანდინავიის ქვეყნებიდან პირდაპირი და ხელმისაწვდომი ავიარეისების შეთავაზებით ტურისტების სრულიად ახალი სეგმენტი დაინტერესდება საქართველოს მონახულებით.
არის თუ არა კოპენჰაგენის რეისი Norwegian-ისთვის საქართველოში ოპერირების მხოლოდ პირველი ეტაპი, თუ უკვე განიხილავთ ახალი პირდაპირი მიმართულებების დამატებასა და ქსელის გაფართოებას?
კოპენჰაგენი ჩვენთვის ბუნებრივი პირველი არჩევანი იყო, რადგან კვლევებმა აჩვენა, რომ სკანდინავიის ქვეყნებს შორის სწორედ დანიასა და საქართველოს შორის არის მგზავრთა ყველაზე დიდი ნაკადი. ახალი მიმართულებების განხილვა ჯერ ნაადრევია, თუმცა თუ კოპენჰაგენის რეისი წარმატებული იქნება, ბუნებრივია, მომავალში განვიხილავთ სხვა სკანდინავიური ქალაქებიდანაც პირდაპირი რეისების დამატებას.
როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს Norwegian-ის შემოსვლა საქართველოს საავიაციო ბაზარზე კონკურენციის, მგზავრების არჩევანისა და ავიაბილეთების ფასების თვალსაზრისით?
როგორც ყოველთვის, როდესაც ახალი პირდაპირი მიმართულება ემატება ველოდებით, რომ ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან მგზავრების უმრავლესობა უპირატესობას პირდაპირ რეისებს ანიჭებს. ამასთან, ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა გააძლიერებს კონკურენციას და მგზავრებს მეტ არჩევანს შესთავაზებს, რაც დადებითად აისახება ავიაბილეთების ფასებზეც. უფრო ხელმისაწვდომი ტარიფები კიდევ უფრო გაზრდის მგზავრთა რაოდენობას და მთლიანად საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს.
როგორია Norwegian-ის გრძელვადიანი ხედვა საქართველოს მიმართ? ელით თუ არა მომდევნო წლებში ფრენების სიხშირის გაზრდას, ახალი მიმართულებების დამატებასა და ბაზარზე საქმიანობის გაფართოებას?
ჩვენი მიზანია საქართველო ჩვენი მარშრუტების ქსელში პოპულარულ მიმართულებად ვაქციოთ და სკანდინავიის ქვეყნებსა და საქართველოს შორის კავშირი კიდევ უფრო გავაძლიეროთ. კოპენჰაგენსა და თბილისს შორის ახალი რეისის დაწყება, იმედია, Norwegian-ის საქართველოში ოპერირების მხოლოდ დასაწყისია. მომავალში გვინდა გავზარდოთ როგორც ფრენების სიხშირე, ისე დავამატოთ ახალი მიმართულებებიც.
როგორ მიმდინარეობდა პროცესი, რომელმაც Norwegian-ის საქართველოში შემოსვლამდე მიგიყვანათ. როგორ შეაფასებდით თანამშრომლობას საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან (UAG), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საავიაციო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან? რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს თანამშრომლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის?
Norwegian-ის საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების დაწყების პროცესში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან (UAG) და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა, რადგან ეს Norwegian-ისთვის საქართველოში პირველი რეისია, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა უკეთ შეგვეფასებინა ბაზრის პოტენციალი. ყველა ჩართული მხარის მხარდაჭერამ და ძალისხმევამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ეს მიმართულება რეალობად ქცეულიყო.
როგორია თქვენი მოლოდინი ამ მიმართულებაზე მგზავრთა მოთხოვნისა და კომერციული შედეგების მიმართ უახლოეს წლებში? რომელ სეგმენტზე აკეთებთ ძირითად აქცენტს - გამსვლელ ტურისტებზე, საქართველოში შემომსვლელ უცხოელ ვიზიტორებზე, ბიზნესმგზავრებზე თუ ქართულ დიასპორაზე? თქვენი შეფასებით, რომელ სეგმენტში იქნება მოთხოვნა ყველაზე მაღალი?
ამ მიმართულების მიმართ ჩვენი მოლოდინები საკმაოდ მაღალია, რადგან გვჯერა, რომ საქართველო მომდევნო წლებში კიდევ უფრო პოპულარული ტურისტული ქვეყანა გახდება. ვიმედოვნებთ, რომ მოთხოვნა საკმარისად მაღალი იქნება იმისთვის, რომ რეისი მთელი წლის განმავლობაში შევასრულოთ და სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვა ტიპის ტურისტებს მოვემსახუროთ. ჩვენი პროგნოზით, მგზავრთა ძირითად ნაწილს შეადგენენ სკანდინავიელი მოგზაურები, რომლებიც ახალ გამოცდილებას ეძებენ, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ბიზნესმგზავრები.