ავიაკომპანია „ბრიტიშ ეარვეისის" შემოსვლა იქნება ახალი განაცხადი ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის სექტორისთვის - მარიამ ქვრივიშვილი
„დღეს ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის. „ბრიტიშ ეარვეისმა" დღეს შეასრულა პირველი პირდაპირი ფრენა ლონდონი - თბილისის მიმართულებით. ეს იყო საკმაოდ გრძელვადიანი და რთული მოლაპარაკებების პროცესი და ძალიან მოხარული და ამაყი ვარ, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და ასეთი მნიშვნელოვანი მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანური ავიაკომპანიის „ბრიტიშ ეარვეისის" მიერ ლონდონი - თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისის შესრულებასთან დაკავშირებულ მიღებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას.
დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანიის A320 ტიპის ხომალდმა 156 მგზავრით პირველი რეისი შეასრულა. ავიაკომპანია „ბრიტიშ ეარვეისი" ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბრიტანულმა ავიაკომპანიამ პირველი რეისი თბილისის მიმართულებით სრულად დატვირთული ბორტით შეასრულა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ლონდონში თვითმფრინავი ასევე სრული დატვირთვით დაბრუნდება, რაც უკვე მეტყველებს იმაზე, რომ არსებული პირდაპირი ფრენა ძალიან წარმატებული იქნება.
„ჩვენ გვაქვს დაგეგმილი მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები დიდ ბრიტანეთში იმისთვის, რომ საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობა გაიზარდოს. გვაქვს არაერთი პროექტი ავიაკომპანიასთან იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ წავახალისოთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა და დარწმუნებული ვარ, რომ „ბრიტიშ ეარვეისის" შემოსვლა ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის სექტორისთვის ახალი განაცხადი იქნება," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, შედეგად, გაიზრდება ტურისტული ნაკადები დიდი ბრიტანეთიდან, რაც პირველ რიგში, უზრუნველყოფს, რომ გააძლიეროს საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიაში მცირე, საშუალო და მსხვილი მეწარმეები და თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. „შეგვიძლია საფუძვლიანად ვივარაუდოთ, რომ მიმდინარე წელი ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიაში ძალიან წარმატებული იქნება," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურისტული პოტენციალს პოპულარულ ჩინურ პლატფორმაზე Bilibili გაეცნობიან
16.06.2026.12:54
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო პლატფორმის, Bilibili-ს წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ვიზიტის მიზანი საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქვეყნის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების ჩინური აუდიტორიისთვის გაცნობაა.
გაცნობითი ტურის ფარგლებში, Bilibili-ს წარმომადგენლებმა მოინახულეს: თბილისი, მცხეთა, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, სამეგრელო, გურია და აჭარა.
სტუმრები გაეცნენ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, ტურისტულად საინტერესო ადგილებს, გასტრონომიულ ტრადიციებსა და ქართული ღვინის კულტურას.
საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებები მათ საშუალებას მისცემს, ჩინელ მომხმარებლებს გააცნონ საქართველო, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულება.
Bilibili-ს პლატფორმა ჩინეთში განსაკუთრებით პოპულარულია და მას ყოველთვიურად 340 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.