Azerbaijan Airlines-ი ავიაკატასტროფის შემდეგ რუსეთის რამდენიმე ქალაქში ფრენებს აჩერებს
აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ი მისი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ რუსეთის რამდენიმე ქალაქში ფრენებს აჩერებს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
კერძოდ, ავიაკომპანია ხვალიდან წყვეტს ფრენებს ბაქოდან სოჭის, ვოლგოგრადის, უფას, სამარის და მინერალნიე ვოდის მიმართულებით.
თუმცა, ფრენების შესრულება გაგრძელდება მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, ეკატერინბურგის, ყაზანის, ასტრახანისა და ნოვოსიბირსკის მიმართულებით.
Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან 25 დეკემბერს ჩამოვარდა. ის ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. კატასტროფისას თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 38 დაიღუპა.
თავდაპირველად საუბარი იყო იმაზე, რომ თვითმფრინავს ჩიტები შეეჯახნენ, რამაც ავიაკატასტროფა გამოიწვია, თუმცა შემდეგ უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე დაყრდნობით, რომ თვითმფრინავი რუსების მიერ ნასროლმა „ხმელეთი-ჰაერის“ ტიპის რაკეტამ დააზიანა, რამაც მისი ჩამოვარდნა განაპირობა.
სხვა სიახლეები
„საქართველოს, როგორც უსაფრთხო, მრავალფეროვან და ავთენტურ მიმართულებას, მართლაც უსაზღვრო პოტენციალი აქვს“ - Expedia Group Advertising-ის უფროსი რეგიონული მენეჯერი
28.11.2026.18:01
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია - „მეტი, ვიდრე მოგზაურობა: მიმართულებიდან გამოცდილებამდე“ გაიმართა. ღონისძიებაში მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სამოგზაურო პლატფორმის, Expedia Group Advertising-ის უფროსი რეგიონული მენეჯერი (EMEA), ლაურა მილოს სანჩესი მონაწილეობდა.
საერთაშორისო ექსპერტმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შეფასებისას აღნიშნა, რომ ქვეყანას ახალი საერთაშორისო ვიზიტორების მოსაზიდად კარგი პოზიცია აქვს.
"ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, რომ ყველამ ერთ სივრცეში მოიყარა თავი. ავიაკომპანიები, ინდუსტრიის პარტნიორები, სასტუმროები, ასევე სხვადასხვა დარგის ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან აქ, თბილისში შეიკრიბნენ. როგორ შეგვიძლია საქართველოს კიდევ უფრო განვითარება? როგორ მოვიზიდოთ საქართველოში მეტი საერთაშორისო მოგზაური და როგორ გავაცნოთ მათ ქვეყნის ის რეგიონები და ადგილები, რომლებიც აქამდე არ უნახავთ? ვფიქრობ, როგორც უსაფრთხო მიმართულება, ქვეყანა ამჟამად ძალიან კარგ პოზიციაზეა და მასპინძლობს ახალ საერთაშორისო ვიზიტორებს, ასე რომ, პოტენციალი მართლაც უსაზღვროა. საქართველოს ჩემთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს არის იმდენად მრავალფეროვანი და ავთენტური ქვეყანა, რომ აუცილებლად უნდა გააცნოს საკუთარი თავი მთელ მსოფლიოს. - აღნიშნა ლაურა მილოს სანჩესმა.