ბათუმი შავი ზღვის რეგიონში ბიზნესისა და ტურიზმის ახალ ცენტრად ყალიბდება - Business Insider Polska
Business Insider – ის პოლონური გამოცემა ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. პრესტიჟული გამოცემა, რომელიც ძირითადად ბიზნესს სიახლეებზეა ორიენტირებული, მკითხველს ბათუმს, როგორც ბიზნესისა და ტურიზმის ახალ მიმართულებას აცნობს. „ბათუმი სულ უფრო თამამად ცვლის იმ გზავნილს, რომლითაც საკუთარ თავს მსოფლიოს აცნობს. შავი ზღვისპირა კურორტის ტრადიციულ იმიჯს თანდათან ცვლის ამბავი ტურისტულ მიმართულებაზე, რომელსაც სურს მიიზიდოს არა მხოლოდ ტურისტები, არამედ ბიზნესი, ღონისძიებები და ის მოგზაურები, რომლებიც ახალ მიმართულებებს ეძებენ,“ წერია სტატიაში.
Business Insider Polska განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქალაქის ისტორიულ სავაჭრო მნიშვნელობაზე, თანამედროვე ურბანულ განვითარებაზე, საერთაშორისო ბრენდების სასტუმრო ინფრასტრუქტურასა და MICE ტურიზმის (შეხვედრები, კონფერენციები, ინსენტივ-მოგზაურობები და გამოფენები) განვითარების პერსპექტივებზე. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბათუმი ბუნებრივ უპირატესობებს თანამედროვე ინფრასტრუქტურასთან წარმატებით აერთიანებს.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ „ბათუმში მრავლადაა საერთაშორისო სასტუმრო ბრენდებიც, რომლებიც ქალაქის სანდოობას უცხოელი სტუმრების თვალში აძლიერებენ. ისეთი ბრენდების არსებობა, როგორებიცაა Sheraton, Hilton, Radisson Blu, Marriott, Wyndham და Le Meridien, ნიშნავს მომსახურების ცნობად სტანდარტს და იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც უფრო მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებისთვის არის საჭირო. MICE ინდუსტრიისთვის, რომელიც მოიცავს შეხვედრებს, კონფერენციებს, ინსენტივ-მოგზაურობებსა და კორპორაციულ ღონისძიებებს, ასეთი სტანდარტი არსებითად სერიოზული საუბრის საწყისი წერტილია.“
გამოცემა ასევე მიმოიხილავს აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებს - ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, დაცულ ტერიტორიებს, მთიან აჭარას, კულტურულ მემკვიდრეობას, ადგილობრივ გასტრონომიასა და მზარდ ავიამიმოსვლას, რაც რეგიონის ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
სტატიის დასასრულს Business Insider Polska აღნიშნავს, რომ ბათუმი უკვე ფლობს ყველა იმ ძირითად კომპონენტს, რომელიც საერთაშორისო ბიზნესისა და ტურიზმის ცენტრისთვის არის საჭირო და ასკვნის: „ბევრი ქალაქისგან განსხვავებით, რომლებიც საკუთარი თანამედროვეობის შესახებ ამბის შექმნას ცდილობენ, ბათუმს ეს თანამედროვეობა უკვე აქვს... თუ ქალაქი ამ მომენტს სწორად გამოიყენებს, შავი ზღვა მოგზაურთა ნაწილისთვის ბათუმი შესაძლოა აღარ იყოს ნაცნობი რუკის დასასრული და უბრალოდ, ახალი მიმართულების დასაწყისად იქცეს.“
Business Insider Polska პოლონეთის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესგამოცემაა, რომელსაც ყოველთვიურად მილიონობით მკითხველი ჰყავს და რომელიც ეკონომიკის, ინვესტიციების, ფინანსებისა და საერთაშორისო ბიზნესის საკითხებს აშუქებს.
სხვა სიახლეები
როგორია ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა
24.08.2026.21:41
2026 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 365.3 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 699.1 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა შემცირდა 0.1 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2026 წლის II კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 683.4 ათასით განისაზღვრა, რაც 1.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტორების უმრავლესობა, 36.1 პროცენტი, 51-70 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 56.0 პროცენტს შეადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 38.2 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრე- ბელია, 16.3 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.
2026 წლის II კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (52.6 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთის რეგიონსა (საშუალოდ 377.4 ათასი ვიზიტი თვეში) და ქ. თბილისში (საშუალოდ 377.4 ათასი ვიზიტი თვეში).
2026 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 300.7 მილიონი ლარით, რაც 7.2 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 6.0 პროცენტით და 177.0 ლარს გაუტოლდა.