ბათუმი Wanderlust Reader Travel Awards-ზე ევროპის სასურველი სამოგზაურო ქალაქების კატეგორიაშია ნომინირებული
პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო პლატფორმამ Wanderlust ბათუმი ევროპის ყველაზე სასურველი სამოგზაურო ქალაქების ნომინაციაში დაასახელა. Wanderlust Travel Awards-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ისეთ ცნობილ ევროპულ მიმართულებებთან ერთადაა ნომინირებული, როგორებიცაა ბრიუსელი, პორტო, პრაღა, ბერლინი, მადრიდი, ვალენსია, ბუდაპეშტი, დუბლინი, ათენი, ბოლონია, სტამბოლი და ბორდო. ბათუმთან ერთად 2026 წლის Reader Travel Awards-ზე ქვეყნების კატეგორიაში საქართველოა ნომინირებული.
ნომინაციებისთვის ხმის მიცემა მსურველებს 27 ოქტომბრამდე Wanderlust-ის ვებ-გვერდზე: https://www.wanderlustmagazine.com/about-us/our-awards/2026-reader-travel-awards-voting-form/ შეუძლიათ. გამარჯვებული ნოემბერში ლონდონში გამართულ Wanderlust Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.
ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა Wanderlust საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების გამოსავლენად კონკურსს ყოველწლიურად მართავს. ხმის მიცემის შედეგად კი სამოგზაურო გამოცემის მკითხველი მისთვის სასურველ ტურისტულ ქალაქებს, რეგიონებს, ქვეყნებსა და მიმართულებებს ასახელებს. Wanderlust-ის გამოკითხვაში მონაწილეებს შანსი აქვთ, 70 ათასი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ღირებულების სპეციალური ტურები და პრიზები მოიგონ. Wanderlust პრესტიჟული სამოგზაურო ჟურნალია, რომელშიც მკითხველს სხვადასხვა სამოგზაურო მიმართულებებს აცნობს. ის ცნობილია თავისი გამორჩული ფოტოგრაფიითა და სიღრმისეული სამოგზაურო გაიდებით.
სხვა სიახლეები
მცირე ავიაციის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს - თამარ იოსელიანი
05.09.2026.20:42
მცირე ავიაციის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, კახეთის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი დღეა. მისივე განმარტებით, აღნიშნული საფრენი მოედანი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რამდენიმე დღის წინ დაარეგისტრირა.
„წლების განმავლობაში, საკანონმდებლო თუ პრაქტიკულ დონეზე, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა და დღეს უკვე მომსწრე ვართ იმისა, რომ კერძო სექტორი ასეთი ინვესტიციებით ჩაერთო მცირე ავიაციის განვითარებაში. შიდა მობილობისა და აეროპორტების ხელშეწყობისთვის საქართველოს მთავრობა დიდ ინვესტიციებს ახორციელებს. სულ ახლახან გამოცხადდა ტენდერი როგორც თელავის, ისე მესტიის აეროპორტების ტერმინალების მშენებლობაზე. შესაბამისად, ამ მიმართულებით მცირე ავიაციასაც თავისი წვლილი ექნება როგორც ეკონომიკის, ისე ტურიზმის განვითარებაში“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.