ბათუმში მიმტანებისთვის ტრენინგები ჩატარდა
ბათუმში მიმტანებისთვის სერვისის ასამაღლებელი ტრენინგები ჩატარდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 20-მდე მიმტანს ჩაუტარა. ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებმა ისეთი მნიშვნელოვანი თემების შესახებ გაიარეს გადამზადება, როგორიცაა მაგიდის სერვირება, შეკვეთის მიღების სტანდარტები, სტუმრისთვის კერძის/სასმელის მიტანის ეტიკეტი, სტუმრის ფსიქოლოგიური პორტრეტი, კერძების აღწერის წესები და კონფლიქტური სიტუაციების მართვა. პრაქტიკული სწავლებისას მიმტანებმა ასევე დახვეწეს სასმელების დასხმის ტექნიკა, თეფშებისა და ლანგრის ხელით ტარების ტექნიკა, მაგიდის სერვირება ხელსაწყოებით, სტუმართან ანგარიშსწორების წესი, მისალმება და გაცნობა. ტრენინგების მიზანი რეგიონში დასაქმებული მიმტანების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და პროფესიული დონის ამაღლებაა.
ამ ეტაპზე, ინტერნსიური ტრენინგ-კურსი მიმდინარეობს დამწყები გიდებისთვის. გიდების გადამზადების პროგრამა მოიცავს, როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ასევე, ქალაქის მარშრუტებზე და ობიექტებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებას და პრაქტიკულ გამოკითხვებს. გიდების გადამზადების პროგრამაში 30-მდე დამწყები გიდია ჩართული. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გასაუმჯობესებელ ტრენინგებს ასევე გეგმავს ბარმენებისთვის, მზარეულებისთვის, გიდებისა და განთავსების ობიექტების თანამშრომლებისთვის.
სხვა სიახლეები
Norwegian-ის შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ქვეყნის ევროპასთან საჰაერო დაკავშირებადობისა და ავიაციის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია - ლევან მოსეშვილი
28.06.2026.23:54
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ნორვეგიის ყველაზე დიდმა და სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian-მა დაიწყო. ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეგულარული რეისი შეასრულა, რითაც თბილისსა და კოპენჰაგენს შორის ისტორიაში პირველი პირდაპირი რეგულარული ფრენა განხორციელდა.
კოპენჰაგენი–თბილისი–კოპენჰაგენის მიმართულებით ავიაკომპანია ფრენებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით მიღება გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე დაესწრნენ.
ლევან მოსეშვილის განცხადებით, ახალი მიმართულება საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარებისა და ევროპასთან საჰაერო დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ,,დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქები ისტორიაში პირველად დაუკავშირდნენ ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო გზით, რაც ქვეყნის საავიაციო ბაზრის განვითარებისა და ევროპასთან საჰაერო დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახალი მიმართულება გააძლიერებს ბიზნეს და ტურისტულ მიმოსვლას, ხოლო დანიიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორების მოზიდვას შეუწყობს ხელს, რაც ავიაციის, ტურიზმის სექტორისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე დადებითად აისახება“. – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
საინაუგურაციო რეისი Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდა, რომლის ფარგლებშიც კოპენჰაგენიდან თბილისში 180 მგზავრი ჩამოფრინდა. ეს მაჩვენებელი პირველი რეისისთვის ძალიან მაღალია და ნათლად აჩვენებს მიმართულების მიმართ დიდ ინტერესს.