ბათუმში სასტუმრო Landmark გაიხსნა - ინვესტიცია 3 მლნ დოლარია
ბათუმში კიდევ ერთი ახალი სასტუმრო გაიხსნა. სასტუმრო Landmark-მა სტუმრების მიღება უკვე დაიწყო და ზაფხულის ცხელი სეზონისთვის მაღალი დატვირთულობის მოლოდინშია.
Landmark-ი ჰაიდარ აბაშიძის #26-ში მდებარეობს და ის კომპანია „გესთ გრუპის“ საკუთრებაა.

როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია „გესთ გრუპის“ ერთ-ერთმა მფლობელმა და დირექტორმა ნუკრი შარაძემ განაცხადა, განთავსების ობიექტი 45 ნომერზეა გათვლილი.
„სასტუმრო Landmark-მა სტუმრების მიღება უკვე დაიწყო და ჩვენი სასტუმროს დაჯავშნა თითქმის ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან არის შესაძლებელი. რაც შეეხება ადგილობრივ ჯავშნებს მივიღებთ ვებ-გვერდის და სასტუმროს სოციალური ქსელების მეშვეობით. ასევე ვაპირებთ, რომ Landmark-ის შეთავაზებები გავაკეთოთ HotSale-სა და Swoop-ის მეშვეობით.

იმისათვის, რომ სასტუმროს ცნობადობის გაზრდა მოხდეს, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ტურისტულ კომპანიასთან, მით უმეტეს პარტნიორი სასტუმრო „მონარქიდან“ გამომდინარე ამისი დიდი გამოცდილება გაგვაჩნია“, - აცხადებს ნუკრი შარაძე.

Landmark-ში დატვირთულობის ზრდას ერთ თვეში ელოდებიან, რადგანაც ზაფხულის ტურისტული სეზონი მალე ოფიციალურად გაიხსნება. როგორც სასტუმროში განმარტავენ, უკვე შემოსულია ჯგუფური ჯავშნებიც.
Landmark-ის მშენებლობაში „გესთ გრუპმა“ 3 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. სასტუმრო საშუალო შემოსავლიან სეგმენტზე გათვლილი.

აღსანიშნავია, რომ “გესთ გრუპის“ ერთ-ერთი თანამფლობელი ბიზნესმენი გია ლომინაძეა, რომლის „ინს გრუპი“ ბათუმში მაღალი კლასის სასტუმრო სასტუმრო „მონარქს“ უკვე ფლობს.
სასტუმრო „მონარქი“ ბათუმში 2022 წლიდან ფუნქციონირებს. სასტუმრო ბათუმის ძველ, ცენტრალურ უბანში, ახმედ მელაშვილის #37-ში მდებარეობს. პროექტში კომპანიამ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

სამომავლოდ კი „ინს გრუპი“ გაფართოებასა და სასტუმროს გახსნას თბილისშიც განიხილავს, რომლისთვისაც ფართის მოძიებას უკვე 2025 წლიდან დაიწყებს.
სხვა სიახლეები
Le Figaro: „საქართველო - ემოციების ისტორია“
08.06.2026.13:47
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროპის ბაზარზე მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას აქტიურად აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები რეიტინგულ ფრანგულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა.
საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა Le Figaro სტატიაში, სათაურით „საქართველო - ემოციების ისტორია” (La Géorgie, une histoire d’emotions), ქვეყანას აღწერს, როგორც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე უნიკალური დანიშნულების ადგილს, რომელიც მოგზაურებს საოცარი ბუნებრივი მრავალფეროვნებით, კულტურული მემკვიდრეობითა და ღირსშესანიშნაობებით ხიბლავს.
სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეს და დაცულ ტერიტორიებს ეთმობა, აღნიშნულია ქვეყნის გამაჯანსაღებელი და ველნეს ტურიზმის პოტენციალი, მრავალრიცხოვანი მინერალური წყაროები და თერმული კურორტები.
Le Figaro-ს სტატია მკითხველს ვრცლად აცნობს საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას, უნიკალურ დამწერლობას, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ქართულ ძეგლებს - მცხეთას, გელათის მონასტერს, სვანურ კოშკებს. სტატიაში ხაზგასმულია საქართველოში მეღვინეობის 8000-წლიანი ისტორია და ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიცია. ასევე ადგილი ეთმობა მდიდარ ქართულ კულინარიას, სტუმართმოყვარეობის სიმბოლოს - ტრადიციულ სუფრას და თამადის ინსტიტუტს.
ცივილიზაციის საწყისებთან საქართველოს მჭიდრო კავშირს გავლენიანი ფრანგული გამოცემა ასე აფასებს: „ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პური და ღვინო, ადამიანის სოფლის მეურნეობის და, შესაბამისად, ჩვენი ცივილიზაციის საფუძველი ქართული წარმოშობისაა. კიდევ უფრო მეტი მიზეზია, პატივი მივაგოთ მათ, თუნდაც, სიმღერით, რატომაც არა? მომხიბვლელი პოლიფონიური ქართული სიმღერით ტკბობით, რომელიც ხშირად სუფრის დასასრულს ალამაზებს და სტუმრებს აღაფრთოვანებს. ყველა ეს ემოცია - საქართველოა...“
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, Le Figaro-სა და სხვა მაღალრეიტინგულ ევროპულ მედიასაშუალებებში საქართველოს პოზიციონირება მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ცნობადობას ევროკავშირის სტრატეგიულ ბაზრებზე და ხელს უწყობს მაღალმხარჯველობითი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.