ჩვენ არ უნდა ვიყოთ მიბმული მხოლოდ ერთ კონკრეტულ პერიოდზე და არ უნდა ვაკეთებდეთ აქცენტს ექსკლუზიურად ზაფხულის სეზონზე - ნატა კვაჭანტირაძე
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის, ნატა კვაჭანტირაძის განცხადებით, გეოპოლიტიკური ვითარება ტურიზმის განვითარებაზე მკვეთრად აისახება, თუმცა სექტორისთვის მნიშვნელოვან გამოწვევებად კვლავ რჩება კვალიფიციური კადრების, სერვისის ხარისხისა და ინფრასტრუქტურის საკითხები.
„არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა ძალიან მკვეთრად და ცალსახად აისახება ტურიზმის განვითარებაზე.
თუმცა, ქვეყნის შიგნით არსებული გამოწვევები, რომლებზეც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, თან ახლავს ბიზნესის განვითარებას. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ კვალიფიციური კადრების მომზადება, სერვისის გაუმჯობესება და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, არამედ სეზონურობის დაძლევა და პროდუქტების დივერსიფიკაცია. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მიბმული მხოლოდ ერთ კონკრეტულ პერიოდზე და არ უნდა ვაკეთებდეთ აქცენტს ექსკლუზიურად ზაფხულის სეზონზე ან მხოლოდ ზამთრის კურორტებზე.
ქვეყნის შიგნით ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, რომ აუცილებელია ოთხივე სეზონის პროდუქტების შექმნა და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება, თუმცა ეს პროცესი რეალურ, ხელშესახებ ფაქტებზე უნდა იყოს დაფუძნებული.
ასოციაციის ჭრილში ჩვენ არაერთი ინიციატივა გვაქვს, რომლებითაც ვცდილობთ, მაქსიმალურად გავუწიოთ ანგარიში სექტორის წარმომადგენლების, განსაკუთრებით კი ჩვენი წევრების მოთხოვნებს. შესაბამისად, ჩვენს ახალ სტრატეგიაში მკაფიოდ განვსაზღვრეთ ის შესაძლებლობები, რომლებიც უშუალოდ ბიზნესს მისცემს ხელსაწყოებს ამ გამოწვევების დასაძლევად, რათა მხოლოდ სხვის ინიციატივებზე არ ვიყოთ დამოკიდებულები.
ეს არის მაქსიმუმი, რაც დღეს შეგვიძლია გავაკეთოთ ბიზნესისთვის, როგორც საჯარო უწყებებთან პარტნიორობით, ისე უშუალოდ ბიზნესებს შორის კოლაბორაციის გზით“, - აღნიშნა ნატა კვაჭანტირაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.
სხვა სიახლეები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საერთაშორისო ექსპერტმა ჯული პილკინგტონმა სექტორის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი გამართა
24.07.2026.15:10
მომსახურების სფეროში ხარისხის გაუმჯობესებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორისთვის უსასყიდლო ტრენინგებს აგრძელებს.
ადმინისტრაციის ორგანიზებით, სტუმარმასპინძლობის სფეროს საერთაშორისო ექსპერტმა, ჯული პილკინგტონმა სასწავლო კურსი „Sales Excellence“ (გაყიდვების ეფექტიანობა) ჩაატარა.
ტრენინგს ტურიზმის ინდუსტრიის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად გაეცნენ გაყიდვების თანამედროვე მიდგომებს, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, კლიენტის საჭიროებების ანალიზს, გარიგებების წარმატებით დასრულებასა (Closing) და ანგარიშების მართვას (Account Management).
ტრენინგი შემდეგ თემებს მოიცავდა:
• გაყიდვების წარმატების საფუძვლები;
• ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
• ორგანიზაციის ღირებულებებისა და შესაძლებლობების გააზრება;
• კლიენტის საჭიროებების ანალიზი;
• გარიგების წარმატებით დასრულება (Closing);
ჯული პილკინგტონს 20 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს სასტუმროებისა და ტურიზმის სფეროში. მუშაობდა წამყვან საერთაშორისო კომპანიებსა და სასტუმრო ბრენდებში ავსტრალიაში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში, სადაც ხელმძღვანელობდა გაყიდვების, ბიზნესის განვითარების, მარკეტინგისა და ოპერაციული მართვის მიმართულებებს. არის სერტიფიცირებული ტრენერი სტუმარმასპინძლობის სფეროში და აქვს თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოში ტურიზმის სექტორში ჩართულ პირებთან.
ჯული პილკინგტონმა 2017 და 2018 წლებში ტრენინგები ჩაატარა ტურიზმისა და მომსახურების ხარისხის განვითარების მიმართულებით. ამჟამად იკავებს Senior Account Manager-ის პოზიციას კომპანია Nuvho-ში და მუშაობს სასტუმროების სტრატეგიული განვითარების, გაყიდვებისა და ბიზნესპარტნიორობების მიმართულებით.