ჩვენი ქვეყნისთვის დიდი აღიარებაა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოხვდა ევროპის წამყვანი აეროპორტების ხუთეულში - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოს ავიაციის ინდუსტრია ძალიან მზარდია, აქტიურად ვითარდება და ეს მნიშვნელოვანი საფუძველია, მათ შორის, იმ აღიარებისთვის, რომლის მიხედვით, ქვეყნის მთავარი აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა.
„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი აღიარებაა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოხვდა ევროპის წამყვანი აეროპორტების ხუთეულში. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ის, რომ ჩვენი ქვეყნის ავიაციის ინდუსტრია მზარდია, ვითარდება და მიმდინარე წელს გვაქვს ძალიან ბევრი სიახლე როგორც ახალი ავიაკომპანიების შემოსვლის, ისე პირდაპირი რეისების დამატების კუთხით" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში ოპერირებას იწყებენ ისეთი ახალი ავიაკომპანიები, როგორიცაა „ბრიტიშ ეარვეისი", „იზიჯეტი, " „ავსტრიის ავიახაზები", ასევე „ტრანსავია," რომელიც დამატებით იფრენს საფრანგეთის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ამავდროულად, საავიაციო ინდუსტრიას დაემატება ახალი პირდაპირი ფრენები, მათ შორის, დიდ ბრიტანეთთან და შვეიცარიასთან.
„ეს ყველაფერი კი უზრუნველყოფს მგზავრთთნაკადის, ტურისტული ნაკადების ზრდას, ჩვენი სექტორების მდგრად და დივერსიფიცირებულ განვითარებას. საქართველოს მთავრობა განაგრძობს ყველა იმ ღონისძიების, აქტივობისა თუ პროექტის განხორციელებას, რომელიცხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და უშუალოდ როგორც საავიაციო, ისე ტურისტული სექტორების კიდევ უფრო განვითარებას" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
Routes Europe-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დაასახელა. ევროპის წლის საუკეთესო აეროპორტი 9 აპრილს, სევილიაში საავიაციო ფორუმ Routes Europe 2025-ის ფარგლებში დაჯილდოვების ცერემონიალზე გამოვლინდება. აქვე დასახელდება ევროპის წლის საუკეთესო ავიაკომპანია და ტურისტული მიმართულება.
2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და გასულ წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 29 %-ით გაიზარდა.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წინასწარი პროგნოზით, ახალი ავიაკომპანიებისა და არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების ზრდის გათვალისწინებით, 2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 4 % მოიმატებს და 5 მილიონამდე გაიზრდება.
თბილისის აეროპორტთან ერთად 5 საუკეთესო ნომინანტთა შორის მოხვდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ისეთი ქალაქების აეროპორტები, როგორებიცაა: ბრემენი, კორფუ, ლონდონი (Southend Airport) და ვილნიუსი.
სხვა სიახლეები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებას ქუთაისში უმასპინძლებს - მედეა ჯანიაშვილი
22.05.2026.14:22
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს - დამოუკიდებლობის დღეს, ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე აღნიშნავს. ასევე მოგეხსენებათ, რომ წელსვე ვზეიმობთ არანაკლებ მნიშვნელოვან თარიღს - საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. ქუთაისელებსა და ქალაქის სტუმრებს, რომლებიც 26 მაისს ქუთაისის მთავარ მოედანზე მოვლენ, შევთავაზებბთ სპეციალურ სივრცეს, სადაც ისინი გაეცნობიან როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიას, ასევე ქუთაისისა და მთლიანად რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, რაც გამოხატულია ჩვენი უძველესი ისტორიით, უნიკალური კულტურითა და ბუნებრივი რესურსებით,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის ეთერში.
როგორც მედეა ჯანიაშვილმა აღნიშნა, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა სივრცე საქართველოს გასტრონომიის წარმოსაჩენად, სადაც ადგილობრივ კულინარიასთან ერთად სტუმრები ქართული ღვინოს დააგემოვნებენ.
“26 მაისის ღონისძიებების უდიდესი ნაწილი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება საბავშვო და შემეცნებითი აქტივობები ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. ამდენად, ქუთაისსა და მიმდებარე დასახლებებიდან ყველა მშობელს მოვუწოდებ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ბავშვებთან ერთად მოვიდნენ,“ - აღნიშნა მედეა ჯანიაშვილმა.
პროგრამის მიხედვით, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე თემატური შემეცნებითი, სამეწარმეო და გასტრონომიული სივრცეები ამოქმედდება. მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა საბავშვო-გასართობი აქტივობები, სამეცნიერო ექსპერიმენტების შოუ, თეატრალური წარმოდგენები და მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა, საღამოს კი ქუთაისშიც ცოცხალი შესრულებით სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდება. ღონისძიებას გალა კონცერტი დაასრულებს.