ჩვენი მიზანია, ITB China-ს გამოფენის სტუმრებს ქართული კულინარია მაღალ დონეზე გავაცნოთ - ირაკლი ასათიანი
საქართველო ITB China-ს ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ქართველი შეფ-მზარეულები გამოფენის მონაწილეებს ტრადიციულ კერძებს გააცნობენ და კულინარიულ მასტერკლასებს გამართავენ.
გამოფენაზე ქართული სამზარეულოს წარდგენის მნიშვნელობაზე შეფ-მზარეული ირაკლი ასათიანი საუბრობს:
„ჩვენი 20-კაციანი გუნდი, რომელიც მზარეულებისგან შედგება, მიემგზავრება ჩინეთში. ჩვენი მიზანია, ITB China-ს გამოფენის სტუმრებს ქართული კულინარია მაღალ დონეზე გავაცნოთ. ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის. როგორც ვიცით, ქართული კულინარია და ქართული ღვინო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საგანძურია, ამიტომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. სტუმრების მხრიდან მოლოდინები დიდია და დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს ძალიან კარგი გაცნობითი ხასიათი ექნება“.
შანხაიში, გამოფენის დაწყებამდე, საქართველოს სახელით საზეიმო მიღება გაიმართება, რომელსაც 700-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება.
გამოფენის ოფიციალური გახსნა საქართველოს სტენდთან მაღალი რანგის დელეგატების ვიზიტით დაიწყება. სამი დღის განმავლობაში ეროვნული სტენდის ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ.
სხვა სიახლეები
სვანეთი ფრირაიდის მსოფლიო ტურს მეოთხედ უმასპინძლებს
29.10.2026.18:13
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ორგანიზებით, 2027 წლის 20-26 თებერვლის ჩათვლით, სვანეთში, კურორტ თეთნულდზე, ფრირაიდის მსოფლიო ტური გაიმართება. შეჯიბრების კონკრეტული დღე ამინდისა და თოვლის პირობებიდან გამომდინარე გადაწყდება.
საქართველო მეოთხე წელია ფრირაიდის მსოფლიო ტურის კალენდარშია და კვლავ იმ ექვს ექსკლუზიურ ქვეყანას შორისაა, რომლებიც მსოფლიოს გამორჩეულ ფრირაიდერებს მასპინძლობენ. 2027 წლის სეზონზე ტურის ეტაპები ესპანეთში, საფრანგეთში, საქართველოში, ავსტრიაში, აშშ-სა და შვეიცარიაში ჩატარდება. საიუბილეო, მე-20 სეზონზე 53 სპორტსმენი თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალში, ქალებისა და კაცების ოთხ კატეგორიაში, ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
საქართველომ ფრირაიდის მსოფლიო ტურს პირველად 2024 წელს უმასპინძლა. საერთაშორისო კალენდარში დამკვიდრებამ მესტიისა და თეთნულდის, როგორც ფრირაიდის მიმართულების, ცნობადობის ზრდას შეუწყო ხელი. საქართველოს მთების ბუნებრივი რელიეფი და გაუკვალავ თოვლში სრიალის შესაძლებლობები ქვეყანას ამ სპორტის მოყვარულებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს.
საქართველოში მსოფლიო ტურის მასპინძლობა მნიშვნელოვანია ზამთრის სპორტისა და სამთო ტურიზმის განვითარებისთვის. ღონისძიება ქვეყნის შესაძლებლობებს საერთაშორისო აუდიტორიას აცნობს და ხელს უწყობს სვანეთის, როგორც სათხილამურო და სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულების, პოპულარიზაციას.
ფრირაიდი ბუნებრივ, რთულ მთიან რელიეფზე, გაუკვალავ თოვლში თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალს გულისხმობს. მსოფლიო ტური 2008 წლიდან ტარდება. 2022 წლის დეკემბრიდან FWT საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) ნაწილია. 2026 წლიდან კი ფრირაიდი პირველად შევიდა ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. მისი ოლიმპიური დებიუტი 2030 წელს, საფრანგეთის ალპებში გაიმართება.