ჩვენი პროგნოზი გამართლდა, ტურისტული ვიზიტების სწრაფი ტემპით აღდგენა გრძელდება - მაია ომიაძე
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე 2023 წლის 9 თვის სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს. მაია ომიაძის განცხადებით, 3 კვარტლის მონაცემებით ტურისტული ვიზიტები პანდემიურ პერიოდთან შედარებით თითქმის სრულად აღდგა.
„2023 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით საქართველოს 5 მილიონი 600 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით თითქმის 80 %-ით აღდგენა გვაქვს. ასევე აღსანიშნავია, რომ 2022 წელთან მიმართებით +43%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 9 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3,655,576 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.6%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +35.2%-ია“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. მაია ომიაძის თქმით ტურისტული ვიზიტების სწრაფი ტემპით აღდგენა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სწორი სტრატეგიის შედეგია.
„მინდა ხაზი გავუსვა ფაქტს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგნოზები გამართლდა და ტურისტული ვიზიტების სწრაფი ტემპით აღდგენა გრძელდება. ძალიან სწორი მარკეტინგული სტრატეგიით მივდივართ, ჩვენი სამიზნე ქვეყნებია: გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ევროპის სხვა სახელმწიფოები, ასევე აღმოსავლეთის, სპარსეთის ყურისა და შორეული ქვეყნები: ინდოეთი, ჩინეთი, აშშ. სწორედ ეს სახელმწიფოები, ასევე მეზობელი ქვეყნები გამოირჩევიან საქართველოში ტურისტების რაოდენობით“,-აცხადებს მაია ომიაძემ.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-სექტემბრის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 2023 წლის I-III კვარტალში საქართველოში 5,566,980 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 76.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +43%-ია.
9 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3,655,576 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +35.2%-ია.
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.
სხვა სიახლეები
ღვინის ტურიზმში ინიციატივები მხოლოდ შემოდგომის პერიოდსა და რთველზე არ უნდა იყოს კონცენტრირებული - ნატა კვაჭანტირაძე
29.05.2026.19:30
ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველო ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად იქცეს, თუმცა, ამ გზაზე რეალური, ქმედითი ნაბიჯები სწორედ ახალი პროდუქტების შექმნას უკავშირდება, - განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ნატა კვაჭანტირაძემ.
ნატა კვაჭანტირაძის განცხადებით, ტურიზმის სექტორში სეზონურობის დაბალანსებისთვის აუცილებელია ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა და შეთავაზებების მაქსიმალური გამრავალფეროვნება.
„ახლა ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ახალ შესაძლებლობებზე, რაც სამედიცინო და ველნეს ტურიზმის განვითარებას უკავშირდება. ასევე მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმი, სადაც ინიციატივები მხოლოდ შემოდგომის პერიოდსა და რთველზე არ უნდა იყოს კონცენტრირებული.
დღეს ბევრი ევროპული ქვეყანა, როგორიცაა პორტუგალია და ესპანეთი, ზამთარშიც კი აქტიურად ცდილობს ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციას და ამ გზით ქვეყანაში უამრავი სტუმარი ჩაჰყავს. ჩვენ შეგვიძლია ეს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება გავიზიაროთ, რათა ჩვენთანაც ბევრად უფრო საინტერესო გახდეს ზამთრის პერიოდი. ეს ასევე ეხება MICE მიმართულებასაც, სადაც აქცენტი ბიზნეს ტურიზმის განვითარებაზე უნდა გაკეთდეს.
დღეს ბევრი აღნიშნავს და ეს რეალურადაც ასეა, ჩვენს ასოციაციაში შემავალი MICE ტურიზმის კომპანიები საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგანან. მით უმეტეს ახლა, როდესაც გარე ფაქტორების ფონზე ვცდილობთ, საქართველო ბიზნეს-მომხმარებლებისთვის საინტერესო და მიმზიდველ მიმართულებად ვაქციოთ. ამ მიზნის მიღწევას, ბუნებრივია, ძალიან დიდი და კომპლექსური მუშაობა სჭირდება“, - განმარტავს ნატა კვაჭანტირაძე.
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა უსაფრთხო და თავისუფალი გადაადგილებაა, თუმცა სექტორისთვის მნიშვნელოვანია ახალი შესაძლებლობებისა და მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების დამატებაც.
„ძალიან კარგია, რომ ჩვენ გვაქვს უსაფრთხო ქვეყნის რეპუტაცია და სწორედ ასე ვპოზიციონირებთ. ქვეყნის შიგნით გადაადგილება არის უსაფრთხო, თავისუფალი და მაქსიმალურად გამარტივებული. თუმცა, ამასთანავე აუცილებელია ახალი შესაძლებლობების შექმნაც, რათა ბიზნესმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნოს თავისი შეთავაზებები. რაც შეეხება საერთაშორისო გამოფენებს, რომლებიც ჩვენს დღის წესრიგშია, ახლაც ჩინეთში მიმდინარეობს ITB China. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ქვეყნის ცნობადობის გაზრდისა და პოზიციონირებისთვის. თუმცა, აქ ორი მთავარი საკითხი იკვეთება: პირველი, რას ვთავაზობთ ჩვენ გარე მომხმარებელს და მეორე, ქვეყნის შიგნით რა განმასხვავებელი ნიშანი გვაქვს, რით არის უნიკალური საქართველო.
ჩვენი ქვეყანა უნიკალურია თავისი ბიომრავალფეროვნებით, ბუნებრივი და კულტურული რესურსებით, ფოლკლორითა თუ გასტრონომიით. სწორედ ამ მრავალფეროვანი შეთავაზებების ერთმანეთთან კომბინირება აუცილებლად მოგვცემს იმ შედეგს, რომელიც მხოლოდ ზაფხულის სეზონით არ შემოიფარგლება და მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს.
დღეს ზაფხულის სეზონზე სასტუმროების, გიდების, ტრანსპორტისა თუ ტურიზმთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა მიმართულების დატვირთულობა მართლაც ძალიან მაღალია. თუმცა, სწორედ ახალი პროდუქტების შექმნა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დაბალანსებული შეთავაზებებით წარდგენა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ თანაბრად დატვირთული იყოს როგორც გაზაფხული, ისე ადრეული შემოდგომა და გვიანი ზამთრის პერიოდიც“, - აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.