ჩვენი სტრატეგია ბაზრების დივერსიფიკაციაში მდგომარეობს - მაია ომიაძე
„ჩვენი სტრატეგია ბაზრების დივერსიფიკაციაში მდგომარეობს“, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემაში Business Insider Georgia სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სამიზნე ბაზრებიდან მეტი ტურისტი მოვიზიდოთ.
მაია ომიაძის განცხადებით, მიმდინარე გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიამ პირველი კვარტალი პოზიტიური შედეგებით დაასრულა. მათ შორის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა.
„პირველი კვარტალი, მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, მოულოდნელად პოზიტიური აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, მსოფლიოში არსებული ვითარება ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიაზე ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს, თუმცა მაინც შევძელით, რომ პირველი კვარტალი ზრდით დაგვესრულებინა - მათ შორის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან 8%-იანი მატება გვქონდა. ცხადია, პროგნოზები და მოლოდინები მსოფლიოში არსებული მდგომარეობის შესაბამისად გადაიხედება.
აღსანიშნავია ტენდენცია, რომ ფრენების აღდგენის დინამიკას ყოველდღიურად ვაკვირდებით, იქნება ეს ისრაელი, დუბაი თუ ზოგადად ახლო აღმოსავლეთი. ჩვენი სტრატეგია ბაზრების დივერსიფიკაციაში მდგომარეობს. ვგეგმავთ, რომ იქ, სადაც ცნობადობა უკვე მაღალია, მაგალითად, შუა აზიაში - ტურისტული ნაკადები კიდევ უფრო გავზარდოთ. დივერსიფიკაცია გვეხმარება, არ ვიყოთ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ბაზარზე დამოკიდებულნი“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
სხვა სიახლეები
მცირე ავიაციის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს - თამარ იოსელიანი
05.09.2026.20:42
მცირე ავიაციის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, კახეთის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი დღეა. მისივე განმარტებით, აღნიშნული საფრენი მოედანი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რამდენიმე დღის წინ დაარეგისტრირა.
„წლების განმავლობაში, საკანონმდებლო თუ პრაქტიკულ დონეზე, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა და დღეს უკვე მომსწრე ვართ იმისა, რომ კერძო სექტორი ასეთი ინვესტიციებით ჩაერთო მცირე ავიაციის განვითარებაში. შიდა მობილობისა და აეროპორტების ხელშეწყობისთვის საქართველოს მთავრობა დიდ ინვესტიციებს ახორციელებს. სულ ახლახან გამოცხადდა ტენდერი როგორც თელავის, ისე მესტიის აეროპორტების ტერმინალების მშენებლობაზე. შესაბამისად, ამ მიმართულებით მცირე ავიაციასაც თავისი წვლილი ექნება როგორც ეკონომიკის, ისე ტურიზმის განვითარებაში“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.