Dan Air იქნება ევროპიდან რიგით მე-17 ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში ფრენებს განახორციელებს - ალექსანდრე გაჩეჩილაძე
საქართველოს ავიაბაზარს კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია ემატება. რუმინული Dan Air თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების შესრულებას მომავალი თვიდან შეუდგება.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძე აცხადებს, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება და ფრენები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება.
„Dan Air იქნება ევროპიდან რიგით მე-17 ავიაკომპანია, რომელიც განახორციელებს ფრენებს, ხოლო ბუქარესტი-თბილისის მიმართულება იქნება რიგით 42-ე საჰაერო ხაზი, სადაც შესრულდება ფრენები.
საქართველოსა და ევროპას შორის ამჟამად ფრენები ხორციელდება 160 სიხშირით. ევროპული ავიაკომპანიების წილი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 35%-ს შეადგენს და აღნიშნული მაჩვენებლები ნათლად მეტყველებს იმას, რომ საქართველოსა და ევროპას შორის საჰაერო მიმოსვლა წლიდან წლამდე სტაბილურად იზრდება", - განაცხადა ალექსანდრე გაჩეჩილაძემ.
სხვა სიახლეები
29 ივლისს თბილისს სტუმარ-მასპინძლობის სფეროს საერთაშორისო ექსპერტები ჰარი ჯონსონი და ნიტინ ტარიანი ეწვევიან, რომლებიც Executive Leadership Workshop-ს ჩაატარებენ
27.07.2026.10:05
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ორგანიზებით, სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ში გაიმართება Executive Leadership Workshop - ერთდღიანი ინტენსიური პროგრამა ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროს პროფესიონალებისთვის.
ვორქშოპს გაუძღვებიან საერთაშორისო ექსპერტები: ჰარი ჯონსონი და ნიტინ ტარიანი, რომლებიც მონაწილეებს გაუზიარებენ უახლეს საერთაშორისო პრაქტიკას ხელოვნური ინტელექტის, კომერციული ეფექტიანობისა და სტრატეგიული ლიდერობის მიმართულებით.
დღეს ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში წარმატება სულ უფრო მეტად განისაზღვრება იმით, რამდენად სწრაფად ახერხებს ბიზნესი ცვლილებებთან ადაპტირებას, ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენებას და კონკურენტული უპირატესობის შექმნას.
სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ შეიქმნა Executive Leadership Workshop, ინტენსიური პროგრამა, რომელიც მონაწილეებს მისცემს ცოდნასა და ინსტრუმენტებს, რომელთა პრაქტიკაში გამოყენებასაც დაუყოვნებლივ შეძლებენ.
რას მოიცავს პროგრამა
• ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ ინსტრუმენტებს ყოველდღიური მართვის, კომერციული საქმიანობისა და სტუმრის გამოცდილების გასაუმჯობესებლად
• თანამედროვე მიდგომებს უფრო სწრაფი, ზუსტი და ინფორმირებული ბიზნესგადაწყვეტილებების მისაღებად
• პრაქტიკულ გზებს სასტუმროსა თუ ტურისტული ბიზნესის ხილვადობის, კომერციული შედეგებისა და გაყიდვების გასაზრდელად
• ეფექტიან მეთოდებს პროდუქტიულობის, გუნდის მუშაობისა და სტუმრის გამოცდილების გასაუმჯობესებლად
• ხედვას, თუ როგორ ქმნის ყოველდღიური საოპერაციო გადაწყვეტილებები ბიზნესის გრძელვადიან ღირებულებასა და მდგრად კონკურენტულ უპირატესობას.
ვორქშოპი განკუთვნილია: კომერციული და საოპერაციო მიმართულებების ხელმძღვანელებისთვის, გაყიდვების, მარკეტინგისა და Revenue Management-ის პროფესიონალებისთვის, გენერალური მენეჯერებისთვის, ტურისტული კომპანიებისთვის, DMC-ებისა და MICE სექტორის წარმომადგენლებისთვის, ასევე მეწარმეებისა და ტურიზმის ინდუსტრიის სხვა გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის.
ვორქშოპში მონაწილეობას მიიღებს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ტექნოლოგიური პარტნიორი Emerging Travel Georgia, რომელიც AI Hotel Challenge-ის ფარგლებში წარმოაჩენს, თუ რა გავლენას ახდენს ციფრული პოზიციონირება AI ძიების შედეგებზე.
პროექტის სტუმარმასპინძლობის გამოცდილების პარტნიორი კომპანია Qualiko-ს შეფ-მზარეული ვორქშოპის მონაწილეებს სპეციალურად მომზადებული კერძებით გაუმასპინძლდება.
ვორქშოპი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდება.
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება წარმოადგენს პროფესიულ პლატფორმას, რომლის მიზანია საქართველოს ტურიზმის ეკოსისტემის გაძლიერება, თანამედროვე ცოდნის გაზიარება და ინდუსტრიაში მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება.