Delfi Estonia აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს
ესტონეთის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინმედია Delfi Estonia აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ვრცელ სტატიას უძღვნის. გამოცემა მკითხველს რეგიონში მოგზაურობის შესაძლებლობებს, ბათუმის ტურისტულ პროდუქტებს, აჭარის ბუნებას, კულტურას, სამზარეულოსა და აქტიური ტურიზმის მიმართულებებს აცნობს.
სტატიაში ყურადღება გამახვილებულია აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პოტენციალზე. გამოცემა აღნიშნავს, რომ რეგიონი ვიზიტორებს ზღვისპირა დასვენებასთან ერთად მთიანი აჭარის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის შესაძლებლობას სთავაზობს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბათუმს, როგორც რეგიონის მთავარ ტურისტულ ცენტრს, მის ისტორიულ ნაწილს, ბულვარსა და თანამედროვე არქიტექტურას.
,,სწორედ ლანდშაფტის მრავალფეროვნება და აქტივობების სიმრავლე აქცევს ბათუმსა და აჭარას სხვადასხვა ინტერესის მქონე მოგზაურებისთვის შესანიშნავ მიმართულებად. ერთი დღე შეგიძლიათ ბათუმის ძველი ქალაქისა და ზღვისპირა ბულვარის აღმოჩენას დაუთმოთ, მეორე — მტირალას ტყეებში ლაშქრობას, მესამე კი ქედის ღვინის მარნებსა და მთიან სოფლებში მოგზაურობას,“ წერია სტატიაში.
Delfi Estonia ასევე მიმოიხილავს კულინარიასა და ღვინის კულტურას. გამოცემა მკითხველს ადგილობრივ კერძებსა და ქედის მარნებს აცნობს და ხაზს უსვამს ქართული სტუმარმასპინძლობის მნიშვნელობას.
,,როდესაც ბათუმზე, აჭარასა და ზოგადად საქართველოზე ვსაუბრობთ, ადგილობრივ კულინარიას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. რეგიონის სამზარეულო მდიდარი და გამორჩეულია, ხოლო სუფრაზე ხშირად შეხვდებით კერძებს, რომელთა მომზადებისას გამოიყენება ყველი, კარაქი, კვერცხი, ნიგოზი, ახალი ბოსტნეული და მწვანილი.“
სტატიის მიხედვით, აჭარა საინტერესო მიმართულებაა აქტიური დასვენების მოყვარულთათვისაც. რეგიონში 25 მარკირებული საფეხმავლო მარშრუტია, ვიზიტორებს შეუძლიათ კემპინგი, ველო და საცხენოსნო ტურები, რაფტინგი და სხვა აქტივობები. გამოცემა ასევე საუბრობს ზამთრის ტურიზმის შესაძლებლობებზე და გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტზე.
Delfi Estonia ესტონეთში ერთ-ერთი წამყვანი სამოგზაურო პლატფორმაა. მას ონლაინ სივრცეში ყოველთვიურად 700, 000 მდე უნიკალური მკითხველი ჰყავს.
სტატიის ლინკი იხილეთ :
სხვა სიახლეები
III კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 11.6 ათასი შეადგინა, რაც 7.6 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე - საქსტატი
20.11.2026.16:30
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 3.0 მილიონ მგზავრს მოემსახურა1, რაც 6.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე — აეროპორტებიდან გაემგზავრა 1.5 მილიონი მგზავრი (6.0 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებმა მიიღო 1.5 მილიონი მგზავრი (6.2 პროცენტით მეტი).
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 94.0 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 12.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 88.2 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 11.8 პროცენტი — გაგზავნილი.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.8 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 9.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 211.5 ათასი მგზავრი და გადატანილია 25.9 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 14.4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 26.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.