დღეს საავიაციო მიმოსვლა მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს და არის რეალური მოთხოვნა, რომ ფრენების სიხშირე კიდევ უფრო გაიზარდოს - ნატა კვაჭანტირაძე
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის, ნატა კვაჭანტირაძემ განცხადებით, ტურიზმის სექტორისთვის ევროპული ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ევროპელი მომხმარებელი საქართველოს, როგორც ტურისტული დესტინაციის მიმართ, კარგად არის გათვითცნობიერებული. როგორც ნატა კვაჭანტირაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, ავიამიმოსვლის გაფართოება ტურიზმის სექტორისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს და ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, შეთავაზებები უფრო მრავალფეროვანი გახადოს.
„დიახ, ზოგადად ჩვენი სექტორისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპული ქვეყნებიდან მომხმარებლებისა და სტუმრების მოზიდვა. ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ევროპელი მომხმარებელი გარკვეულწილად ძალიან მობილიზებულია და კარგად არის გათვითცნობიერებული ჩვენს ქვეყანაზე, როგორც საინტერესო დესტინაციაზე. ამ პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს ინტენსიური ავიამიმოსვლა. ტურიზმი სწორედ ავიაციაზე დაყრდნობით მოქმედი ბიზნესია და პირდაპირი ფრენები თითოეულ კომპანიას აძლევს შანსს, მაქსიმალურად გაამრავალფეროვნოს საკუთარი შეთავაზებები.
ამის საუკეთესო მაგალითია ბოლო პერიოდის წარმატებული ინიციატივა დიდი ბრიტანეთის მიმართულებით, რამაც საგრძნობლად გაზარდა ბრიტანელი ვიზიტორების ნაკადი, როგორც კლასიკური ტურიზმის, ისე ბიზნესის თვალსაზრისით. დღეს საავიაციო მიმოსვლა მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს და სექტორის მხრიდან არის რეალური მოთხოვნა, რომ ფრენების სიხშირე კიდევ უფრო გაიზარდოს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტურისტული ბიზნესი პირდაპირ არის მიბმული ავიაციის ეფექტურობაზე, რის საფუძველზეც კომპანიები უკვე სპეციალურ, მიზნობრივ ტურისტულ პაკეტებსაც კი ქმნიან“, - ამბობს კვაჭანტირაძე.
სხვა სიახლეები
თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
15.07.2026.21:03
საქართველოს ავიაბაზარზე ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვანი ავიაკომპანია China Eastern Airlines შემოვიდა და ისტორიაში პირველად, თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა.
ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს კვირაში სამჯერ: ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.
შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის ხელმძღვანელების შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის აპრილში გაიმართა.
საქართველოსა და ჩინეთს შორის საჰაერო მიმოსვლა მზარდი დინამიკით გამოირჩევა. 2025 წელს საქართველომ ჩინეთიდან 100,470 საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა, რაც ჩინეთის ბაზრიდან მოთხოვნის სტაბილურ ზრდაზე მიუთითებს.
China Eastern Airlines მესამე უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ რეგულარულ ფრენებს შეასრულებს. საქართველოს ავიაბაზარზე უკვე წარმატებით ოპერირებენ ჩინეთის კიდევ ორი უმსხვილესი ავიაკომპანია – Air China და China Southern Airlines. ორივე ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს თბილისსა და ურუმჩის შორის ასრულებს, ხოლო Air China მგზავრებს ურუმჩის გავლით პეკინში გამგზავრების შესაძლებლობასაც სთავაზობს.