DNT GROUP-მა თბილისის ცენტრში კიდევ ერთი სასტუმრო გახსნა - ინვესტიცია $7 მილიონია
DNT GROUP-მა თბილისის ცენტრში კიდევ ერთი სასტუმრო გახსნა. Hotel Monday უშანგი ჩხეიძის #22 მდებარეობს და 50 სასტუმრო ოთახს აერთიანებს. როგორც Business Insider Georgia-სთან DNT Group-ის თანადამფუძნებელი დავით მესხმა განაცხადა, სასტუმრო საზეიმოდ 9 მარტს გაიხსნება. პროექტი 7 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიციით განხორციელდა.
„Hotel Monday DNT GROUP-ის ახალი პროექტია, რომელიც მოიცავს 50 ნომერს და მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ძველ უბანში, მარჯანიშვილის მოედანთან ახლოს. მისი უნიკალური მდებარეობა სტუმრებს საშუალებას მისცემს დატკბნენ თბილისის მარჯვენა სანაპიროს ლამაზი ხედებით - როგორიცაა მთაწმინდა, ფუნიკულიორი და მდინარე მტკვარი.
ყველა ოთახი გვთავაზობს მშვიდ და სასიამოვნო ატმოსფეროს, კომფორტულ საწოლს, მაღალი ხარისხის თეთრეულს, ყავის და ჩაის გასაკეთებელს კომპლექტს, სწრაფ უფასო WIFI-ს და ყველა იმ ატრიბუტიკას რაც საჭიროა სტუმრის კომფორტისთვის.
სასტუმრო 2024 წლის 9 მარტს საზეიმოდ გავხსნით. პროექტი განხორციელდა უცხოური ინვესტიციით და ჯამური ღირებულება შეადგენს 7 მილიონ დოლარს. სასტუმროში 25 ადამიანია დასაქმებული. სასტუმროში არის 5 სხვადასხვა კატეგორიის ოთახი. სასტუმრო შექმნილია თანამედროვე არქიტექტორული ხედვებითა და საინჟინრო სტანდარტებით, აღჭურვილია უახლესი და თანამედროვე ტექნიკით.
ფუნქციონირებს ლოფტ-ბარი, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ, დახვეწილი გემოების ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები“, - აცხადებს DNT Group-ის თანადამფუძნებელი.
დავით მესხის თქმით, სასტუმრო მოიცავს მაღალი სტანდარტებით მოწყობილ სასაუზმე სივრცეს, მიმღებ ჰოლს - სადაც გადანაწილებულია მოსასვენებელი სივრცე, ტერასებს ხედებით მთაწმინდაზე და მყუდრო ეზოს.
„საუზმის კონცეფცია სრულად მორგებულია იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რის მიხედვითაც ხელმძღვანელობენ მაღალი კლასის სასტუმროები; ამავდროულად სტუმრებს საშუალება ექნებათ მიირთვან ქართულ გემოებზე მორგებული კერძები, რაც თავისთავად კარგი საშუალებაა უცხოელი სტუმრებისთვის, რომ გაეცნონ ქართული სუფრის ელემენტებს. ტურისტებს ველოდებით როგორც ევროპული, ისე არაბული ქვეყნებიდან. სასტუმროს ნომრების ფასები იწყება 60 დოლარიდან და ადის 120 დოლარამდე, დამოკიდებული სეზონზე და ნომრის კატეგორიაზე. გვაქვს მოლოდინი, რომ გახსნიდან წლის ბოლომდე გვექნება 60%-იანი დატვირთვა“, - აღნიშნა დავით მესხმა.
DNT GROUP სასტუმროების მენეჯმენტ კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და დაკომპლექტებულია პროფესიონალი მმართველებით. გუნდის თითოეულ წევრს სასტუმროების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
DNT Group მომსახურებებეში შედის: სასტუმროს დაგეგმარება/დეველოპმენტი; სასტუმროს მომზადება გახსნისთვის, სასტუმროს სრული მართვა და აუტსორს-გაყიდვები.
„კომპანიას წლიდან წლამდე აქვს შთამბეჭდავი ზრდის ტემპი, ამჟამად აერთიანებს 7 სასტუმროს, საიდანაც 5 მდებარეობს თბილისში, 1 ყაზბეგში და 1 ქუთაისში. თითოეულ პროექტს ვუდგებით განსაკუთრებულად და აქცენტს ვაკეთებთ სტუმრების კმაყოფილებაზე, სასტუმროების მაღალ დატვირთულობაზე და საუკეთესო ფინანსურ შედეგებზე“, - აღნიშნა დავით მესხმა.
სხვა სიახლეები
ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წლის აგვისტოში წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და $695 მილიონი შეადგინა - Galt & Taggart
05.10.2026.08:10
Galt & Taggart-ი თვის განახლებულ ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს. ანგარიშში მიმოხილულია მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები.
,,საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდა 2026 წლის აგვისტოში წლიურად 6.3%-მდე შენელდა, ივლისში დაფიქსირებული 8.0%-დან. მიუხედავად ამისა, 2026 წლის 8 თვის საშუალო ზრდა კვლავ მაღალი, 7.6%-ია. აგვისტოში ეკონომიკურ ზრდას ძირითადად ხელი შეუწყო დამამუშავებელმა მრეწველობამ, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა (ICT), ფინანსურმა მომსახურებებმა, უძრავი ქონების სექტორმა, ვაჭრობამ და ტრანსპორტმა, მაშინ როდესაც მშენებლობის სექტორში კლება დაფიქსირდა. ჩვენ ვინარჩუნებთ საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზს და 2026 წელს 7.5%-იან ზრდას ველით.
მომდევნო თვეებში გაცვლითი კურსის სტაბილურობას ველოდებით. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს კურსი საშუალოდ 2.65 GEL/USD იქნება.
2026 წლის 9 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ზედიზედ მესამე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-ზე უცვლელად დატოვა. სებ-ის შეფასებით, ინფლაცია კვლავ ძირითადად მიწოდების მხრიდან მომდინარე ფაქტორებით არის განპირობებული, რაც ენერგომატარებლებისა და საერთაშორისო სურსათის ფასების ზრდას ასახავს, მაშინ როდესაც საბაზისო ინფლაციური წნეხი კვლავ შეზღუდულია. სებ-მა მიუთითა, რომ თუ აღნიშნული შოკი ინფლაციურ მოლოდინებზე ზეწოლას მოახდენს, შესაძლოა განაკვეთის ზომიერი ზრდა გახდეს საჭირო, ხოლო შოკის გავლენის შემცირების შემდეგ მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზება დაიწყება. გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებისა და საპროცენტო განაკვეთის დიფერენციალის შესაბამის დონეზე შენარჩუნების აუცილებლობის გათვალისწინებით, 2026 წლის განმავლობაში 25 საბაზისო პუნქტით განაკვეთის ზრდის შესაძლებლობას არ გამოვრიცხავთ.
ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წლის აგვისტოში წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და 695 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2026 წლის პირველ 8 თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 1.6%-იანი ზრდაა. 2026 წელს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს 4.9 მლრდ აშშ დოლარის დონეზე ვპროგნოზირებთ.
საქართველოს მიმდინარე ანგარიშის (CA) დეფიციტი 2026 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად შემცირდა და მშპ-ის 2.5% შეადგინა. გაუმჯობესებაში წვლილი შეიტანა მიმდინარე ანგარიშის ყველა ძირითადმა კომპონენტმა.
ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 1.9%-ს შეადგენს", - აღნიშნულია ანგარიშში.