EBRD მხარს უჭერს რიგის აეროპორტის მდგრად ზრდასა და სამომავლო სატრანსპორტო კავშირების განვითარებას
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) რიგის აეროპორტის მდგრად ზრდას 50 მილიონი ევროს ოდენობის სესხით უჭერს მხარს. თანხა თანამედროვე, ენერგოეფექტური მულტიმოდალური სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დაფინანსებას მოხმარდება. ბანკის ინვესტიცია ხელს შეუწყობს მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებას, ძირითადი საოპერაციო შეფერხებების აღმოფხვრას და აეროპორტის, როგორც ლატვიის მთავარი საერთაშორისო კარიბჭისა და ბალტიის რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი საავიაციო ჰაბის, როლის გაძლიერებას.
ახალი ტერმინალი სრულად იქნება ინტეგრირებული აეროპორტის არსებულ ინფრასტრუქტურასთან, რაც ერთიან და უფრო ეფექტიან სივრცეს შექმნის. გაუმჯობესდება მგზავრთა გადაადგილება, მათ შორის, რეგისტრაციის, უსაფრთხოების შემოწმებისა და ბარგის დამუშავების პროცესების მოდერნიზების შედეგად. პროექტი ასევე უზრუნველყოფს აეროპორტის გრძელვადიანი გამტარუნარიანობის საჭიროებებს. ტერმინალი აშენდება ენერგიისა და რესურსების მაქსიმალური ეფექტიანობის სტანდარტების შესაბამისად, რაც ხელს შეუწყობს ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესებასა და საოპერაციო ხარჯების შემცირებას.
სამომავლოდ პროექტის Rail Baltica-ს ქსელთან ინტეგრაცია კიდევ უფრო გააძლიერებს რიგის აეროპორტის, როგორც მულტიმოდალური სატრანსპორტო კვანძის, როლს და ხელს შეუწყობს ლატვიის სატრანსპორტო კავშირების, ეკონომიკური მდგრადობისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.
EBRD-ის სესხი უფრო ფართო დაფინანსების პაკეტის ნაწილია, რომელშიც ასევე მონაწილეობენ ჩრდილოეთის საინვესტიციო ბანკი (NIB) და ფინეთის OP Corporate Bank.
რიგაში შეთანხმების ხელმოწერისას EBRD-ის ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების მმართველმა დირექტორმა ანდრეა მორარუმ განაცხადა:
„ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ჩვენს პარტნიორს, რიგის აეროპორტს, ლატვიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში. ქვეყნის მთავარი საჰაერო სატრანსპორტო ჰაბის მოდერნიზაცია სარგებელს მოუტანს ყველა ადამიანს, რომელიც აეროპორტით სარგებლობს, გააუმჯობესებს ბიზნესისა და მოგზაურებისთვის სატრანსპორტო კავშირებს და ხელს შეუწყობს ლატვიისა და მთლიანად ბალტიის რეგიონის გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას.“
რიგის აეროპორტი ლატვიის მთავარი საერთაშორისო კარიბჭე და ბალტიისპირეთის ქვეყნების უდიდესი აეროპორტია. 2025 წელს მან 7.1 მილიონ მგზავრს მოემსახურა და 17 ავიაკომპანიის მეშვეობით თითქმის 100 პირდაპირ მიმართულებას სთავაზობდა მგზავრებს. აეროპორტი სრულად ეკუთვნის ლატვიის რესპუბლიკას, ტრანსპორტის სამინისტროს მეშვეობით.
EBRD ლატვიის ერთ-ერთი უმსხვილესი ინსტიტუციური ინვესტორია და ქვეყანაში 1991 წლიდან საქმიანობს. ბანკმა ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის, ასევე ენერგეტიკული ტრანზიციის მხარდასაჭერად, სხვადასხვა სექტორში 1.4 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
სხვა სიახლეები
დარწმუნებულები ვართ და მოლოდინი გვაქვს, რომ ტურიზმის სექტორში არსებული ტენდენციები შემოსავლებშიც აისახება და მთლიანობაში მესამე კვარტლის მონაცემები ძალიან პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს - მაია ომიაძე
05.10.2026.15:57
„ზაფხულის ტურისტული სეზონი საქართველოში ძალიან წარმატებული იყო. რა თქმა უნდა, გეოგრაფია გაშლილი იყო მთელ საქართველოზე და მესამე კვარტლის მონაცემები ძალიან პოზიტიური მოლოდინების შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგების შეჯამებისას მაია ომიაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმატებულ სეზონში მნიშვნელოვანი დადებითი წვლილი შეიტანა როგორც საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ, ასევე ფრენების ოდენობამ, რომელმაც საკმაოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პროგნოზით, ტურიზმის სექტორში არსებული დადებითი ტენდენციები შესაბამისად, შემოსავლებში აისახება.
„დარწმუნებულები ვართ და მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შემოსავლებშიც აისახება და მთლიანობაში მესამე კვარტლის მონაცემები ძალიან პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს“- აღნიშნა მაია ომიაძემ.
Galt & Taggart-ი თვის განახლებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წლის აგვისტოში წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და 695 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.