ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემამ, შესაძლოა, სვანეთში ტურისტულ სეზონს საფრთხე შეუქმნას - „ბანგურიანი“ მესტიაში
ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდების საკითხი სვანეთისთვის ისევ მოუგვარებელია. სასტუმროებში ახალი სეზონისთვის სამზადისი დაწყებულია და პირველ შეკვეთებსაც აფორმებენ.
სექტორში ღიად აცხადებენ, რომ ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემა ნამდვილად იწვევს შიშს და გაურკვევლობას, რადგან შეიძლება ამ პრობლემის გამო შეკვეთები გაუუქმდეთ, რის ფაქტიც შარშანდელ სეზონზე არაერთი იყო.
,,ბანგურიანის“ დირექტორი ნოდარ ჯაფარიძე Business Insider Georgia -თან ამბობს, რომ ამ ეტაპზე ელექტროენერგია მუნიციპალიტეტს ჩვეულებრივ მიეწოდება, თუმცა გასულ კვირას ელექტროენერგიის მიწოდება რამდენჯერმე შეწყდა.
„ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტი ხშირია. ამ მომენტში შეფერხება არ არის, მაგრამ წინ ზამთარია და მოგვარდება თუ არა პრობლემა, არ ვიცით. ელექტროენერგიის საკითხი ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად არის მესტიაში, რატომღაც ვერ მოწესრიგდა ეს სფერო, აქედანვე შიშს იწვევს მოახლოებული სეზონი, რადგან შეიძლება სასტუმროს გამართულ მუშაობაში ხელი შეგვეშალოს.
პირველ რიგში, დენის გათიშვა მილებში წყლის გაყინვას გამოიწვევს, რაც ინფრასტრუქტურაში შექმნის პრობლემას. ტურისტი არ წამოვა ასეთ პირობებში, რაც მერე ჯავშნებზეც აისახება. შეკვეთები დაწყებულია, დადებითი მოლოდინია და ელექტროენერგიის სისტემურმა მოუწესრიგებლობამ შეიძლება დიდი დაბრკოლება შექმნას“, - ამბობს ნოდარ ჯაფარიძე.
ცნობილი ფაქტია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტს ელექტრომომარაგების შეფერხება მოსახლეობის მაინინგის პროცესში ჩართვას უკავშირდება, რასაც ადგილობრივი ხელისუფლებაც აღიარებს. ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები მზარდ დატვირთვას ვერ უძლებენ, რის გამოც ადგილზე დენის მომარაგებაში პრობლემაა და ტურისტულ სეზონს საფრთხეს უქმნის.
სხვა სიახლეები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებას ქუთაისში უმასპინძლებს - მედეა ჯანიაშვილი
22.05.2026.14:22
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს - დამოუკიდებლობის დღეს, ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე აღნიშნავს. ასევე მოგეხსენებათ, რომ წელსვე ვზეიმობთ არანაკლებ მნიშვნელოვან თარიღს - საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. ქუთაისელებსა და ქალაქის სტუმრებს, რომლებიც 26 მაისს ქუთაისის მთავარ მოედანზე მოვლენ, შევთავაზებბთ სპეციალურ სივრცეს, სადაც ისინი გაეცნობიან როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიას, ასევე ქუთაისისა და მთლიანად რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, რაც გამოხატულია ჩვენი უძველესი ისტორიით, უნიკალური კულტურითა და ბუნებრივი რესურსებით,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის ეთერში.
როგორც მედეა ჯანიაშვილმა აღნიშნა, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა სივრცე საქართველოს გასტრონომიის წარმოსაჩენად, სადაც ადგილობრივ კულინარიასთან ერთად სტუმრები ქართული ღვინოს დააგემოვნებენ.
“26 მაისის ღონისძიებების უდიდესი ნაწილი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება საბავშვო და შემეცნებითი აქტივობები ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. ამდენად, ქუთაისსა და მიმდებარე დასახლებებიდან ყველა მშობელს მოვუწოდებ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ბავშვებთან ერთად მოვიდნენ,“ - აღნიშნა მედეა ჯანიაშვილმა.
პროგრამის მიხედვით, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე თემატური შემეცნებითი, სამეწარმეო და გასტრონომიული სივრცეები ამოქმედდება. მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა საბავშვო-გასართობი აქტივობები, სამეცნიერო ექსპერიმენტების შოუ, თეატრალური წარმოდგენები და მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა, საღამოს კი ქუთაისშიც ცოცხალი შესრულებით სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდება. ღონისძიებას გალა კონცერტი დაასრულებს.