ერთი წლის განმავლობაში ლონდონში საქართველოს შესახებ ინფორმაციას 17 მილიონზე მეტი ადამიანი გაეცნობა - თამარ იოსელიანი
„გაერთიანებული სამეფო ჩვენთვის სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და აეროპორტების გაერთიანებასთან ერთად აქტიურად მუშაობს და შესაბამის ქმედით ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ნაკადები გაიზარდოს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ლონდონში მიმდინარე მარკეტინგული კამპანიის მნიშვნელობაზე საუბრისას.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, უწყების მიერ საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების, პოპულარიზების მიზნით გაერთიანებულ სამეფოში გაწეული სამუშაოები წარმატებულია, რაც, მათ შორის, ტურიზმის სექტორის სტატისტიკაშიც აისახა.
ამასთან, თამარ იოსელიანი ხაზს უსვამს, რომ 2025 წელს საქართველოს ავიაბაზარზე შემოყვანილ იქნა ორი უმსხვილესი ავიაკომპანია - British Airways და Easyjet და თბილისსა და ლონდონს შორის ავიამიმოსვლა კვირაში ექვსი სიხშირით სრულდება.
„შესაბამისი შედეგებიც გვაქვს, 2026 წლის პირველი კვარტალი საკმაოდ პოზიტიური იყო, დინამიურად მივდივართ ამ მიმართულებით - პირველ კვარტალში გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში დაახლოებით 46%-იანი მატება გვქონდა ტურისტული ვიზიტორების კუთხით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით დიდ ბრიტანეთში მიმდინარე მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ლონდონის სხვადასხვა ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა. კამპანია მოიცავს როგორც ციფრულ, ასევე სტატიკურ რეკლამას.
„ლონდონში შერჩეულ იქნა 46 პრესტიჟული ადგილი იმისთვის, რომ საქართველოს ცნობადობა ამაღლდეს. შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს შესახებ ინფორმაციას 17 მილიონზე მეტი ადამიანი გაეცნობა", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
სხვა სიახლეები
Norwegian-ის შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ქვეყნის ევროპასთან საჰაერო დაკავშირებადობისა და ავიაციის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია - ლევან მოსეშვილი
28.06.2026.23:54
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ნორვეგიის ყველაზე დიდმა და სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian-მა დაიწყო. ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეგულარული რეისი შეასრულა, რითაც თბილისსა და კოპენჰაგენს შორის ისტორიაში პირველი პირდაპირი რეგულარული ფრენა განხორციელდა.
კოპენჰაგენი–თბილისი–კოპენჰაგენის მიმართულებით ავიაკომპანია ფრენებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით მიღება გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე დაესწრნენ.
ლევან მოსეშვილის განცხადებით, ახალი მიმართულება საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარებისა და ევროპასთან საჰაერო დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ,,დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქები ისტორიაში პირველად დაუკავშირდნენ ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო გზით, რაც ქვეყნის საავიაციო ბაზრის განვითარებისა და ევროპასთან საჰაერო დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახალი მიმართულება გააძლიერებს ბიზნეს და ტურისტულ მიმოსვლას, ხოლო დანიიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორების მოზიდვას შეუწყობს ხელს, რაც ავიაციის, ტურიზმის სექტორისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე დადებითად აისახება“. – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
საინაუგურაციო რეისი Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდა, რომლის ფარგლებშიც კოპენჰაგენიდან თბილისში 180 მგზავრი ჩამოფრინდა. ეს მაჩვენებელი პირველი რეისისთვის ძალიან მაღალია და ნათლად აჩვენებს მიმართულების მიმართ დიდ ინტერესს.