ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში მოგზაურთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
2026 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში რეკორდულად მაღალი 249,201 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 23.4%-ით აღემატება 2025 წლის ანალოგიურ პერიოდს.
ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა მეორე კვარტალშიც (აპრილი-ივნისი), როდესაც ქვეყანაში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან 152,975 ვიზიტი განხორციელდა (+19.4%).
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 26-ში გაიზარდა: სლოვაკეთი (+51.2%), ფინეთი (+50.3%), ხორვატია (+46.5%), მალტა (+42.1%), სლოვენია (+41.1%), ესპანეთი (+35.7%), ნიდერლანდები (+35.5%), ლიეტუა (+35.2%), შვედეთი (+32.9%), რუმინეთი (+32.2%), კვიპროსი (+30.8%), ავსტრია (+29.3%), საფრანგეთი (+28.0%), უნგრეთი (+26.3%), პორტუგალია (+26.2%), იტალია (+24.1%), ჩეხეთი (+23.8%), გერმანია (+21.0%), ლუქსემბურგი (+17.8%), ბელგია (+16.5%), დანია (+16.3%), ბულგარეთი (+15.4%), ლატვია (+14.3%), პოლონეთი (+10.1%), გაერთიანებული სამეფო (+7.4%), ირლანდია (+5.5).
2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რაოდენობრივად ყველაზე მეტად გაიზარდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან და რეკორდულ 335.7 მლნ.აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ორი კვარტლის მონაცემზე 58.6 მლნ. აშშ. დოლარით მეტია (ზრდა 21.2%), ხოლო მეორე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გასული წლის ორი კვარტლის მონაცემზე 21.1 მლნ. აშშ. დოლარით მეტია (ზრდა 12.1%) და რეკორდულ 194.9 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს.
გლობალური გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად ახდენს ბაზრების დივერსიფიკაციას და ევროპის მასშტაბით მიზნობრივ მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს.
ქართული კერძო სექტორის მხარდაჭერად და საქმიანი კავშირების გაღრმავების მიზნით ევროპის მასშტაბით ათობით ქალაქში მიმდინარეობს B2B შეხვედრები, როუდშოუები, პრეზენტაციები, გაყიდვების მისიები, (Sales Calls) რაც ხელს უწყობს პირდაპირი ბიზნესკავშირების დამყარებას ევროპულ ტურისტულ კომპანიებთან და მსხვილ სააგენტოებთან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროპის მასშტაბით მონაწილეობს მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენებსა და ღონისძიებებში, რაც ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას.
მიმდინარეობს საქართველოს საიმიჯო სარეკლამო კამპანიები ევროპის გავლენიან მედია პლატფორმებზე, სარეკლამო კამპანიები მოიცავს გარე რეკლამასაც, ლონდონის, პარიზის, ევროპის უმსხვილესი ქალაქების ცენტრალურ მოედნებსა და ქუჩებს.
ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია თანამშრომლობა საერთაშორისო ავიაკომპანიებთან: British Airways, Austrian Airways, Edelweiss და სხვა.
კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია მედია და გაცნობითი ტურების მოწყობა საქართველოში გავლენიანი ევროპული მედიასაშულებების ჟურნალისტებისთვის, ინფლუენსერებისა და ტუროპერატორებისათვის.
ევროპასთან საქართველოს საჰაერო კავშირი კიდევ უფრო ფართოვდება და იზრდება ავიარეისების სიხშირე, რაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის ახალი ვიზიტორების მოსაზიდად. ამჟამად საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთში 42 მიმართულებით ხორციელდება ფრენები. საქართველოში რეისებს ასრულებენ ისეთი საერთაშორისო ავიაკომპანიები როგორიცაა: British Airways, Transavia France, Wizz Air, EasyJet.
სხვა სიახლეები
ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და ახალი პირდაპირი ფრენები - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აზიასა და ევროპაში მარკეტინგულ კამპანიებს აფართოებს
08.09.2026.14:28
ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციისა და სამიზნე ქვეყნების არეალის გაფართოების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს განაგრძობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთიდან ჩინეთიდან და შუა აზიიდან ტურისტული ნაკადების ზრდა პირდაპირ უკავშირდება პირდაპირი ავიამიმოსვლის გაფართოებას და ამ ბაზრებზე განხორციელებულ მარკეტინგულ აქტივობებს. როგორც მაია ომიაძე განმარტავს, ბაზრების დივერსიფიკაციასა და პირდაპირ ფრენებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შორ მანძილზე არსებული ბაზრებიდან ტურისტების მოსაზიდად.
„როდესაც გასულ წელს დაგვემატა British Airways და easyJet ლონდონის მიმართულებით, კვირაში 6 სიხშირით, მალე, შემდეგ კვარტალში, როგორც კი სტატისტიკა მივიღეთ დიდი ბრიტანეთი ტოპ 10 ქვეყანაში იყო შესული და პირდაპირმა ფრენამ ეს შედეგი მოგვიტანა. ზუსტად იგივე ითქმის ჩინეთზეც. როდესაც შანხაის მიმართულებით დაგვემატა ახალი რეისი, ჩვენ ავიაკომპანიასთან ერთად თვალყურს ვადევნებთ დატვირთულობას და აღმოჩნდა რომ რეისზე მგზავრთა 98 პროცენტი აზიელი მოგზაურია. შანხაი მხოლოდ ჩინელი მოგზაურებისგან არ შედგება, რადგან ეს არის ჰაბი. როდესაც იაპონიიდან ან სამხრეთ კორეიდან მოგზაურს საქართველოში უნდა წამოსვლა მისთვის ყველაზე ახლოს შანხაის აეროპორტია“,- აღნიშნავს მაია ომიაძე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაციის ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან და ტურისტულ ინდუსტრიასთან პარტნიორობით საერთაშორისო ბაზრებზე Roadshow-ებსა და B2B შეხვედრებს განაგრძობს. მაია ომიაძის განცადებით, სექტემბრის ბოლოს, იაპონიაში მასშტაბური პრეზენტაცია და გამოფენა იგეგმება, სადაც ადმინისტრაციასთან ერთად 20-მდე ქართული ტურისტული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
როგორც მაია ომიაძე აღნიშნავს, უკვე დაწყებულია აქტიური სამზადისი ზამთრის ტურისტული სეზონისთვის და შესაბამისი საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიები სხვადასხვა ტურისტულ ბაზარზე მიმდინარეობს.