ევროპელი ინფლუენსერები ბათუმში მოგზაურობენ
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ბათუმს ესპანელი, იტალიელი, პოლონელი და ბერძენი ინფლუენსერები სტუმრობენ. ვიზიტის პირველ დღეს მოგზაურებმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები და ბოტანიკური ბაღი მოინახულეს, საზღვაო აქტივობები გამოსცადეს და აჭარული ხაჭაპური მომზადების მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა. ევროპელი ინფლუენსერების მეორე დღე ექსტრემალურ აქტივობას - კაპნისთავის კანიონზე დაშვებას დაეთმო. აჭარაში მოგზაურობისას ინფლუენსერები ასევე, დალაშქრავენ მტირალას ეროვნულ პარკს და იქ არსებულ ტურისტულ სერვისებს გამოცდიან, მაჭახელას ხეობაში სტუმრობისას კი ხეობის ულამაზეს ბუნებას გადაიღებენ და ჩხუტუნეთის მუზეუმსა და ადგილობრივ სასტუმრო სახლებს ესტუმრებიან. აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ინფლუენსერები მილიონობით გამომწერს უზიარებენ. ისინი რეგიონში 12 ივნისამდე დარჩებიან.
“მნიშვნელოვანია, ჩვენი განახლებული ტურისტული პროდუქტები და სერვისები მოხვდეს საერთაშორისო ინფლუენსერების გვერდებზე, ამიტომ ვმასპინძლობთ წამყვან ბლოგერებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ისინი აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს თავიანთ გამომწერებს აქტიურად უზიარებენ ინსტაგრამის, ტიკ-ტოკისა და ფეისბუქის მეშვეობით, სადაც საინტერესოდაა წარმოჩენილი აჭარის მთები, ექსტრემალური აქტივობები, ლაშქრობა, ბუნება და ბათუმი თავისი ღირსშესანიშნაობებით. ციფრულ სამყაროში, განსაკუთრებულ ძალას იძენს პირველადი, გულწრფელი ემოციებისა და შთაბეჭდილებების მიტანა ჩვენს პოტენციურ ტურისტებამდე, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ ინფლუენსერებს მიუძღვით,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.
„პირველად ვარ საქართველოში, თუმცა ჩამოსვლამდე ვიცოდი, რომ ეს ქვეყანა კარგად ვითარდება. თქვენ გაქვთ არაჩვეულებრივი სამზარეულო, რომლის დასაგემოვნებლად ხშირად დავდივარ იტალიაში ქართულ რესტორნებში, განსაკუთრებით კარგია აჭარული სამზარეულო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩამოვედი. გარდა სამზარეულოსი, ულამაზესი ბუნება და ლანდშაფტები გაქვთ. მოლოდინს გადააჭარბა თქვენმა არქიტექტურამ. საოცარია, როგორ თანაარსებობს ძველი და ახალი შენობები გვერდიგვერდ, აქ კარგად ჩანს როგორ ვითარდება ქალაქი სიძველიდან თანამედროვეობისკენ,“ ამბობს დიეგო ფუზინა, იტალიელი ინფლუენსერი.
„ერთი სული მქონდა თუ როდის ჩამოვიდოდი საქართველოში, რადგან ბოლო წლებია მადრიდში ქართული სამზარეულოს ბუმია. ჩვენ ვცდიდით ახალ გემოებს, ვსინჯავდით ხაჭაპურს, ხინკალს. ძალიან მინდოდა ჩამოსვლა, რომ მენახა ეს ყველაფერი როგორ მზადდებოდა საქართველოში. მეორე მიზეზი იყო ალი და ნინოს ქანდაკება, ეს ძალიან რომანტიკული სიყვარული ისტორიაა, რომელიც არ ვიცი სიმართლეა თუ არა, თუმცა ძალიან მაინტერესებდა. ბათუმზე ბევრი არაფერი ვიცოდი და მიხარია, რომ ახლა მაქვს საშუალება ეს ყველაფერი აღმოვაჩინო. ჯერ-ჯერობით ძალიან მომწონს ბუნება, ლანდშაფტები და გარემო“, განაცხადა ესპანელი ინფლუენსერმა ჯიოვანა მარმომ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ჩინეთიდან ტურისტული სექტორისა და შოუბიზნესის წარმომადგენლები ეწვივნენ
23.09.2026.09:54
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ჩინეთის ბაზარზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, საერთაშორისო კომპანია „Dragon Trail International“-თან თანამშრომლობით, ადმინისტრაციამ ჩინეთის 9 წამყვანი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლა.
საინფორმაციო ტურის ფარგლებში, ჩინელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, სასტუმრო ინფრასტრუქტურასა და ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ. ტურის მონაწილეები ეწვივნენ ქუთაისს, ლეჩხუმს, სვანეთსა და ბათუმს.
ვიზიტის ფარგლებში, ჩინელმა ტუროპერატორებმა ქართველ კოლეგებთან B2B ფორმატის სამუშაო შეხვედრები გამართეს - დაამყარეს პირდაპირი ბიზნესკონტაქტები და მომავალი თანამშრომლობის ორიენტირები განსაზღვრეს.
ინფოტურის პარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, საქართველოს ცნობილი ჩინელი მსახიობი და ინფლუენსერი სუნ ი (Sun Yi) ეწვია. მოგზაურობისას მან თბილისი, მცხეთა, ანანური, გუდაური, ყაზბეგი და გერგეთის სამება მოინახულა.