გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენმდივნის ვიზიტი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - „სილქ ჰოსპიტალითის“ აღმასრულებელი დირექტორი
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) გენერალური მდივანი, შაიხა ალ ნუვაისი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო დელეგაცია ტურიზმის ინდუსტრიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
Silk Road Group-ის „სილქ ჰოსპიტალითის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით რაფავას შეფასებით, მსოფლიო ტურიზმის ხელმძღვანელი პირის ვიზიტი განსაკუთრებით ღირებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
„ასეთი რანგის სტუმრის ჩამოსვლა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ტურიზმი რამდენად პრიორიტეტულია საქართველოს ეკონომიკისთვის. შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა საკმაოდ საინტერესო პასუხები მივიღეთ ჩვენს კითხვებზე იმის შესახებ, თუ რა ხელშეწყობა შეიძლება გასწიოს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციამ საქართველოში ტურიზმის გარკვეული მიმართულებების შემდგომი განვითარებისთვის“*, - აღნიშნა დავით რაფავამ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი მაღალი დონის შეხვედრებს მართავს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან. შაიხა ალ ნუვაისი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ჩართულობით, ასევე ეწვევა საქართველოს რეგიონებს, სადაც ადგილზე გაეცნობა ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ტურიზმის განვითარების კუთხით განხორციელებულ წამოწყებებს.
სხვა სიახლეები
მოვინახულე კოშკებიანი სოფლები, საუკუნოვანი მარნები და საოჯახო სამზარეულოები, რამაც საქართველო საბოლოოდ შემაყვარა - საერთაშორისო სამოგზაურო ჟურნალი Virtuoso Magazine საქართველოზე
03.11.2026.10:42
პრემიუმ სეგმენტის მოგზაურებზე ორიენტირებულმა საერთაშორისო სამოგზაურო ჟურნალმა Virtuoso Magazine სექტემბერ-ოქტომბრის ნომერში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
პუბლიკაციის - „Georgia on My Mind“ ავტორი მეთ დუტილი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართული პრესტურის ფარგლებში იმყოფებოდა. ჟურნალის მკითხველს ის საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ვრცლად უზიარებს.
„მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში მიმოგზაურია, თუმცა, ამ პატარა, ჯორჯიის შტატის ნახევარი ზომის ქვეყნის სილამაზისთვის მაინც სრულიად მოუმზადებელი აღმოვჩნდი. საქართველოში ჩამოსვლამდე მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ ნიუ-იორკში, ჩემს სახლთან ახლოს მდებარე რესტორნებში დაგემოვნებული ქართული კერძები ძალიან მომწონდა... აქ მოვინახულე კოშკებიანი სოფლები, საუკუნოვანი მარნები და საოჯახო სამზარეულოები, რამაც ეს ნაკლებად ცნობილი ქვეყანა საბოლოოდ შემაყვარა“, – აღნიშნავს ავტორი.
სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვეყნის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს, მათ შორის, სათავგადასავლო ტურიზმს ყაზბეგსა და ჯუთას ხეობაში, ხევსურეთის კულტურულ მემკვიდრეობასა და თუშეთის ხელუხლებელ ბუნებას. ავტორი ასევე ვრცლად წერს ქართულ სტუმართმოყვარეობაზე, სამზარეულოზე, მევენახეობა-მეღვინეობის უძველეს კულტურასა და ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციაზე, განსაკუთრებულ ყურადღებას კი კახეთის ისტორიულ მარნებს უთმობს.
პუბლიკაცია მკითხველს საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ტურისტული კომპანიების მიერ შეთავაზებულ ექსკლუზიურ მარშრუტებსა და პრემიუმ კლასის სამოგზაურო გამოცდილებასაც აცნობს.
ლუქსკლასის სამოგზაურო გამოცემაში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ვრცელი სტატია და ფოტო-რეპორტაჟი ხელს შეუწყობს საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს, როგორც მრავალფეროვანი, ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.