გერმანელმა ფოტოგრაფმა აჭარაში იმოგზაურა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს. ამჯერად, აჭარას გერმანელი კონტენტ-კრეატორი და ფოტოგრაფი მარსელ ლეში სტუმრობდა. ფოტოგრაფმა ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშენიშნაობებთან ერთად მთიანი აჭარაც მოინახულა. მთაში მოგზაურობისას ის სტუმრობდა კურორტ „გოდერძის“, „ბეშუმს“, მწვანე ტბას, მტირალას ეროვნულ პარკსა და ხაბელაშვილების თაღოვან ხიდს, რომლის ულამაზესი ფოტოებიც კონტენტ-კრეატორმა ასიათასობით გამომწერს გაუზიარა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით წელს უცხოელი ინფლუენსერები რეგიონს ასევე სტუმრობდნენ საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან. მათ მიერ მხოლოდ ერთ თვეში აჭარაზე გამოქვეყნებული კონტენტის ნახვებმა სოციალურ მედიაში 25 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ისინი რეგიონს ივნისში სტუმრობდნენ და მილიონობით გამომწერს აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას წლის ბოლომდე გააგრძელებს, როგორც საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში აჭარის წარდგენით, ისე მედიატურების ორგანიზებითა და სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიებით.
სხვა სიახლეები
მცირე ავიაციის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს - თამარ იოსელიანი
05.09.2026.20:42
მცირე ავიაციის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, კახეთის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი დღეა. მისივე განმარტებით, აღნიშნული საფრენი მოედანი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რამდენიმე დღის წინ დაარეგისტრირა.
„წლების განმავლობაში, საკანონმდებლო თუ პრაქტიკულ დონეზე, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა და დღეს უკვე მომსწრე ვართ იმისა, რომ კერძო სექტორი ასეთი ინვესტიციებით ჩაერთო მცირე ავიაციის განვითარებაში. შიდა მობილობისა და აეროპორტების ხელშეწყობისთვის საქართველოს მთავრობა დიდ ინვესტიციებს ახორციელებს. სულ ახლახან გამოცხადდა ტენდერი როგორც თელავის, ისე მესტიის აეროპორტების ტერმინალების მშენებლობაზე. შესაბამისად, ამ მიმართულებით მცირე ავიაციასაც თავისი წვლილი ექნება როგორც ეკონომიკის, ისე ტურიზმის განვითარებაში“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.