გიდების მოთხოვნა იყო ის, რომ უცხოელებისთვის ყოფილიყო გარკვეულწილად შეზღუდვა - მაია ომიაძე
“შრომითი მიგრაციის” შესახებ საქართველოს კანონით, უცხოელი გიდებისთვის სპეციალური შეზღუდვები დაწესდა. კულტურული გიდების მიმართულებით უცხოელებისთვის კვოტირება ნულოვანი დარჩა. არსებულ გამოწვევებზე სამსჯელოდ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სექტორის წარმომადგენლები შეკრიბა და მათთან ერთად „შრომითი მიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონში მიღებული ცვლილებისა და აღსრულების მექანიზმის შესახებ იმსჯელეს.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, ტურიზმის სფეროში გიდების რეგულაციების საკითხის განხილვის საჭიროება, მათ შორის უცხოელი გიდების საქმიანობის შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით, ასოციაციებთან კონსულტაციების შედეგად გაჩნდა. მისი თქმით, მთავარი გამოწვევა ქართველი გიდების მხრიდან კონკურენციის არათანაბარ პირობებზე უკავშირდება, როდესაც ტურისტული კომპანიები ჯგუფებთან ერთად საკუთარ უცხოელ გამყოლ გიდებსაც შემოჰყავთ.
„პირველ რიგში რატომ გახდა საჭირო ეს შეხვედრა და ზოგადად ამ საკითხის ინიცირება. ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როდესაც კანონზე მუშაობა მიმდინარეობდა (ტურიზმის კანონზე ვსაუბრობ), იქ იყო ვთქვათ გარკვეული საკითხები, რომელიც გიდების რეგულაციებს ეხებოდა - იქნებოდა ეს სავალდებულო სერტიფიცირება, რეგისტრაცია თუ ლიცენზირება. იქაც მოხდა ასოციაციებთან ერთად ამ თემის დამუშავება და იმთავითვე გიდების მოთხოვნა იყო ის, რომ უცხოელებისთვის ყოფილიყო გარკვეულწილად შეზღუდვა.
მთავარი გულისტკივილი ამ თემაზე იყო ის, რომ უცხოელი გიდები, ან გამყოლი გიდები, მათ სამუშაო ადგილს ართმევდნენ. როდესაც კომპანიებს შემოჰყავთ ტურისტული ჯგუფები, თუ აქ შესაბამისი რეგულაცია კანონის არ იქნებოდა, უპირატესად ისინი თავიანთ გამყოლ გიდებს თუ კულტურულ გიდებს ასახელებდნენ და პირობითად, ნებისმიერი ქვეყნიდან, მაგალითად ისრაელიდან თუ მოჰყავდათ ჯგუფი, გიდიც მოჰყვებოდათ. რა თქმა უნდა, ქართველი გიდები ყოველთვის ამბობდნენ, რომ მათ კონკურენციის პირობებში უწევდათ ყოფნა არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ აი ამ დაურეგულირებელი პირობებით.
თავდაპირველად ამაზე როდესაც იყო საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიცოდით, რამდენად საერთო იყო ეს ბიზნესის ხმა. რასაკვირველია, შეიძლება ერთმა-ორმა სექტორის წარმომადგენელმა მოსაზრება დააფიქსიროს, მაგრამ ერთია, როდესაც უკვე საუბარია იმაზე, რომ უნდა იყოს განხილული სრულად სექტორთან, იმისთვის რომ სახელმწიფომ ამ შემთხვევაში კონკრეტული კანონის ფარგლებში შეძლოს და ბიზნესის საერთო ხმა გაითვალისწინოს. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთ შეხვედრაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით აი ამ გამოწვევებთან დაკავშირებით, იქ წამოიჭრა საკითხი, ხომ არ შექმნიდა უახლოეს პერიოდში კანონი, რომელიც ძალაში შევიდოდა, გარკვეულ ეროვნებებზე თუ ენებზე დეფიციტს (მაგალითად ჩინურენოვანი). საბოლოო ჯამში შეხვედრით გაირკვა, რომ ჯერჯერობით დანაკლისი არ არის. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ შეხვედრა ჩაგვეტარებინა“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში არსებობს ოფიციალურად დარეგისტრირებული 4 ასოციაცია (ოთხივე გიდების ასოციაციაა) და ერთი პროფკავშირი, რომელიც აერთიანებს საკმაოდ დიდი რაოდენობის გიდებს, მძღოლ-გიდებს და სხვადასხვა ტიპის მომსახურეებს.
„ჩვენ ვთხოვეთ სექტორს, რომ თავად ყოფილიყვნენ წარმოდგენილნი იმდენი ადამიანით, რამდენიც სურდათ. საკმაოდ წარმომადგენლობითი შეხვედრა იყო - ჩამოსულები იყვნენ ასოციაციის წარმომადგენლები აჭარიდან და დასავლეთ საქართველოდან (ქუთაისიდან). შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა იმაზე, ხომ არ ჯობდა გვეცადა, გარკვეული დროით დაგვეტოვებინა ნულოვანი კვოტა და შემდეგ დაგვემატებინა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თვითონ კანონი იძლევა შესაძლებლობას, რომ წლიდან წლამდე გადახედოს კვოტირებას. პირობითად ვამბობ, თუ ჩვენ წლის ბოლომდე ვტოვებთ ნულოვან კვოტას უცხოენოვან კულტურულ გიდებზე, ამ ეტაპზე ოთხივე ასოციაცია და პროფკავშირები შეთანხმდნენ, რომ არ საჭიროებს ეს ბაზარი დამატებით კვოტებს უცხოელ გიდებზე“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, მაღალი რისკის შემცველი გიდი არის გიდი, რომელსაც რეალურად მთაში მიჰყავს ადამიანი - ვთქვათ მყინვარზე.
„რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანის სიცოცხლესთან არის დაკავშირებული და ექსტრემალურ გარემოში მიჰყავს, მას სხვა დამატებითი უნარები სჭირდება. ტურიზმის კანონის თანახმად სავალდებულო ხდება, ლიცენზირებადი და სერტიფიცირებადი ხდება მთაში გამყოლი მაღალი რისკის შემცველი მომსახურება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მაღალი რისკის შემცველ გიდებზე, ასეთ ასოციაციასთან (რომელიც თემატური ასოციაციაა და ევროპის ასოციაციის წევრია) კონსულტაციით მივედით იმ დასკვნამდე, რომ აი ამ სფეროში საკმარისი რაოდენობა სერტიფიცირებული, კვალიფიციური გიდების საქართველოში არ არსებობს იმ მოთხოვნაზე, რაც გვაქვს მთაში სიარულზე. ამიტომ, მათთან კონსულტაციით წელს დავუშვით 200-მდე უცხოელი გიდის კვოტირება. ჩვენ შევხედავთ, იქნება ეს ზედმეტი თუ საკმარისი და ამის მიხედვით კვლავ ასოციაციასთან შეთანხმებით მომავალ წელს მაღალ რისკს დავაკორექტირებთ. ნულოვანი კვოტა რჩება კულტურულ გიდებზე“. - აღნიშნა მაია ომიაძემ.
სხვა სიახლეები
არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლიურად გაიზარდა - TBC Capital
09.10.2026.19:00
TBC Capital განახლებულ პუბლიკაციას ,,მომხმარებლის დანახარჯების დინამიკა - ივლისი 2026” აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით გაწეული მომხმარებელთა უნაღდო დანახარჯები და ტრანზაქციების რაოდენობა წლიურ ზრდას განაგრძობს.
სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 22%-ით გაიზარდა. 2026 წლის აგვისტოში რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 21%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 40 ლარს გაუტოლდა. ამავე თვეში ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 18%-ით გაიზარდა.
,,ჯამური უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა დადებითია - 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით ჯამური უნაღდო დანახარჯები და უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად, შესაბამისად, 20 % და 16%-ით გაიზარდა.
ამავე პერიოდში თიბისი ბანკის არხებით გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში
რეზიდენტებმა 79%, ხოლო არარეზიდენტებმა 21% დაიკავეს. ჯამური უნაღდო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი სურსათს უკავია - 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით გაწეული ჯამური უნაღდო დანახარჯების 26% სურსათზე, ხოლო 17% რესტორნებში გაწეულ ხარჯებზე მოდის.
ამავე თვეში სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 19%-ით გაიზარდა, ხოლო
საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 18 ლარს გაუტოლდა. სურსათსა და
უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 5% შეადგინა . სამომხმარებლო საქონელზე ჯამური დანახარჯების 60% მოდის - 2026 წლის აგვისტოში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე, შესაბამისად, 60 % და 40 % შეადგინა.
ამავე პერიოდში, თიბისი ბანკის არხებით საქონელზე გაწეულ ჯამურ უნაღდო
დანახარჯებში 44 %-იანი წილი სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა დაიკავა. სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების უდიდეს წილს არარეზიდენტები იკავებენ - 202 6 წლის აგვისტოში სასტუმროებში თიბისი ბანკის არხებით გაწეული უნაღდო
დანახარჯები წლიურ ჭრილში 22%-ით გაიზარდა, ხოლო ერთ ტრანზაქციაზე
საშუალო დანახარჯმა 485 ლარი შეადგინა.
ამავე თვეში თიბისი ბანკის არხებით სასტუმროებში გაწეული ჯამური უნაღდო
დანახარჯები რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, შესაბამისად, 19% და
81%-ად განაწილდა . არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები
სასტუმროებში წლიურად გაიზარდა - 2026 წლის აგვისტოში, თიბისი ბანკის არხებით, რეზიდენტების მიერ სასტუმროებში გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 5%-ით გაიზარდა. საშუალო დანახარჯი 207 ლარს გაუტოლდა.
ამავე თვეში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში 26%-ით
გაიზარდა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით. საშუალო დანახარჯმა ერთ
ტრანზაქციაზე 704 ლარი შეადგინა. უნაღდო დანახარჯები რესტორნებში
წლიურად მზარდია - 2026 წლის აგვისტოში რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლურად 21%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 40 ლარი შეადგინა.
ამავე თვეში თიბისი ბანკის არხებით რესტორნებში გაწეული უნაღდო
დანახარჯების 64 % რეზიდენტებმა, ხოლო 36% არარეზიდენტებმა დაიკავეს. რესტორნებში რეზიდენტების საშუალო ტრანზაქციის მოცულობა 30 ლარია - 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით რესტორნებში რეზიდენტების
უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 24%-ით გაიზარდა. საშუალო ტრანზაქციის
მოცულობა 30 ლარი დაფიქსირდა.
ამავე თვეში რესტორნებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად
17%-ით გაიზარდა. რაც შეეხება საშუალო დანახარჯს ერთ ტრანზაქციაზე,
მაჩვენებელი 99 ლარს გაუტოლდა. ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო
დანახარჯების წლიური ზრდა დადებითია - 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 18%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯის მოცულობამ ერთ ტრანზაქციაზე 108 ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში თიბისი ბანკის არხებით ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გაწეული
ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს
შორის, შესაბამისად, 74% და 26% შეადგინა. არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მზარდია - 202 6 წლის აგვისტოში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე 16%-ით გაიზარდა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით. საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 94 ლარი შეადგინა. ამავე თვეში არარეზიდენტების მიერ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 25%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 186 ლარს გაუტოლდა. საწვავზე უნაღდო დანახარჯების დინამიკა მზარდია - 2026 წლის აგვისტოში, თიბისი ბანკის არხებით, საწვავზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 25%-ით გაიზარდა. საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 64 ლარს გაუტოლდა.
ამავე პერიოდში მანქანის შეკეთებასთან დაკავშირებული უნაღდო დანახარჯები
წლიურად 7%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯმა 35 ლარი შეადგინა. უნაღდო დანახარჯები ფარმაციაზე წლიურად 17% -ით გაიზარდა - 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით ფარმაციაზე გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 17%-ით გაიზარდა. რაც შეეხება საშუალო დანახარჯის მოცულობას ერთ ტრანზაქციაზე, მაჩვენებელი 29 ლარს გაუტოლდა.
ამავე თვეში უნაღდო დანახარჯები პირად ჰიგიენაზე თიბისი ბანკის არხებით
წლიურ ჭრილში 14%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯმა 81 ლარი შეადგინა. უნაღდო დანახარჯები ელექტრონიკაზე წლიურ ჭრილში გაიზარდა - 2026 წლის აგვისტოში, თიბისი ბანკის არხებით, ელექტრონიკაზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 13%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში ავეჯსა და მოწყობილობებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები 17%-ით გაიზარდა გასული წილს აგვისტოსთან შედარებით. უნაღდო დანახარჯები სამშენებლო მასალებზე წლიურად 11% -ით გაიზარდა - 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით სამშენებლო მასალებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 11%-ით გაიზარდა", - აღნიშნულია TBC Capital-ის ანგარიშში.