გვჯერა, რომ ბაზრების ჩანაცვლებით, დამატებითი აქტივობებითა და კერძო სექტორთან ერთობლივი ღონისძიებებით, შევძლებთ მაქსიმალურად შევამსუბუქოთ ნეგატიური გავლენა - მაია ომიაძე
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, ტურიზმის სექტორში მიმდინარე B2B შეხვედრები და საერთაშორისო ღონისძიებები ახალი ბაზრების ათვისებისა და საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის. როგორც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა, სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევა მიზნად ისახავს ბაზრების დივერსიფიკაციას და გლობალური ტურისტული რყევების გავლენის შემცირებას, თუმცა არსებული გეოპოლიტიკური ფაქტორების ფონზე ბაზრების სრულ ჩანაცვლებას მოკლევადიან პერიოდში ვერ ექნება სწრაფი ეფექტი.
„თუ არ განვავითარეთ, ერთი მხრივ, ახალი ბაზრები და, მეორე მხრივ, კონკურენტუნარიანი შეთავაზებები, სექტორი წინ ვერ წავა. მით უმეტეს ისეთ მძაფრ კონკურენტულ გარემოში, რომელსაც რეგიონში არსებული კონფლიქტებიც ემატება.
მიუხედავად მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში მოსალოდნელი რყევებისა, გვჯერა, რომ ბაზრების ჩანაცვლებით, დამატებითი აქტივობებითა და კერძო სექტორთან ერთობლივი ღონისძიებებით, შევძლებთ მაქსიმალურად შევამსუბუქოთ ნეგატიური გავლენა.
რა თქმა უნდა, ნეგატიურ გავლენას სრულად ვერ აღმოვფხვრით. თუ გადავხედავთ ჩვენი ვიზიტორების ტოპ ათეულსა თუ თხუთმეტეულს, იქ ყოველთვის ფიგურირებენ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. ბუნებრივია, მათი ერთი ხელის მოსმით, ერთ თვეში ჩანაცვლება შეუძლებელია. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბაზრების მნიშვნელოვანი და ეფექტიანი გადათამაშება ვერ მოხდება“, - აცხადებს მაია ომიაძე.
სხვა სიახლეები
თბილისში პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი გაიმართა
23.04.2026.10:51
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს, ასევე Slovakia Travel-ის ორგანიზებით პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი ჩატარდა.
ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ და საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა მატუშ ბუშოვსკიმ გახსნეს.
ფორუმში 20-ზე მეტი ქართული კომპანია და 10-მდე სლოვაკური ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობდა.
ფორუმის ფარგლებში ქართული და სლოვაკური ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.
ფორუმის მიზანია საქართველოში სლოვაკეთიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა.
თბილისის ფორუმამდე სლოვაკური კომპანიების წარმომადგენლები იმერეთს ესტუმრნენ, შეხვდნენ იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის თანამშრომლებს. შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
სლოვაკეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თბილისის ისტორიულ უბნებში ტური გამართა.
2026 წლის იანვრიდან საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ფრენებს ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისსა და ბრატისლავას შორის ასრულებს.