ისრაელის ტურისტული ბაზარი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ქეთევან რეხვიაშვილი
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელში, თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IMTM 2026 მონაწილეობს.
გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად, 30-ზე მეტი ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი. ქართული კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ისრაელის გამოფენა მათთვის უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა როგორც არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ასევე ახალი საერთაშორისო კონტაქტების დასამყარებლად.
სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ გაყიდვების გუნდის წარმომადგენლის, ქეთევან რეხვიაშვილის განცხადებით, ისრაელის ბაზარი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მზარდი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც წლების განმავლობაში სტაბილური მოთხოვნით გამოირჩევა. მისი თქმით, IMTM 2026-ის მსგავს გამოფენებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია გრძელვადიანი თანამშრომლობის კონტექსტში. რეხვიაშვილი ხაზს უსვამს, რომ ასეთ პლატფორმებზე მუდმივი ყოფნა საშუალებას აძლევს ქართულ ტურისტულ სექტორს, გააძლიეროს პარტნიორული ქსელი, უკეთ გაიცნოს ბაზრის მოთხოვნები და ეფექტიანად უპასუხოს საერთაშორისო ტურისტული ნაკადების მოლოდინებს.
„ისრაელის მარკეტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი აქტიური და მზარდი. ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, არ არის ერთჯერადი აქტიურობა ჩვენთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადი თანამშრომლობისთვის და სამომავლო ახალი პარტნიორების მოსაძიებლად. ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო ბევრი ტურისტი დაინტერესდება ჩვენით, რაც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს ქეთევან რეხვიაშვილი.
IMTM (International Mediterranean Tourism Market) ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენააა. საერთაშორისო გამოფენას წელს 20 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება და მასზე 50-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ორგანიზაციებია წარმოდგენილი. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდზე ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ საქართველოს კურორტებსა და ღირსშესანიშნაობებს გაეცნონ და ქართული პროდუქტები დააგემოვნონ.
საერთაშორისო გამოფენები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფართომასშტაბიანი საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიის ნაწილია და მაღალმხარჯველ და გამოცდილებაზე ორიენტირებულ ტურისტულ სეგმენტში საქართველოს, როგორც პრიორიტეტული მიმართულების პოზიციონირებას ისახავს მიზნად.
სხვა სიახლეები
2026 წლის III კვარტალში სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელი გაიზარდა როგორც თბილისში, ისე ბათუმში | Galt & Taggart
22.10.2026.21:59
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ტურიზმის 2026 წლის III კვარტლის შეჯამება" აქვეყნებს.
ვიზიტების დინამიკა:
2026 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 3.3%-ით გაიზარდა და 2.6 მლნ შეადგინა. ვიზიტების რაოდენობა მოიცავს როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ რეკორდულ 2.1 მლნ-ს მიაღწია, რაც წლიურად 4.7%-იანი ზრდაა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტები 2.8%-ით შემცირდა და 0.5 მლნ შეადგინა.
ზრდა ძირითადად ევროკავშირიდან (+16.6% წ/წ), რუსეთიდან (+4.7% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+36.2% წ/წ) ვიზიტების მატებამ განაპირობა. აზერბაიჯანიდან ვიზიტების ზრდა მაისში ბაქო-თბილისის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ დაჩქარდა, ისრაელიდან ვიზიტები წლიურად 19.1%-ით გაიზარდა, რაც ირანის კონფლიქტთან დაკავშირებული ტურისტული შეფერხებების შემსუბუქებას და დაგროვილი სამოგზაურო მოთხოვნის რეალიზებას უკავშირდება. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთიდანაც (+30.2% წ/წ), რასაც ხელი შეუწყო საჰაერო კავშირების გაუმჯობესებამ, მათ შორის ივლისში შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისების ამოქმედებამ.
ამავდროულად, ვიზიტები შემცირდა თურქეთიდან (-7.4% წ/წ), სომხეთიდან (-4.0% წ/წ) და ინდოეთიდან (-25.9% წ/წ). თურქეთიდან კლება ძირითადად ერთდღიანი ვიზიტების შემცირებამ გამოიწვია, ხოლო ინდოეთიდან ვიზიტების კლება კვლავ IndiGo-ს მიერ ფრენების შეწყვეტით იყო განპირობებული. სუსტი დინამიკა შენარჩუნდა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდანაც, მათ შორის საუდის არაბეთიდან ვიზიტები წლიურად 32.8%-ით შემცირდა.
2026 წლის 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 0.1%-ით გაიზარდა და 5.3 მლნ შეადგინა. საერთო მაჩვენებლის სტაბილურობის მიუხედავად, ტურისტული ვიზიტები 2.3%-ით გაიზარდა და 4.4 მლნ შეადგინა, ერთდღიანი ვიზიტები კი 9.0%-ით შემცირდა და 0.9 მლნ შეადგინა.
შემოსავლები ტურიზმიდან:
2026 წლის III კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 11.9%-ით გაიზარდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
ზრდა ძირითადად რუსეთიდან (+32.3% წ/წ), ევროკავშირიდან (+30.2% წ/წ) და ისრაელიდან (+24.8% წ/წ), ასევე უკრაინიდან (+52.5% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+18.6% წ/წ) მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა. ამასთან, ვიზიტების კლების შესაბამისად, შემცირდა შემოსავლები საუდის არაბეთიდან (-31.9% წ/წ) და თურქეთიდან (-11.5% წ/წ).
ჯამურად, 2026 წლის 9 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.4%-ით გაიზარდა და 3.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.