იტალიელი დოკუმენტალისტები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ფილმს იღებენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს იტალიელი დოკუმენტალისტების გადამღები ჯგუფი ესტუმრა.
მედიატური იტალიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.
მედიის წარმომადგენლები ტელეკომპანია Gambero Rosso TV-ისთვის საქართველოს შესახებ ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმს ამზადებენ.
Gambero Rosso TV იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიაა მოგზაურობისა და კულინარიის მიმართულებით. ფილმში საქართველოს ტურისტული ადგილები, კულტურა, გასტრონომია და ღვინო იქნება ნაჩვენები.
„იტალიერი დოკუმენტალიტები 1 საათიან ფილმს ამზადებენ საქართველოს შესახებ. ისინი საქართველოში მოგზაურობდნენ და იღებდნენ ქართულ ავთენტურ გარემოს, კულტურას, გასტრონომიასა და იუნესკოს ძეგლებს, საბოლოო ჯამში მოამზადებენ ფილმს, რომელიც იტალიური მედიით გაშუქდება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროექტი იტალიაში საქართველოს საელჩოსთან აქტიური თანამშრომლობით შედგა. ვფიქრობთ, რომ მსგავსი მედიაპროექტები ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას სხვადასხვა ქვეყნებში. აღნიშნული ტელეგადაცემა მაღალი სანდოობით სარგებლობს და ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი მოგზაური ამ გადაცემას, როგორც სახელმძღვანელოს, ისე მიიღებს და აუცილებლად აირჩევს საქართველოს, როგორც დანიშნულების ადგილს, სადაც უნდა იმოგზაუროს,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
გადაღებები თბილისში, სიღნაღში, წინანდალში, ალავერდში, ატენში, უფლისციხეში, ჭიათურაში, კაცხის სვეტთან, შაორის წყალსაცავზე, ამბროლაურში, ვარძიასა და სხვა ტურისულად საინტერესო ადგილებში მიმდინარეობდა.
სხვა სიახლეები
Le Figaro: „საქართველო - ემოციების ისტორია“
08.06.2026.13:47
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროპის ბაზარზე მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას აქტიურად აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები რეიტინგულ ფრანგულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა.
საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა Le Figaro სტატიაში, სათაურით „საქართველო - ემოციების ისტორია” (La Géorgie, une histoire d’emotions), ქვეყანას აღწერს, როგორც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე უნიკალური დანიშნულების ადგილს, რომელიც მოგზაურებს საოცარი ბუნებრივი მრავალფეროვნებით, კულტურული მემკვიდრეობითა და ღირსშესანიშნაობებით ხიბლავს.
სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეს და დაცულ ტერიტორიებს ეთმობა, აღნიშნულია ქვეყნის გამაჯანსაღებელი და ველნეს ტურიზმის პოტენციალი, მრავალრიცხოვანი მინერალური წყაროები და თერმული კურორტები.
Le Figaro-ს სტატია მკითხველს ვრცლად აცნობს საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას, უნიკალურ დამწერლობას, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ქართულ ძეგლებს - მცხეთას, გელათის მონასტერს, სვანურ კოშკებს. სტატიაში ხაზგასმულია საქართველოში მეღვინეობის 8000-წლიანი ისტორია და ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიცია. ასევე ადგილი ეთმობა მდიდარ ქართულ კულინარიას, სტუმართმოყვარეობის სიმბოლოს - ტრადიციულ სუფრას და თამადის ინსტიტუტს.
ცივილიზაციის საწყისებთან საქართველოს მჭიდრო კავშირს გავლენიანი ფრანგული გამოცემა ასე აფასებს: „ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პური და ღვინო, ადამიანის სოფლის მეურნეობის და, შესაბამისად, ჩვენი ცივილიზაციის საფუძველი ქართული წარმოშობისაა. კიდევ უფრო მეტი მიზეზია, პატივი მივაგოთ მათ, თუნდაც, სიმღერით, რატომაც არა? მომხიბვლელი პოლიფონიური ქართული სიმღერით ტკბობით, რომელიც ხშირად სუფრის დასასრულს ალამაზებს და სტუმრებს აღაფრთოვანებს. ყველა ეს ემოცია - საქართველოა...“
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, Le Figaro-სა და სხვა მაღალრეიტინგულ ევროპულ მედიასაშუალებებში საქართველოს პოზიციონირება მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ცნობადობას ევროკავშირის სტრატეგიულ ბაზრებზე და ხელს უწყობს მაღალმხარჯველობითი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.