ITB China 2026 -ზე საქართველოს მიმართ მაღალი ინტერესია - მაკა ცხომელიძე
„ITB China გამოფენაზე საქართველოსადმი ინტერესი საკმაოდ მაღალია. მიმდინარე გლობალური მოვლენების ფონზე, ვცდილობთ, ბაზრების დივერსიფიკაცია მოვახდინოთ და გარკვეული ბაზრები დავაბალანსოთ. წარმატებულ გამოფენასთან ერთად, პირდაპირი ფრენები, რომელიც 15 ივლისიდან დაიწყება, შანხაი-თბილისის მიმართულებით, კვირაში სამჯერ სიხშირით, ამ საკითხში აუცილებლად დაგვეხმარება“ - განაცხადა „აკორის“ (Accor) ბრენდის სასტუმროების „Swissotel Tbilisi“-ისა და „Mercure Tbilisi Old Town“-ის წარმომადგენელმა მაკა ცხომელიძემ.
შანხაიში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB China 2026 საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა. სამი დღის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა პრეზენტაციები და შეხვედრები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ. გამოფენაში 30-მდე ქართული კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია მონაწილეობდა.
წლევანდელ ITB China-ზე 85 ქვეყნიდან 900-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი, ხოლო ვიზიტორთა რაოდენობამ დაახლოებით 30 ათასი შეადგინა.
სხვა სიახლეები
ბევრი ევროპული ქვეყანა ზამთარშიც კი აქტიურად ცდილობს ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციას, შეგვიძლია ეს გამოცდილება გავიზიაროთ - ნატა კვაჭანტირაძე
29.05.2026.18:30
ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველო ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად იქცეს, თუმცა, ამ გზაზე რეალური, ქმედითი ნაბიჯები სწორედ ახალი პროდუქტების შექმნას უკავშირდება, - განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ნატა კვაჭანტირაძემ.
ნატა კვაჭანტირაძის განცხადებით, ტურიზმის სექტორში სეზონურობის დაბალანსებისთვის აუცილებელია ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა და შეთავაზებების მაქსიმალური გამრავალფეროვნება.
„ახლა ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ახალ შესაძლებლობებზე, რაც სამედიცინო და ველნეს ტურიზმის განვითარებას უკავშირდება. ასევე მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმი, სადაც ინიციატივები მხოლოდ შემოდგომის პერიოდსა და რთველზე არ უნდა იყოს კონცენტრირებული.
დღეს ბევრი ევროპული ქვეყანა, როგორიცაა პორტუგალია და ესპანეთი, ზამთარშიც კი აქტიურად ცდილობს ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციას და ამ გზით ქვეყანაში უამრავი სტუმარი ჩაჰყავს. ჩვენ შეგვიძლია ეს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება გავიზიაროთ, რათა ჩვენთანაც ბევრად უფრო საინტერესო გახდეს ზამთრის პერიოდი. ეს ასევე ეხება MICE მიმართულებასაც, სადაც აქცენტი ბიზნეს ტურიზმის განვითარებაზე უნდა გაკეთდეს.
დღეს ბევრი აღნიშნავს და ეს რეალურადაც ასეა, ჩვენს ასოციაციაში შემავალი MICE ტურიზმის კომპანიები საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგანან. მით უმეტეს ახლა, როდესაც გარე ფაქტორების ფონზე ვცდილობთ, საქართველო ბიზნეს-მომხმარებლებისთვის საინტერესო და მიმზიდველ მიმართულებად ვაქციოთ. ამ მიზნის მიღწევას, ბუნებრივია, ძალიან დიდი და კომპლექსური მუშაობა სჭირდება“, - განმარტავს ნატა კვაჭანტირაძე.
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა უსაფრთხო და თავისუფალი გადაადგილებაა, თუმცა სექტორისთვის მნიშვნელოვანია ახალი შესაძლებლობებისა და მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების დამატებაც.
„ძალიან კარგია, რომ ჩვენ გვაქვს უსაფრთხო ქვეყნის რეპუტაცია და სწორედ ასე ვპოზიციონირებთ. ქვეყნის შიგნით გადაადგილება არის უსაფრთხო, თავისუფალი და მაქსიმალურად გამარტივებული. თუმცა, ამასთანავე აუცილებელია ახალი შესაძლებლობების შექმნაც, რათა ბიზნესმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნოს თავისი შეთავაზებები. რაც შეეხება საერთაშორისო გამოფენებს, რომლებიც ჩვენს დღის წესრიგშია, ახლაც ჩინეთში მიმდინარეობს ITB China. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ქვეყნის ცნობადობის გაზრდისა და პოზიციონირებისთვის. თუმცა, აქ ორი მთავარი საკითხი იკვეთება: პირველი, რას ვთავაზობთ ჩვენ გარე მომხმარებელს და მეორე, ქვეყნის შიგნით რა განმასხვავებელი ნიშანი გვაქვს, რით არის უნიკალური საქართველო.
ჩვენი ქვეყანა უნიკალურია თავისი ბიომრავალფეროვნებით, ბუნებრივი და კულტურული რესურსებით, ფოლკლორითა თუ გასტრონომიით. სწორედ ამ მრავალფეროვანი შეთავაზებების ერთმანეთთან კომბინირება აუცილებლად მოგვცემს იმ შედეგს, რომელიც მხოლოდ ზაფხულის სეზონით არ შემოიფარგლება და მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს.
დღეს ზაფხულის სეზონზე სასტუმროების, გიდების, ტრანსპორტისა თუ ტურიზმთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა მიმართულების დატვირთულობა მართლაც ძალიან მაღალია. თუმცა, სწორედ ახალი პროდუქტების შექმნა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დაბალანსებული შეთავაზებებით წარდგენა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ თანაბრად დატვირთული იყოს როგორც გაზაფხული, ისე ადრეული შემოდგომა და გვიანი ზამთრის პერიოდიც“, - აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.