ITB China გამოფენის შემდეგ ჩინეთის ბაზრიდან საქართველოსადმი ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზრდება - პაატა კვიჟინაძე
26-28 მაისს საქართველო ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე - ITB China 2026-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება. საქართველოს ეროვნულ სტენდს 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა, სადაც გაიმართება ბიზნესშეხვედრები, პრეზენტაციები, ქართული კულტურის, გასტრონომიისა და ღვინის წარდგენა.
„ჯორჯიან თრეველ გრუპის“ დირექტორის, პაატა კვიჟინაძის შეფასებით, ჩინეთის ბაზარზე პოზიციების გაძლიერება ქვეყნის ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
„ჩინეთის ბაზარი საკმაოდ მნიშვნელოვანი ბაზარია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და ამ ბაზრის რაღაც წილის აღება, მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისე მთლიანად საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის. ღონისძიებაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა ქვეყნისთვის ერთდროულად დიდი შესაძლებლობაცაა და პასუხისმგებლობაც. დარწმუნებული ვარ, ამ გამოფენის შემდეგ ჩინეთის ბაზრიდან ინტერესი საგრძნობლად გაიზრდება. ტურიზმის ადმინისტრაციამ ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია, რათა საქართველო აქტიურად იქნას წარდგენილი გამოფენაზე, ასევე, შანხაიში, მთელ ქალაქში განთავსდება საქართველოს სურათები და სარეკლამო კამპანიებიდანაც უფრო მეტი ჩინელი გაიგებს საქართველოს შესახებ”. - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.
სხვა სიახლეები
Norwegian-ის შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ქვეყნის ევროპასთან საჰაერო დაკავშირებადობისა და ავიაციის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია - ლევან მოსეშვილი
28.06.2026.23:54
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ნორვეგიის ყველაზე დიდმა და სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian-მა დაიწყო. ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეგულარული რეისი შეასრულა, რითაც თბილისსა და კოპენჰაგენს შორის ისტორიაში პირველი პირდაპირი რეგულარული ფრენა განხორციელდა.
კოპენჰაგენი–თბილისი–კოპენჰაგენის მიმართულებით ავიაკომპანია ფრენებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით მიღება გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე დაესწრნენ.
ლევან მოსეშვილის განცხადებით, ახალი მიმართულება საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარებისა და ევროპასთან საჰაერო დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ,,დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქები ისტორიაში პირველად დაუკავშირდნენ ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო გზით, რაც ქვეყნის საავიაციო ბაზრის განვითარებისა და ევროპასთან საჰაერო დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახალი მიმართულება გააძლიერებს ბიზნეს და ტურისტულ მიმოსვლას, ხოლო დანიიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორების მოზიდვას შეუწყობს ხელს, რაც ავიაციის, ტურიზმის სექტორისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე დადებითად აისახება“. – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
საინაუგურაციო რეისი Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდა, რომლის ფარგლებშიც კოპენჰაგენიდან თბილისში 180 მგზავრი ჩამოფრინდა. ეს მაჩვენებელი პირველი რეისისთვის ძალიან მაღალია და ნათლად აჩვენებს მიმართულების მიმართ დიდ ინტერესს.